დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეშა ბევრია, რეინჯერი - ცოტა
2009/11/16 14:19:59

მოსახლეობამ ზამთრისთვის მზადება ადრე შემოდგომიდან დაიწყო. თუმცა სათბობი შეშით უზრუნველყოფა კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება. საშეშე მერქანი, რომელიც ეგრეთ წოდებული „ორბორტიანი“ მანქანებით იყიდება, 400 ლარიდან 450 ლარამდე ღირს. გასულ წელთან შედარებით სათბობი შეშა, დაახლოებით, 80-100 ლარით გაიაფდა. მიზეზი მოსახლეობის მიერ ბუნებრივი აირის სათბობად გამოყენებაა, რაც შედარებით იაფი და საგრძნობლად „სუფთაა“.

იმერეთის რეგიონში მიმდინარე წელს 51432მ3 საშეშე მერქანია გამოყოფილი. გასულ წელს კი 8531 მ3 ტყე-კაფი აუთვისებელი დარჩა. მიზეზად მოსახლეობა მიუდგომელ ადგილებს ასახელებს. გამოყოფილი ტყე-კაფები, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებშია, სადაც გზა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს უკვე მოჭრილი საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას შეუძლებელს ხდის.

იმერეთის სატყეო მეურნეობის სამმართველოს უფროსი მამუკა წიქორიძე ამბობს: „ტყიბულის რაიონში ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიჩინა ინიციატივა და ტყემდე შესასვლელი გზები გააკეთა. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა, რათა ამ კუთხით მოსახლეობა უზრუნველვყოთ. პრობლემა გაუვალი გზები და ადგილებია, სადაც მოსახლეობა უკვე გამოყოფილი და მოჭრილი მერქნის გამოტანას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, აქ მოსულ მოქალაქეებს ტყე-კაფის გამოყოფა გზასთან ახლოს უნდა. სიმართლე რომ გითხრათ, გზასთან ახლოს ტყე ფიზიკურად არ არის.“

როგორც ჩანს, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება, რადგან ბარში ტყე-კაფების რესურსი თითქმის ამოწურულია. თუმცა ამ ფონზე ერთ კომლზე გასაცემი შეშის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გასამმაგდა. დაბალი ზონის მოსახლეობისთვის 7 მ3-მდე საშეშე მერქანი გამოიყოფა, მაღალი ზონის მოსახლეობისთვის - 12 მ3, ხოლო განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში მუდმივად მცხოვრები კომლებისთვის სათბობი შეშის გაცემა 20 მ3-მდეა შესაძლებელი. კუთვნილი სათბობი შეშის მისაღებად კი რამდენიმე ეტაპია გასავლელი. მოქალაქემ, ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა სოფლის რწმუნებულს უნდა მიაკითხოს, რათა ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან აიღოს. შემდეგ ეტაპზე კი მოქალაქეს ბანკთან ურთიერთობა უწევს, სადაც მოსაკრებელს გადაიხდის. ფოთლოვან ტყე-კაფზე მოსაკრებელი 3 ლარს შეადგენს, წიწვოვანზე - 2 ლარია. ბანკის ქვითარი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და პირადობის მოწმობა მოქალაქემ ახლა რაიონის სარეინჯეროში უნდა წარადგინოს. განცხადების დაწერის შემდეგ რეინჯერი შესაბამის ტყე-კაფს გამოყოფს. შეშის დამზადებისთანავე რეინჯერი მოჭრილ შეშას შეამოწმებს და ტყიდან გამოტანის დროს დააფიქსირებს. აღნიშნული დოკუმენტის ვადა, რომელიც ტყე-კაფის გაცემას ადასტურებს კონკრეტულ მოქალაქეზე 24 საათია. რაც ნიშნავს იმას, რომ შეშის ტრანსპორტირება გამოყოფიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ თითო რეინჯერს 5000-6000 ჰექტარი ტყის ფართობი აქვს ჩაბარებული, რაც 4-5 სოფლის მოსახლეობისთვის სათბობი შეშით უზრუნველყოფას ნიშნავს. მამუკა წიქორიძის თქმით: „რთულია, ერთმა რეინჯერმა 5000 ჰექტარი ტყის ფართობი აკონტროლოს. ეს საკითხი ზემდგომ სტრუქტურაში არაერთხელ იქნა განხილული. სამინისტრო ამუშავებს პროექტს, რომელშიც რეინჯერების დამატების საკითხიც იქნება განხილული. სავარაუდოდ, ერთ რეინჯერს 800-დან 1 200 ჰექტრამდე ტყე ჩაბარდება საკონტროლებლად, რაც რეალურად გახდის შესაძლებელს, რომ ტყე მაქსიმალურად დავიცვათ. ასევე პრობლემა მოეხსნება გლეხს, რომელიც რეინჯერს ერთი სოფლიდან მეორეში უნდა დაუკავშირდეს. თავის მხრივ, პრობლემა რეინჯერსაც ექმნება, რადგან ტყე-კაფის გამოყოფის და ბილეთის გაცემის დროს ერთი სოფლიდან მეორეში დადის. ეს კი, ძირითადად, მაღალმთიან ზონაში ცხენებით, ხოლო ქვედა ზონაში - კვადროციკლებით ხდება.“

როგორც იმერეთის მთავარი მეტყევე ამბობს, ვაუჩერებით განკუთვნილი 5მ3 სათბობის შეშით უზრუნველყოფა 2012 წლამდე სრულიად შესაძლებელია. მეტიც, იმერეთის რეგიონში ტყე-კაფის გაცილებით მეტი რესურსია, ვიდრე ეს მოსახლეობას სჭირდება. პრობლემა მიუვალი ადგილებია. რაც შეეხება, რეინჯერების სიმცირეს, გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის პროექტზე მუშაობს, რომელსაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს გადასცემს. პროექტის დამტკიცების შემდეგ ერთი რეინჯერი კონკრეტულ ერთ სოფელს მოემსახურება და 1 200-მდე ჰექტარ ტყეს დაიცავს. ეს კი მოსახლეობას რეინჯერის ძიებაში დროს არ დააკარგვინებს.

P.S. საარჩევნოდ გაცემული ვაუჩერი მოსახლეობის უმეტესობას ცარიელ ქაღალდად დარჩა. თუმცა ზოგიერთ რაიონში გლეხმა, ეგრეთ წოდებულ „შეშის დამამუშავებლებთან“ საერთო გამონახეს. ვაუჩერს „შეშის დამამუშავებლები“ 20 ლარად ყიდულობენ, ან რამდენიმე ვაუჩერის სანაცვლოდ „კარგი გრუზი“ სათბობი შეშა მოაქვთ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაუჩერს ის მოსახლე ყიდის, ვისთვის გამოყოფილი ტყე-კაფიც მიუვალ ადგილზეა, ან ტრანსპორტირების საშუალება არ აქვს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია