დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ღირსებით ბრძოლა ღირსეული საქართველოსათვის
2009/11/16 14:15:17

12 ნოემბერს „კინოს სახლში“ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“-ს პროგრამის - „ხსნა დემოკრატიაშია“ პრეზენტაცია გაიმართა. „კინოს სახლში“ შეიკრიბნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები. მოძრაობის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ის სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებს. პროგრამა რამდენიმე პუნქტს შეიცავს, სადაც კონკრეტულად გაწერილია იმ გეგმების შესახებ, რასაც „თეთრი“ მოძრაობა საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს.  

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ თემურ შაშიაშვილს.

- ბატონო თემურ, გთხოვთ განგვიმარტოთ, რაში მდგომარეობს თქვენი ახალი პროგრამის „ხსნა დემოკრატიაშია“ მნიშვნელობა და არსი?

- ახალი პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილისათვის მთავარი არჩევნებია, ხოლო მეორისათვის - რადიკალური ღონისძიებები, ჩვენი მოსაზრებით, ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ღირსეული. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა 40-მდე პოლიტიკურ პარტიასთან, მათ ვთავაზობთ, გაერთიანდნენ ასამბლეაში, რათა შედეგის მიღწევა გაგვიადვილდეს ერთობლივი მსჯელობითა და საერთო სტრატეგიის შემუშავებით. აუცილებელია, რომ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ აგრესია, ჩვენი შეკრებები უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სავსეა ღირსეული ადამიანებით. მათი საერთო შეთანხმებით, ჩვენ  უნდა შევქმნათ „ნდობის დარბაზი“, ანუ „სახელმწიფო კაცების“ დარბაზი, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, და უნდა წავიდეთ ეროვნული თანხმობის გზით. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰგონია, რომ ის გადაარჩენს ქვეყანას, მაგრამ ცალ-ცალკე ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს ამას.

ჩვენი პროექტი ძალიან რადიკალურია, მე ვიცი, ბევრი პარტია არ დაუჭერს მხარს.

პროექტის განხილვა გვქონდა ირაკლი ალასანიასთან და მის გუნდთან, ასევე - ქალბატონ ეკა ბესელიასთან და ბატონ ჯონდი ბაღათურიასთან. მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში მეცნიერებაზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს პროცესები. არ შეიძლება, პოლიტიკოსები, როგორ ხასიათზეც ვიქნებით, ისე ვწყვეტდეთ საკითხებს. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს არა სკამისათვის ბრძოლა, არამედ ბრძოლა საქართველოსათვის.

 -  ამასთანავე გვაინტერესებს იმ მემორანდუმის შესახებ, რომელიც მალე გამოცხადდება. რა პოლიტიკური ხასიათის იქნება და ვინ მოაწერს ხელს?

- 23 ნოემბერს ვერის ბაღში იქნება ხელმოწერა მემორანდუმზე მთელი დღის განმავლობაში. ყველას ექნება შესაძლებლობა, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოების წარმომადგენლებს, მოაწერონ ხელი მემორანდუმს.

რაც შეეხება მემორანდუმს, ეს არის უპირველესი საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე ადამიანებს ღირსება აქვთ დაკარგული ქვეყანაში. ძალიან კარგია, რომ ხელისუფალთა ოჯახებში კეთილდღეობაა, მაგრამ შევიხედოთ სხვა ოჯახებშიც - იქ როგორი მდგომარეობაა. სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი. მასში ადგილი აქვს ყველას, სტუდენტით დაწყებული, დამთავრებული უფროსი თაობის წარმომადგენლებით.   ჩვენ  მემორანდუმს   ვიწყებთ იმითი, რომ არ შეიძლება პენსია, ხელფასი, დახმარება და უმუშევრობის თანხა იყოს იმ მინიმუმზე ნაკლები, რომელიც აუცილებელია დღეს ადამიანისათვის. ამას მოყოლებული, კიდევ ის, რომ არ შეიძლება, სტუდენტი თავისი სწავლის ღირებულების 10%-ზე მეტს იხდიდეს. ეს ულტიმატუმები, რომელიც ჩვენ გარკვევით წარმოვადგინეთ პროექტში, არის არამარტო პოლიტიკური მნიშვნელობის, არამედ ეს არის საკითხი რომელთა გადაწყვეტის გარეშე ადამიანებს ღირსება აქვთ დაკარგული. 

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ აპირებს, მათი ულტიმატუმების შეჯამება მოხდეს 2010წლის თებერვალში, ეროვნულ კრებაზე. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ მოთხოვნებს, საზოგადოებას ექნება ყოველგვარი უფლება, ხელისუფლებას წაუყენოს კონსტიტუციური ულტიმატუმი, ანუ დაუმორჩილებლობა. 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია