საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საიდან ხვდება საქართველოში მეორადი ტანსაცმელი?
2015/02/13 19:04:58

ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში 140 მილიონი ფუნტის ღირებულების ტანსაცმელი ”იყრება”



თითქმის ორი ათეული წლის წინ საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული ევროპული, მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა. ევროპული ბრენდების, ჭრელი და ხარისხიანი, მაგრამ მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით გავრცელდა. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ტანსაცმლის ქართული ბაზარი ევროპული ბრენდების მაღაზიებით არ იყო განებივრებული.



მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, სხვადასხვა მიმზიდველი სახელწოდებით - ”ბრიტანული ბრენდები”, ”ევროპული ზმანები”, ”ძონძო არმანი”, ”ბელგიური ტანსაცმელი” - მალე სოკოებივით მოედო დედაქალაქისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებს. ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსგავსი სახის ”ჰუმანიტარული დახმარება” ჩამოდის, დიდი ბრიტანეთია.


როგორც აღმოჩნდა, ყოველწლიურად ბრიტანელი მოხმარებელი მილიონობით ტონა ტანსაცმელს აბარებს საქველმოქმედო მიზნებით. თუმცა, ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ბრიტანელების ნაქონი ტანსაცმელი ქველმოქმედებას კი არ ხმარდება, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება. ლონდონის კინგზ კოლეჯის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ბრუქსი თავის წიგნში ”ღარიბთა ტანსაცმელი” წერს, რომ ბევრი ბრიტანელი, რომელიც ტანსაცმელს ქველმოქმედების მიზნით აბარებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათი ქველმოქმედება საზღვრებს მიღმა სარფიან ბიზნესად იქცეოდა.



”ბევრი ადამიანი ძველ, ნაქონ ტანისამოსს საქველმოქმედო მაღაზიებში აბარებს, რომელიც ყველა ცენტრალურ სავაჭრო ქუჩაზეა განთავსებული. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ტანსაცმელს ქველმოქმედებისთვის იღებს და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათი ტანსაცმლის ერთი ნაწილი მართლაც მოხვდეს ასეთი მაღაზიების დახლებზე, უმრავლესობის ექსპორტი მაინც საზღვარგარეთის ქვეყნებში ხდება”, - წერს ენდრიუ ბრუქსი.



ბრიტანული სააგენტო Waste & Resources Action Programme (WRAP)-ის მონაცემებით, ბრიტანეთიდან მეორადი ტანსაცმლის 70% სხვა ქვეყნებში გადის. გაერო-ს ცნობებით კი, აშშ-ის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო მეორადი საქონლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. მსხვილ ექსპორტიორთა შორის ასევე სახელდება გერმანია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, იაპონია, პოლონეთი და იტალია.



WRAP-ის ინფორმაციით, 2013 წელს დიდი ბრიტანეთიდან მეორადი ტანსაცმლის დიდი ნაწილი პოლონეთში, უკრაინაში, განასა და პაკისტანში გავიდა, აშშ-დან კი კანადაში, ჩილეში, გვატემალასა და ინდოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან მეორადი ტანსაცმელი გადის, საქართველო არ არის, დაგვეთანხმებით, რომ არც საქართველოსთვის არის ბრიტანული, ბელგიური თუ კანადური მეორადი ტანსაცმელი უცხო. ენდრიუ ბრუქსის მტკიცებით, საქველმოქმედო მაღაზიებში მოხვედრილი მეორადი ტანსაცმლის მხოლოდ 10-დან 30%-მდე იყიდება ამ მაღაზიებში, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. მისივე თქმით, მეორადი ტანსაცმლის გადამუშავებითა და ექსპორტზე გატანით ერთ-ერთი ბრიტანული ოჯახური ფირმა LMB Textile Recycling არის დაკავებული, რომელიც გადამუშავებული ტანსაცმლის ექსპორტს აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში ახდენს, სადაც ასეთი ტანსაცმელი საკმაოდ ძვირად ფასობს.


ამასთან ერთად, ენდრიუ ბრუქსი აღნიშნავს, რომ მეორადი ტანსაცმლის საბოლოო პუნქტი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქვეყანაში რას ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, პაკისტანში უფრო მეტად მოთხოვნადია თეთრი პერანგი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს იურისტებში, თბილი პალტოები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგზავნება, საზაფხულო ტანსაცმელი კი მეტწილად აფრიკაში. ბრიტანელი პროფესორი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან მეორადი ტანსაცმლის უწყვეტი ნაკადი ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან იაფფასიანი ახალი ტანსაცმლის ხელმისაწვდომობა ბევრ განვითარებად ქვეყანაში უარყოფითად აისახა ტექსტილის წარმოებაზე. ეს განსაკუთრებით აფრიკულ ქვეყნებს შეეხო, სადაც 1980-90-იანი წლებიდან მოყოლებული მეორად ტანსაცმელს ბაზრის დიდი წილი უკავია. მაგალითად, უგანდაში ტანსაცმლის ბაზრის 81% სექონდ-ჰენდზე მოდის.


WRAP-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, ბრიტანეთში ყოველწლიურად ტანსაცმელზე 44 მილიარდი ფუნტი იხარჯება, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახი ტანსაცმელზე 4 ათას ფუნტს ხარჯავს. ტანსაცმლის 30%-ს ბრიტანელები ერთი წლის განმავლობაში მოიხმარებენ, შემდეგ კი აბარებენ. ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში 140 მილიონი ფუნტის ღირებულების ტანსაცმელი ”იყრება”.

 

 

 

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია