თბილისის მერი გიგი უგულავა მერობიდან გვიან ღამით გადააყენეს. უგულავა თვლის, რომ სასამართლომ ლოგიკური გადაწყვეტოილება მიიღო, როდესაც ის არ დააპატიმრა და 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა მოსამართლე დალი მეტრეველი, უგულავას თქმით, ბოლოს მაინც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ქალაქის მერს თანამდებობა ჩამოართვა, იმ მერს, რომელიც მოსახლეობის 55%–მა არჩია.
გიგი უგულავა საქართველოში რჩება და კვლავ ელოდება სასამარლოს, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს. უგულავას წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. უგულავას ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
თბილისის ვიცე–მერი სევდია უგრეხელიძე, რომელიც ამჟამად ქალაქის მერის მოვალეობას ასრულებს, გიგი უგულავას გადაყენებას ელოდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაიგო მთავრობის სხდომაზე, როდესაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმამაღლა განუცხადა, რომ მომზადებულიყო მერობისათვის, ამიტომაც სევდია უგრეხელიძემ ჯერ კიდევ მანამდე გადაიბარა მერის ფუნქციები, სანამ გიგი უგულავას გადააყენებდნენ.
სევდია უგრეხელიძე:
– ძალიან დიდი ხანია, ისმის მუქარა გიგი უგულავას მიმართ და მის გადასაყენებლად, ამიტომ ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით და მე, პირადად, ეს მუქარა მოვისმინე პირველად მთავრობის სხდომაზე. საქართველოსათვის ასეთი ფაქტი ძალიან ცუდის მანიშნებელია. მინდა ვთქვა, რომ ვინაიდან მე ვიცე-მერის თანამდებობაზე ვარ, მიმდინარე წლის თებერვლიდან, გარკვეული ვარ ყველა საკითხში (თუმცა, მანამდეც გარკვეული ვიყავი, როგორც საკრებულოს წევრი). ამიტომაც, რადგან ბატონ გიგის და მის გუნდს გაწერილი გვქონდა მთელი რიგი პროექტები, ახლა ყველაფერი ვიცით, რა გავაკეთოთ გიგი უგულავას გარეშე.“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.