საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სიახლე
რა ეღირება ტექდათვალიერება?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/28 18:25:29

ავტომობილების ტექდათვალიერება 13 თვეში აღდგება. საქართველოში რეგისტრირებულ 900 ათას ავტომობილს 22 სერვისცენტრი მოემსახურება. ტექდათვალიერების ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.



განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე უკვე მოიწონა.

 

2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. მთავრობას, ავტოტექდათვალიერების ამოქმედებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს.

 


ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების უზრუნველყოფისთვის მოლაპარაკებები იმართება კომპანია TUV Rheiland Group-თან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით სამი საერთაშორისო ოპერატორი არსებობს და ერთ-ერთი სწორედ TUV Rheiland Group-ია

 


"ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის კომპანიის საქართველოში შემოსვლა, რომელსაც მოჰყვება არა მარტო გარანტირებული უსაფრთხოება, არამედ ინვესტიციებიც", - ამბობს ნათია მიქელაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში.



რაც შეეხება ტექდათვალიერების ფასს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ იგი მოგვიანებით განისაზღვრება. "სახელმწიფო ფასის დადგენას ყურადღებას მიაქცევს. იგი იქნება საქართველოს რეალობაზე მორგებული", - ამბობს ნათია მიქელაძე.



ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს.



ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მაშინ "საგზაო უსაფრთხოების შესახებ"კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განახლებულიყო.



ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პარლამენტმა ე.წ. გამარტივებული წესით "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"კანონში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ავტომობილები ტექდათვალიერებას, ნაცვლად 2013 წლის იანვრისა, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაექვემდებარება. ამჟამად, ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გადაიდო.



საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ შესაქმნელია სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთბაშად არ დაარტყამს ავტომანქანის მფლობელის ჯიბეს, არ იქნება დასჯის ფორმის და ხელს შეუწყობს ავტოპარკის განახლებას. მისი აზრით, ტექდათვალიერების აღდგენა აუცილებელია და ამაზე მთავრობამ გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს.

 


ტექდათვალიერების აზრი არის ის, რომ მანქანა შემოწმდეს საგზაო მოძრაობისა და გარემოს დაცვის კუთხით. უხეშად რომ ვთქვათ, ავტომობილს მუხრუჭები უნდა უჭერდეს და გამონაბოლქვით გარემოს არ აბინძურებდეს, მაყუჩი უნდა ჰქონდეს მწყობრში. გაუმართავი მანქანები კი ქვეყანაში ძალიან ბევრია.



"ახლაც, როდესაც საუბარია ავტომანქანების ტექდათვალიერებაზე, მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა აღდგეს. არ შეიძლება ძველი და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მანქანები დადიოდეს", - განაცხადა ოგბაიძემ.



საერთოდ, ტექდათვალიერების აუცილებლობა მაშინვე გაჩნდა, როგორც კი შეიქმნა ავტომობილი. სამწუხაროდ, საბჭოთა კაშვირში ეს სფერო ფულის საჭრელ მანქანად იყო ქცეული. ამიტომ, ოგბაიძის თქმით, 2003 წლის ბოლოს ტექდათვალიერების ამ ფორმით შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო.



საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერების კულტურა საკმაოდ დაბალია, არადა ავტომობილების დიდ ნაწილს წვის მექანიზმი წესრიგში არ აქვს, შესაბამისად, საწვავის ბოლომდე წვა არ ხდება. ასეთი მანქანები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მხუთავ გზას გამოყოფენ, რომელიც მეტად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.



აღსანიშნავია ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ატმოსფეროს ერთ-ერთი დამაბინძურებელი ავტომობილია. საქართველოში კი, ძირითადად, მოძველებული ავტოპარკია. ქვეყანაში 70%-მდე ძველი მანქანებია, ანუ სწორედ ისეთი, რომლებმაც სხვა ქვეყნებში ექსპლოატაციის ვადა ამოწურეს და შემდეგ შემოიყვანეს საქართველოში, როგორც მეორადი სატრანსპორტო საშუალებები.



წყარო: გაზეთი "რეზონანსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია