ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებმა მარინა უგულავა-ცინდელიანის ოჯახმა საზამთროდ პრეზიდენტის საჩუქარი მიიღო. შეშის ღუმელი მათ პირადად მიხეილ სააკაშვილმა მიუტანა სახლში და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ოჯახის შეშით მომარაგებაც დაავალა. მარინა უგულავა ყოფილი ბაღის შენობაში ცხორობს. ადგილზე პრეზიდენტმა გაარკვია, რომ აქ შესახლებულ რამდენიმე ოჯახს, უკვე ორი წელია, ელექტროენერგია თვალითაც არ უნახავს, შენობა არც გაზიფიცირებულია, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის... ნანახით გაღიზიანებულმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის მერს კიდევ ერთხელ მისცა შენიშვნა და პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარება მოსთხოვა...