დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დამძიმებული“ საგადასახადო კოდექსი
2010/06/28 12:40:32

ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებულთა სიიდან ჟურნალ-გაზეთების აღმნიშვნელი კოდი ამოღებულია. აღარაა ის მუხლიც, რომელიც ბეჭდურ მედიას, სარეკლამო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დღგ-სგან ათავისუფლებდა. ჟურნალ-გაზეთების მფლობელები აცხადებენ, რომ  პრესა ამგვარ საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს და დაიხურება. თუმცა, მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ ეს შეცდომა იყო, თანაც - უმნიშვნელო და ტექნიკური.  

 

ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიზანი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა. ამ შემთხვევაში, ეს მართლა ტექნიკური შეცდომა თუ არაა,  დღგ-ს გადასახადით დაბეგვრა გამოიწვევს იმას, რომ გაძვირდება გაზეთი, რაც შეამცირებს ტირაჟს. ასევე გაიზრდება რეკლამის ფასი, რაც რეკლამის შემცირებას გამოიწვევს, რომელიც ისედაც მწირია. თან ქაღალდი ბოლო პერიოდში 25%-ით გაძვირდა.

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით, პრესა დღგ-სგან გათავისუფლებული რჩება. მინისტრის თქმით, ტრადიციული შეღავათები შენარჩუნებულია გარკვეულ სფეროებში, როგორებიც არის, მაგალითად, პრესა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

რაც შეეხება დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის გრაფაში პრესის აღმნიშვნელი კოდის არარსებობას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე ამას ტექნიკურ უზუსტობას უწოდებს.

„ჟურნალ-გაზეთებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ შეიძლება არსებობს ტექნიკური უზუსტობა, კოპი-პეისტის პრობლემა, რომელიც გამოსწორდება. გამოქვეყნებულია კოდექსის პროექტის სამუშაო ვერსია. თუ რაიმე უზუსტობა იყო, საბოლოო ვერსიაში აუცილებლად გამოსწორდება. არანაირი მიზანი, რომ ჟურნალ-გაზეთების მიწოდება დაიბეგროს, არ ყოფილა,“ - აღნიშნა მან.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის სამუშაო ვერსიაა, თუმცა ვიდრე მისი საზოგადოებრივი განხილვა მოხდებოდა, მთავრობამ ის პარლამენტში განსახილველად უკვე წარადგინა.

ახალ კოდექსთან დაკავშირებით ეს ერთადერთი შენიშვნა არ არის. პროექტში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა გაფართოებულ ბაზაში კერძო უმაღლესი სასწავლებლებიც მოხვდნენ. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, კერძო უმაღლეს სასწავლებლებს სოლიდური შემოსავალი აქვთ და ამიტომ დღგ-ით უნდა დაიბეგრონ.

უმაღლესი სასწავლებლების დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრა სწავლის ღირებულებას გაზრდის. მთავრობა წავიდა ამ ნაბიჯზე შემოსავლების გაზრდის მიზნით. სწავლაზე ხელმისაწვდომობა, გარკვეულწილად, ცხადია, შემცირდება. კოდექსის პროექტის თანახმად, დამატებითი ღირებულების გადასახადებით დაიბეგრებიან სამუსიკო და სპორტული სკოლებიც.

კოდექსის პროექტში არის ასეთი ჩანაწერიც - სხვა ჯარიმები. ექსპერტის თქმით, ამით სამინისტრო ამბობს, რომ მას ეზარება ყველაფრის ჩამოთვლა, მაგრამ საგადასახადო ორგანო რაზეც მოგედავება, იმაზე დაჯარიმდები. გადასახადის გადამხდელი ყველაფერზე პასუხისმგებელია, იგი დაჯარიმდება, მასზე განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, დაეკისრება საურავები და ა.შ.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მის ობიექტში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს და სალაროდან ნაღდი ფულიც კი ამოიღოს. „ეს პუნქტი აღიარებულ დავალიანებას ეხება და ყველა ქვეყანაშია აპრობირებული“ - აცხადებენ სამინისტროში.

ამავე პროექტით, თვითმმართველობების როლი კიდევ უფრო კნინდება.  გადასახადის განაკვეთებს ადგენს მთავრობა. არადა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით. ეს ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიასაც, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული. კერძოდ, ამ ქარტიის მიხედვით, ადგილობრივ გადასახადებს კოდექსში არსებული ზღვარის მიხედვით, თვითმმართველობები ადგენენ.

ახალი საგადასახადო კოდექსით შეიქმნება ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, რომელსაც კანონის განმარტების უფლება აქვს.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ჯარიმების გარკვეული ნაწილი მცირდება, მაგრამ ზოგიერთი სახის ჯარიმა უფრო მეტად იზრდება. მაგალითად, ზედნადების უქონლობის, ან მასში შეცდომისთვის, პირი დაჯარიმდება ამ საქონლის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, მოქმედ კოდექსში ამ ჯარიმაზე 100%-ია განსაზღვრული.

პროექტში შესულია მიკრობიზნესის ცნებაც. პროექტის მიხედვით, ის ადამიანები, რომლის წლიური ბრუნვაც 30 000 ლარს არ აღემატება, არ დაიბეგრებიან. ექსპერტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა აღრიცხოს საგადასახადო ორგანომ, რომ მიკრომეწარმე წლიურ 30-ათასიან ბრუნვას გადასცდა, ვინაიდან მათ არც სალარო აპარატების ქონის ვალდებულება აქვთ და არც სხვა რაიმე დოკუმენტების წარმოებისა.

ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია