საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
P.S. - ბლოგი
პავლე კუბლაშვილი: "კი, მე გავრბოდი 2008 წლის აგვისტოში..."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/10 00:49:22


ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, "ოცნებისტების" დაწყებულ იმ კამპანიას ეხმაურება, რომლის შედეგადაც იმის გარკვევას ცდილობენ, ვინ გარბოდა საქართველოდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ამ საკითხთან დაკავშირებიტ, პავლე კუბლაშვილმა "აღიარა", რომ ის მართლაც გარბოდა... თუმცა, სად გარბოდა, ამის შესახებ თავად პავლე კუბლაშვილის წერილიდან უფრო დაწვრილებით გაიგებთ, რომელიც პატარა ისტორიულ მოთხრობას უფრო ჰგავს...


"2008 წლის 5 აგვისტოს ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავედი ქობულეთში. ჩვენი დასვენება მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა. 7 აგვისტოს, საღამოს ყველაფერი გასაგები გახდა. დაიწყო რუსების შეტევა ქართულ სოფლებზე და ეს აღარ გაჩერდებოდა. მე თბილისისკენ წამოვედი; მეუღლე და ბავშვები ტყიბულისკენ.


თბილისში 8 აგვისტოს 02 საათზე ჩამოვედი და დილით უკვე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ვიყავი. 5000 რეზერვისტი იყო შეკრებილი. მაშინაც იქ ვიყავი, მათთან ერთად, როდესაც ბაზიდან ოდნავ მოშორებით რუსულმა თვითმფრინავმა პირველი ბომბი ჩამოაგდო.


მომდევნო დღეებშიც თბილისში ვიყავი და ვცდილობდი ყოველთვის იქ ვყოფილიყავი, სადაც რიგითი თბილისელები იდგნენ.

მაშინაც თბილისში ვიყავი რუსთაველზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად ევროპის ხუთი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა.


სხვა დეტალებს არ მოვყვები.
აი მერე კი . . .
მერე იყო ისტორია, რომელიც უნდა მოვყვე.


იყო ასეთი ისტორიაც:

მე გავრბოდი . . .

და გავრბოდი გორისკენ. იმ გორისკენ, სადაც ჩასასვლელად რუსების 4 ბლოკპოსტი უნდა გაგევლო. გორისკენ, რომელიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული და სადაც გენერალ ბორისოვის მმართველობა იყო.


10 აგვისტოს თბილისიდან ტყიბულისკენ მიმავალი ,,მარშუტკა“ შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს გორის მისადგომებთან. მგზავრები ჩამოსვეს და მანქანა წაიყვანეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა წინ მჯდომ გოგონას მიაქცია ყურადღება და დანარჩენებს უბრძანა ისიც თან წაეყვანათ.


რა თქმა უნდა ამ გოგონას სახელს და გვარს არ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი მის წინაშე, რომ საერთოდ ვიხსენებ ამ ისტორიას. მესმის, რომ მისთვის და მისი ახლობელბისათვის ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ცუდი მოგონება.


იმ დღესვე დავუკავშირდი ყველას, ვისაც გოგონას ადგილსამყოფელის დადგენა შეეძლო. დავადგინე მხოლოდ ის, რომ პირდაპირ ცხინვალში წაიყვანეს. მეტი მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ კახა ლომაიამ დამირეკა. მითხრა, რომ გოგონას გამოხსნის შანსი გვქონდა, თუ გენერალ ბორისოვს დაველაპარაკებოდი. არც მიფიქრია ბევრი. ჩემს მეგობრებთან ერთად გორისკენ გავეშურე. იმ დროისათვის რუსების მიერ ოკუპირებულ გორში გავათენეთ ერთი ღამე.


გენერალი ბორისოვი დილის 7 საათზე უნდა მოსულიყო გუბერენიის შენობაში და იქ უნდა შევხვედროდით, სანამ მეტ-ნაკლებად ფხიზელ მდგომარეობაში იყო და სანამ რაღაც კიდევ შეეძლო მოეგვარებინა.


15 წუთის დაგვიანებით მოვიდა. რუსული ,,ვილისით“. შენობასთან დავხვდი. შევაჩერე და მოკლედ ვუთხარი, რომ პარლამენტის წევრი ვარ და ერთ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვესაუბრო.


- შტო? პარლამენტარი? ნუ ვოტ ია ვას ხაჩუ სპრასიტ: ჩტო ვი ტამ რეზინუ ტიანიტე, დავაიტე პლენნიხ მენიატ ვსეხ ნა ვსეხ ი ზაკონჩემ ს ეტიმ.


ამის მერე რა მოხდა ზუსტად არ მახსოვს. მახსოვს, რომ 3 წუთი ვლაპარაკობდი, ვხსნიდი, რომ ეს ჩვენი მიწაა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, რომ ეს ოკუპაციაა და რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. ორმა რამემ გამომაფხიზლა საბოლოოდ: ერთი ჩემი მეგობრის მუჯლუგუნმა გვერდში და მეორე, იმავე წამს ბორისოვის სიტყვებმა:

- პასლუშაი, სენოკ, ს პაბედიტელიამი ტაკ ნე რაზგავარივაიუტ!


მიწაზე დავეშვი. ასე შეურაცხყოფილი და დამცირებული არასოდეს ვყოფილვარ. ჩემს მიწაზე, რუს გენერალთან ვსაუბრობ, რომელიც მიხსნის, რომ ის გამარჯვებულია და რომელთანაც მე სათხოვნელად ვარ მისული. თან უნდა ვთხოვო, რომ ქართველი გოგონა, რომელიც შეიარაღებულ პირებს ყავთ გატაცებული, მაპოვნინოს და მშობლებთან უნდა დავაბრუნოთ. არ ვიცი რამდენს შეგიძლიათ დაახლოებით მაინც წარმოიდგინოთ ეს რას ნიშნავდა; დამიჯერეთ, ეს ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.


შენობაში შევედით და კახა ლომაიასთან ერთად მოკლედ მოვუყევი ვის ვეძებდით. ბორისოვი თან სასმელს მიირთმევდა. ორი ზარი გააკეთა. ერთის შინაარსი არ მოგვასმენინდა - ცალკე გავიდა. მეორე უბრალოდ მოკლე პასუხები იყო:
- და
- გდე?
- ვ ცხინვალი?
- ადრეს ზნაიტე?
- ხარაშო, დავაიტე ბისტრო ვსიო ულადიმ, ეიო ტუტ ჟდუტ.


მერე მე მომიბრუნდა და მითხრა, რომ ბედი მქონია, რომ იპოვნა, ვისაც ვეძებდი და ნახევარ საათში გორის ცენტრში ჩამოიყვანდნენ და დატოვებდნენ. თან დააყოლა: 

- ნუ ვსიო, ია ს ვამი რაზგავორ ზაკონჩილ. დალშე რაზბირაიტეს სამი. ჟივა, ზდაროვა, პრივეტ რადიტელიამ.


მსგავსი ცინიზმით ნათქვამი სიტყვები პირისპირ არასოდეს არავისგან მომისმენია და ფილმებშიც კი არ მახსენდება სადმე ეს ემოცია ყოფილიყოს გადმოცემული.


გამოდიხარ შენობიდან დამცირებული იმით, რომ შენს ქვეყანაში ოკუპანტისგან წყალობად მიიღე შენივე ქვეყნის მოქალაქის გამოხსნა ტყვეობიდან და ბედნიერი იმით, რომ გოგონას ადგილსამყოფელს მიაკვლიე.


გარეთ გამოსულს 15 წუთში დამირეკეს. ცხინვალიდან ვიღაც ქალი გვიკავშირდებოდა - გატაცებულ გოგონას უკვე მოაკითხეს და გამოდიან, გორში ჩამოიყვანენ და სადმე დატოვებენო. სად და როგორ არ ვიცოდით. გორში დავიწყეთ მანქანით მოძრაობა, თან ყველგან ვაკვირდებოდით გამვლელებს, თან საათზე ვიყურებოდით. რამოდენიმე წრე დავარტყით ქალაქს. 


ნახევარი საათის შემდეგ დავრეკეთ ნომერზე, საიდანაც გოგონამ დაგვირეკა. არავინ პასუხობდა. კიდევ თხუთმეტ წუთში გადავრეკეთ და ტელეფონი გამორთული იყო. მივხვდით, რომ ეს ის მომენტია, როდესაც იმედი კვდება.


კახა ლომაიას მეშვეობით ისევ გენერალ ბორისოვს დავუკავშირდი და ვცადე გამერკვია რა მოხდა. თუმცა, ბორისოვთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა. კონტაქტი გაწყდა.


საღამომდე გორში ვტრიალებდით. ერთადერთი იმის გარკვევა შევძელით, რომ გამტაცებლებმა მოგვატყუეს, დრო მოიგეს ჩვენთან საუბრებით და გოგონა სადღაც სხვაგან გადაიყვანეს.


არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეებში, ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ძებნა.


სამი დღის შემდეგ ისევ მივაგენით გატაცებული გოგონას კვალს. დაგვეხმარნენ მაშინდელი ცხინვალის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი, გივი თარგამაძე და ვოვა ჯუღელი. დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ საათში თუ გორში ვიქნებოდი გოგონას გამოიყვანდნენ.

 

ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად დავადექი გზას და დათქმულ დროს გორის ჰოსპიტალის ეზოში ვიყავით, სადაც მიყვებოდნენ ისტორიას, თუ როგორ დაბომბეს გორი და როგორ დაიღუპა გორის ჰოსპიტალის ექიმი.


ნახევარ საათში ვოვა ჯუღელმა გატაცებული გოგონა მოიყვანა, დაგვემშვიდობა და ჩვენც დავადექით გზას თბილისისკენ, ოდნავ გახარებულები იმით, რომ ცოცხალი უბრუნდებოდა გოგონა ოჯახს და დაფიქრებულები იმაზე, რომ ასობით ქართულ ოჯახში გლოვა იყო და ბევრი ისტორია კიდევ უფრო მძიმედ დასრულდა.



ახლა კი კითხვებს ვუპასუხებ:

გავრბოდი 2008 წლის აგვისტოში?
- კი, გავრბოდი გორისკენ, საიდანაც გატაცებული გოგონა უნდა წამომეყვანა;


რატომ ველაპარაკებოდი გენერალ ბორისოვს?
- იმიტომ, რომ ამ გოგონას დახსნაში დაგვხმარებოდა;


თავი სხვებზე მაგარი მგონია ამის გამო?

- არა, ჩემზე გაცილებით მაგარი ბიჭები იყვნენ ისინი ვინც 2008 წლის აგვისტოში მტერს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ, ვინც იბრძოლა იარაღით ხელში, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა."

 

პავლე კუბლაშვილი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია