საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი კაცის კატასტროფული დახასიათება „ბოლოს ვინ გამოდგა დებილი, დავინახეთ“
2014/11/02 13:21:30

კოკო გამსახურდია საკუთარ ფეისგვერზე, ბოლო პერიოდის ისტორიის გათვალისწინებით, თანამედროვე ქართველი კაცის საინტერესო შეფასება-დახასიათებას აკეთებს:


„უკანასკნელი 65-70 წლის მანძილზე ჩვენ, ქართველი მამაკაცები გადაგვაჩვიეს მიზანმიმართულ შრომას. 15 რესპუბლიკაში ჩვენი მამაკაცები ყველაზე წარმატებულნი იყვნენ არა პატიოსანი შრომით, არამედ “კომუნისტურად” ფულის კეთებით ისეთ პირობებში, როდესაც ყველა იპარავს. ეს არ არის ის ფულის კეთება საბაზრო თამაშის წესებით, რომელიც პრაქტიკულ და უნარიან ადამიანს აყალიბებს და რაც ასე გვჭირდება დღეს.

 

ცხადია, ეს ყველას არ ეხება – თუმც მათი პროცენტი შედარებით მცირეა. ჩვენგან საბჭოთა პერიოდში შექმნეს მოქეიფე და უპრაქტიკო ხალხი. ან რისი მებრძოლი სული, მაშინ როდესაც ჩეჩნები დამპყრობლის ჯარს საბრძოლო გამოცდილების მისაღებად იყენებდნენ, ქართველები მასობრივად ყველაფერს აკეთებდნენ “სამშენებლო ბატალიონში” მოსახვედრად, რომ ფეხი ფეხზე გადაედოთ. იქაც კი “კაპტიორკაში” ან სასადილოში ეძებდნენ ხოლმე თბილ ადგილებს.


საბჭოთა რუსებიც არ იკლავდნენ თავს ჩვენში პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდისთვის. ამას ერთვოდა ქუჩური მენტალიტეტიც – რაც მუქთახორობის გამართლების ერთგვარი ფორმაა.


არ დაგვავიწყდეს ასევე მშობლების დაჟინებული სურვილი ყოლოდა დიპლომიანი შვილი. არცერთი ქართველი მშობელი, მაღალი ფენის ოჯახებიდან, შვილს პროფტექნიკუმში არ უშვებდა. ითვლებოდა, რომ იქ “სომხები, ქურთები და დებილები” სწავლობენ. ბოლოს ვინ გამოდგა დებილი, დავინახეთ. არც ერთ ქვეყანას პროცენტულად არ ყოლია ამდენი მწერალი, ხელოვანი, ფილოლოგი, იურისტი, ექიმი და ა.შ. როგორც ჩვენ.

 

როდესაც დაიშალა სსრკ და საქართველო უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა, გამოირკვა, რომ ხელში პრაქტიკული საქმის ცოდნა არ გვიჭირავს. ამან გამოიწვია ქართველი კაცის კატასტროფა, რაც სრულდებოდა თვითმკვლელელობებით, განარკომანებით, გაკრიმინალებით, საზღვარგარეთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ამაო წანწალით, ასევე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ცოლის კმაყოფაზე არხეინი ცხოვრებით – რასაც სულ რამოდენიმე ხნის წინ თავადვე დასცინოდა.

 


ამრიგად, მამაკაცმა ვერ მოახდინა თვითრეალიზება – მან დაკარგა თავისი ფუნქცია და აღივსო ეგოიზმით, გახდა ბოროტი, შურიანი, ჭორიკანა, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე ხელის მომწერი. რა გასაკვირია, რომ ასეთმა კაცმა ცოლიც მოკლას: ანუ ის, ვინც უფრო წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქართველმა ქალმა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მამაკაცის ტვირთი აიღო თავზე. ხოლო სახელმწიფო, რომელიც არავის აუშენებია 90-იანებში, ცხადია, ვერ დაეხმარებოდა მისი ნანგრევის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს. მას თავის თავში არც გააჩნდა ძალა და უნარი, ეს ნანგრევები მოეშორებინა და ფეხზე წამომდგარიყო.

 


გამოსავალი ახალი სოციალური რეალობის შექმნაშია. ამიტომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა შექმნას ხელსაყრელი პირობები საშუალო და მცირე საწარმოების ასამოქმედებლად, გახსნას მოქალაქეთა პროფესიული გადამზადების კურსები, სასწრაფოდ უნდა შემოიტანოს სოფლის მეურნეობის რაიმე ახალი და ეფექტური მოდელი – თუნდაც ისრაელის კიბუცების მსგავსი, რომელიც ქალაქს მოწყვეტდა ადამიანებს, ხშირად დაკავებულთ სარემონტო სამუშაოებით, ყიდვა-გაყიდვით ან ტაქსისტობით“.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია