დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტის აკადემიის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება
2009/11/02 12:45:44

მეორე წელია, სპორტის აკადემიის მდგომარეობა გაურკვეველია. აკადემიის საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილების გამოტანას აჭიანურებს. სპორტის აკადემიის ლექტორ-მასწავლებლები დღემდე აპროტესტებენ აკადემიის გაუქმებას, პერმანენტულად აწყობენ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას. გასულ კვირაში მათ კიდევ ერთი პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებისაგან კონსტრუქციული დიალოგი მოითხოვეს. ჩვენ დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ამჟამად სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი დოლაბერიძეს.

 

- ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რა გახდა სპორტის აკადემიის გაუქმების მიზეზი?

- ჩვენი ღრმა რწმენით, ეს იყო  ყოფილ მაღალჩინოსანთა კორიფციული გარიგების შედეგი. სპორტის აკადემიის შენობა ტერიტორიულად  ძალიან მიმზიდველი ადგილია, შუაგულ ვაკეში. ეს შენობა აშენდა ზუსტად იმისათვის, რომ აქ ირგვლივ არის განლაგებული: სპორტის დეპარტამენტი, კუს ტბა, ლოკომოტივის სტადიონი, ასევე სპორტული ფედერაციები, ანუ აქ კომპლექსურად მიმდინარეობდა ერთი დარგის მიხედვით საქმიანობა. მაგრამ კახა ბენდუქიძის, გიგი უგულავას, ზურაბ ნოღაიდელის, გოკა გაბაშვილის და კახა ლომაიას ინიციატივით, 2007 წლის 11 ივლისს ეს უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა და შეუერთდა ილია ჭავჭავაძის სახელს ამოფარებულ, ვითომ უნივერსიტეტს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის ოფისი, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კადრებით და მათ შორის - ფინანსებითაც. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გადანაწილდნენ აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო უნივერსიტეტში.

- სპორტის აკადემიის დახურვა სტუდენტების სიმცირით ხომ არ იყო გამოწვეული?

- რა თქმა უნდა, არა, აკადემიაში სწავლობდა 3000- მდე სტუდენტი და ჰყავდა 337 თანამშრომელი.

- ბატონო ირაკლი, სტუდენტები, რომლებიც გადაიყვანეს სხვადასხვა უნივერსიტეტში, იმ დიპლომს მიიღებენ, სადაც ამჟამად სწავლობენ, თუ - აკადემიისას?

- სტუდენტები მიიღებენ იმ უნივერსიტეტის დიპლომს, სადაც ამჟამად სწავლობენ, ეს კი მათ არ აწყობთ. ამ სტუდენტებს რომ ნდომებოდათ, თავის დროზე ჩააბარებდნენ იმ უნივერსიტეტებში და მიიღებდნენ განათლებას. სპორტის აკადემია 70 წელზე მეტია, რაც არსებობს . ამ აკადემიის კურსდამთავრებულები 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ. მისი გაუქმების პერიოდში, ჩვენთან 120 უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობდა, ძირითადად, - თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ იმ მიზნისათვის, რომ მიეღოთ დამოუკიდებელი უმაღლესი სასპორტო სასწავლებლის დიპლომი. ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე შეეძლო საზღვარგარეთ ემოღვაწა.

- სასამართლომ რა გადაწყვეტილება გამოუტანა აკადემიას პირველ ინსტანციაში და რის საფუძველზე?

- სარჩელი არ დაგვიკმაყოფილეს. ოთხი სასამართლო პროცესი ჩატარდა, პროცესი ინიშნებოდა ექვსის ნახევარზე და ნახევარ საათში სამუშაო დღე მთავრდებოდა. ბოლო მოსამართლემ - გვრიტიშვილმა გაახმოვანა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთა და უარი გვითხრეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ჩვენ კვლავ გავასაჩივრეთ და ახლა უკვე ამ საკითხს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა განიხილავს.

- დღეისათვის შენობას რაიმე ფუნქცია აქვს?

- არანაირი ფუნქცია არ აქვს. ვერ გაყიდეს, რადგან იმდენად ხმამაღალი იყო ჩვენი საპროტესტო მუხტი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ინვესტორმა, რომელსაც სურდა ამ შენობის შეძენა, უკვე დღეისათვის, მეეჭვება, თანხა ჩადოს ამ საქმეში. მინდა, გავაფრთხილო შესაძლო ინვესტორი, რომ ის იქნება არაკეთილსინდისიერი მყიდველი და შეექმნება პრობლემები. ამას მოჰყვება კიდევ ერთი საკმაოდ დიდი პროტესტი

- ბატონო ირაკლი, ხელისუფლება  აკადემიის გაუქმების მიზეზად რას ასახელებს?

- ხელისუფლების პოზიცია, სამწუხაროდ, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია: სპორტის დეპარტამენტსა და კულტურის სამინისტროში ყველა იძახის, რომ არ უნდა მომხდარიყო ამ უმაღლესი სასწავლებლის გაუქმება, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებიან მაღლით მდგომებს.

- როგორც ვიცი, ადვოკატთან დაკავშირებითაც შეგექმნათ პრობლემები. თუ შეგიძლიათ, ზუსტად აგვიხსნათ, რა მოხდა?

- ჩვენს დაცვას სასამართლოში ახორციელებდა სპორტის აკადემიისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისტი იმედა ხუციშვილი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან მიერთების შემდეგ იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან ჩვენი იურისტი არაფერში სჭირდებოდათ. ამავე საქმის გამო, ის გაათავისუფლეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისტის თანამდებობიდან, მასზე განხორციელდა საკმაოდ მძიმე ზეწოლა, რის შედეგადაც მან უარი თქვა საქმის წარმოების გაგრძელებაზე. ჩვენი ადვოკატი ამჟამად არის ლევან ჩხაიძე.

- სპორტის აკადემიის გადასარჩენად რა გეგმები გაქვთ დასახული?

- სპორტის აკადემიის გაუქმების დღიდან მოყოლებული, ჩვენ შექმნილი გვაქვს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია, სასამართლოში აწარმოოს საქმე. ამის გარდა, მზად ვართ ნებისმისმიერი დიალოგისთვის, ნებისმიერ აკადემიურ ვითარებაში გამოვიდეთ საკითხის მოგვარების ინიციატივით. ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, შეისწავლონ სპორტის აკადემიის გაუქმების გამომწვევი მიზეზები. დაიდოს პროფესიონალების მხრიდან დასკვნა სამომავლო პერსპექტივის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ და ამის შემდეგ მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, უნდა არსებობდეს თუ არა ეს უმაღლესი სასწავლებელი.

ჩვენ გვინდა კონსტრუქციული დიალოგი იმ ადამიანებთან, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის მოგვარება და თუ მათ არ აინტერესებთ ამდენი თანამშრომლის და ამ დარგის სტუდენტების პრობლემა, მაშინ კვლავ იძულებული ვიქნებით, ვიდგეთ ქუჩაში.

ვაპირებთ ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მივმართოთ. საქართველოს პარლამენტში შექმნილია სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს, სხვათა შორის, ამ აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ასანიძე და იგი, წესით, პირადად უნდა იყოს დაინტერესებული ამ უმაღლესი სასწავლებლის აღდგენით. მივმართავთ სპორტის დეპარტამენტს, კულტურის სამინისტროს, რომ დაიწყოს საკითხის შესწავლა. პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტში შექმნილია სპორტის განვითარების სამეცნიერო საკონსტიტუციო საბჭო, რომლის წევრი მეც გახლავართ. ამდენად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეს კომიტეტი თუ არ განიხილავს ამ საკითხს უახლოეს სხდომაზე, ჩვენ დავტოვებთ ამ ორგანოს, როგორც ქმედითუუნაროს. 

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ნამგალაურს, მაგრამ ბატონი დავითი საქართველოში არ იმყოფებოდა. უახლოეს დღეებში ჩვენ კვლავ შევეცდებით მასთან დაკავშირებას.  

 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია