დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 30 ოქტომბრამდე გაუქმდება
ავტორი:
2013/09/12 12:08:07
პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 30 ოქტომბრამდე გაუქმდება პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ლიკვიდაციას ექვემდებარება. აღნიშნული სტრუქტურის ლიკვიდაცია 30 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით, მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით სპეციალური კომისიაც უკვე შეიქმნება.
სამსახურის ლიკვიდაციას "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა. პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.
საქმე იმ სტრუქტურის ლიკვიდაციას ეხება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა.
"ქართული ოცნების" ამ ნაბიჯს პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის მხრიდან სერიოზული პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც უმრავლესობამ უშუალოდ სააკაშვილის დაქვემდებარებაში ცალკე სტრუქტურის - პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და ამ მიმართულებით კანონში შესაბამისი დამატებებიც შეიტანა.
აღნიშნულ სამსახურს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვა უნდა უზრუნველეყო, თუმცა ცალკე სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების და კანონის დონეზე დარჩა, რადგან რეალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში აღნიშნული ორგანო არ ჩამოყალიბებულა. ამასთან დაკავშირებით არაოფიციალურ საუბრებში ისიც ითქვა, რომ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მისი დაცვის სამსახურის შექმნას იმ გარემოებამ შეუშალა ხელი, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მასთან გადასვლაზე უარი თქვეს და ცალკე სამსახურის შექმნისთვის თანამშრომელთა საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა.
"იმის მიუხედავად, რა კრიტიკაც იყო პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური არ შეუქმნია და სტუქტურის გაყოფა არ მომხდარა. სააკაშვილს დღესაც იცავს და პრეზიდენტობის შემდგომაც დაიცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა იმერლიშვილმა, რომელიც თავის დროზე "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორი იყო.
პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ყველა ის მუხლი ამოდის, რომელიც პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის არსებობას ითვალისწინებს. ასევე პროექტის თანახმად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 30 ოქტომბრამდე უნდა იყოს ლიკვიდირებული. მის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განისაზღვრება.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საკუთარი კონპეტენციის ფარგლებში ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ევალება, ხოლო კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში მთავრობის და პრეზიდენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განახორციელებს.
გარდა ამისა, კანონში ცალკე პუნქტად იწერება, რომ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა - სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი შეუნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია