დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურას 52%-იანი უნდობლობის გადალახვა სურს
2009/11/16 14:21:00

მედია და პროკურორები ამ დღეებში სიღნაღში, არაფორმალურ შეხვედრაზე, პროკურატურის ახალ სტრატეგიაზე მსჯელობდნენ, როგორ აპირებს საზოგადოების გაუცხოებისა და უნდობლობის გადალახვას პროკურატურა, ამაზე მედიას საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ესაუბრა.

 

- რა რეფორმების გატარებას აპირებს პროკურატურა მეტი ნდობის მოსაპოვებლად?

- ჩვენ არ ვმალავთ იმ ფაქტს, რომ პროკურატურას აქვს საზოგადოების ნაკლები ნდობა, ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანეთ „აირაის“ გამოკითხვის შედეგებიც. აქედან ირკვევა, რომ  საზოგადოების 52% პროკურატურას არ ენდობა, ხოლო 44% ენდობა. რაც შეეხება კორუფციას ამ სტრუქტურაში, მოსახლეობის 7,3% თვლის, რომ პროკურატურაში კორუფცია ნამდვილად არ არის, 18%- თითქმის არ არის, 45% - ალბათ, უფრო არის, 15,9% -ნამდვილად არის. მოსახლეობის 92%-ს სმენია, რომ პროკურატურაში რეფორმები მიმდინარეობს, ხოლო 7%-ს ამის შესახებ არაფერი სმენია.

პროკურატურაში გვაქვს ახალი საკადრო მიდგომები. საქართველოში მომუშავე 470 პროკურორიდან 39% სტაჟიორ-პროკურორია. ჩვენ საგრძნობლად გავზარდეთ ხელფასები, თუ ადრე  მათი ხელფასი 250 ლარი იყო, ახლა საშუალო ხელფასი 1500 ლარამდეა.

ასევე ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში. პროკურორები ხვდებიან სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ცდილობენ პრობაციონერების დასაქმებას.

- ამ ღონისძიებების მიუხედავად, პროკურატურის მიმართ უკმაყოფილება კვლავ საკმაოდ დიდია. პრეტენზიები ძირითადად ისმის იმის გარშემო, რომ წვრილმან ქურდობებზე სახელმწიფო მაღალ სასჯელს აწესებს, მაგალითად, ჯართის ქურდობაზე...

- როდესაც საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა მოიპარა ხუთი ლარი და მას სამი წელი მიუსაჯეს, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩანთას რომ გაიტაცებენ, ხშირად ამის შემდეგ აღმოჩნდება მასში ხუთი ლარი. მაღალი სასჯელი სხვადასხვა მიზეზის გამოა გამოწვეული. მაგალითად, თუ პიროვნებამ გატეხა მაღაზია და ამის მერე მოიპარა ერთი ყუთი ლუდი, თან იყო პირობით მსჯავრში, ბუნებრივია, იმსახურებს მაღალ სასჯელს.

თუ უტრირებას მოვახდენთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რაღაცის გაზვიადება. მე არ ვამბობ, რომ ხარვეზები არ არსებობს სისტემაში, თუმცა გირჩევთ, რომ მხოლოდ მსჯავრდებულის ოჯახის წევრების მონათხრობს არ დაეყრდნოთ. პროკურატურას ყოველთვის ეყოლება უკმაყოფილო ადამიანები, ვისაც სასჯელის ზომა არ მოსწონს, ეს ხომ საჯარო რეესტრი არაა, სადაც მიხვალ და დოკუმენტს აიღებ, თუ კარგად მოემსახურებიან მოქალაქეებს, მათ ყველა კმაყოფილი ეყოლებათ.

- როდიდან იგეგმება ელექტრონული საქმის წარმოებაზე გადასვლა?

- 2010 წლიდან საქართველოს პროკურატურა საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადავა, ხოლო საქმეების გაცნობა დაშვებული ფორმებით ყველა დაინტერესებულ პირსა თუ მხარეს შეეძლება.

ეს სიახლე აქამდე არსებულ პრაქტიკას მთლიანად ცვლის და ევროპულ გამოცდილებას უახლოვდება. თუკი საქმეში უამრავი წერილობითი დოკუმენტი, მტკიცებულება და სხვა აუცილებელი მასალა გროვდებოდა, ამიერიდან თითოეული მათგანის გაცნობა, შესაბამისი პროცედურებითა და წესით, პირდაპირ ინტერნეტიდან გახდება შესაძლებელი.

პროკურატურა 2010 წლიდან სხვა ცვლილებებსაც გეგმავს. კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩამოყალიბდება სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ დაზარალებულ მხარეს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ. საქართველოს კიდევ 8 რეგიონში ფუნქციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ადვოკატი, მომზადდება მედიასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო, რომელიც ინფორმაციის გაცემის ნებართვის და აკრძალვის წესს დაარეგულირებს და სხვა.

ასევე პროკურატურაში დაინიშნება სპიკერ-პროკურორებიც.

- ახალი საპროცესო კოდექსის მთავარი სიახლე რა არის?

- ახალი საპროცესო კოდექსი მალე ამოქმედდება. ასევე მალე ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი თბილისში დამკვიდრდება და პირველ ეტაპზე ის მხოლოდ 109 განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას შეეხება. ასეთ დროს პროკურორებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მობილიზება მართებთ, როცა არაპროფესიონალ მოსამართლეებთან ექნებათ საქმე, მათ მარტო იურიდიული მტკიცებულების შეგროვება კი არ მოუწევთ, ისინი უფრო მჭევრმეტყველები უნდა გახდნენ, უფრო მეტად ფსიქოლოგებიც და სხვანაირად უნდა დაასაბუთონ მსჯავრი. ხალხმა უნდა დაინახოს - პროკურორი არის სახელმწიფოს ადვოკატი და მისი ინტერესების გამომხატველი.

- გახშირებული საპროცესო გარიგებების შედეგად მობილიზებული თანხა შედის თუ არა პროკურატურის ბიუჯეტში?

- ეს თანხა შედის ცენტრალურ ბიუჯეტში და მისი მოცულობა დამოკიდებულია იმ ზარალის რაოდენობაზე, რაც ბრალდებულმა სახელმწიფოს მიაყენა. გირაოს მოცულობამ 52% შეადგინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია