დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოება სამალავებში აღმოჩენილი კადრების გასაჯაროებას ითხოვს
2013/06/24 14:37:57

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია გაავრცელა სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, წინა ხელისუფლების დროს გადაღებული კადრები ადამიანის წამებას და არასათანადო მოპყრობას ასახავს.

 

მომხდარს უმალვე მოჰყვა გამოხმაურება საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან.

პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლებას განცხადების გაკეთებამდე საქმის გამოძიება ურჩია და დასძინა, რომ მისი მინისტრობის დროს მომხდარზე ყოველნაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

კადრები, თავდაპირველად, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებს აჩვენეს. შეშფოთებულმა უცხოელებმა დარბაზი უკომენტაროდ დატოვეს.

20 ივნისს კი კადრების სანახავად შს მინისტრმა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, ნანახმა კადრებმა მედიის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კადრებში მოქალაქეთა შესაძლო იდენტიფიცირების მიზეზით, შეხვედრა პირველი არხის ჟურნალისტებმა დავით პაიჭაძემ და ეკა კვესიტაძემ, ასევე ჟურნალისტმა ნესტან ცეცხლაძემ და საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ დატოვეს.

 თუმცა, მათგან განსხვავებით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, თამარ გაბისონიას განცხადებით, კადრებში ვინმეს იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან გათიშული ხმა ისმოდა და მოქალაქეებს სახეები დამალული ჰქონდათ.

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, „კადრები ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა უნდა ნახონ, რათა პასუხისმგებლობა იგრძნონ.“ 

„პირველ რიგში, ჩემი აზრით, ეს მასალა უნდა ნახოს შეზღუდული წრიდან ადამიანებმა, რომ იმ სკეპტიკოსებს გასცენ პასუხი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მასალები არ არსებობს და შეთითხნილია. მეორე, ეს უნდა ნახონ ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებებში მომუშავე ადამიანებმა, რათა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომ ისეთ რეჟიმს უჭერდნენ მხარს, რომელიც ამ ყველაფერს უშვებდა,“ - განაცხადა რამიშვილმა.

მიუხედავად სიმძიმისა, აღნიშნული კადრების მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. მოსახლეობის ნაწილი  ითხოვს, რომ წინა ხელისუფლების რეალური სახის გამოსააშკარავებლად კადრები გასაჯაროვდეს.

შევეცადეთ, მცირე გამოკითხვით გაგვეგო საზოგადოების აზრი ფარული  კადრების გასაჯაროებაზე და გაგვერკვია მათი მოსაზრება, უნდა განადგურდეს თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა.

ქეთო აბულაძე, ქუთაისის მცხოვრები: „ამაზრზენი, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ ადამიანების ქმედებას, რომელთაც ეს კადრები გადაიღეს, როგორ შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანს ასეთი აზრები მოუვიდეს თავში? აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ეს მასალა და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს, რათა ეს იყოს მაგალითი ყველასთვის.“

თათია, 22 წლის, სტუდენტი: „კადრების აღმოჩენა და „ნაციონალების“ დაკავება სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებას რაიმე ფაქტის გადაფარვა უნდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან არ მინახავს, მაგრამ მგონია, რომ ეს ვიდეომასალა ფალსიფიცირებულია. აუცილებელია, მათ ექსპერტიზა ჩაუტარდეს და ნამდვილობა დადგინდეს, ამის მერე კიდევ შესაძლებელია განცხადებების გაკეთება და ვინმეს დადანაშაულება. რაც შეეხება კადრებს, უნდა განადგურდეს, რადგან არ არსებობს აუცილებლობა, რის გამოც მათი შენახვაა საჭირო. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველ არსებულ სხვა კადრებსაც ვგულისხმობ.“

გიგი ცეცხლაძე, ეკონომისტი: „რა გიკვირთ, ციხის კადრების მერე და საერთოდაც რას ჩადიოდა წინა ხელისუფლება, ვინმესთვის სიახლე იყო, თუ? გასაოცარია, როგორ ვიცხოვრეთ ასეთ ყოფაში, რა დღეში ვიყავით! თუმცა, ჩვენი ბრალია, ყველა დანაშაულზე თვალს რომ ვხუჭავდით და შევეჩვიეთ შიშში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ეს კადრები უნდა განადგურდეს,  რა მიზეზით უნდა შეინახონ, ვის რაში სჭირდება?“

ანზორ თავაძე, ქუთაისის მცხოვრები:  „დაიღალა საზოგადოება ამდენი სისაძაგლით, ხალხზე არავინ ფიქრობს, არავის აინტერესებს მოქალაქეების ფსიქიკა, როგორ მიიღებენ ამ ინფორმაციას. რაღაც დონეზე ყველამ გავიგეთ, რაც ხდებოდა და აღარაა აუცილებელი მათი ჩვენება და მათზე საუბარი. გაასაჯაროვონ კადრების რაღაც ნაწილი მაინც, თუმცა ისე, რომ ამ ადამიანების უფლებები აღარ დაირღვეს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“

ვანო, 55 წლის, ქუთაისის მცხოვრები: „საშინელებაა, რაც გახმაურდა, მაგრამ კადრები თუ წაიშლება, შესაბამისად, ვეღარ მოხდება დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა. რაც         „ნაციონალების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ ჯერ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და, თუ მაინცდამაინც, შემდეგ მოხდეს განადგურება. იმათთვის კი, ვისაც ამ კადრების რეალურობის არ სჯერა, კადრები უნდა გასაჯაროვდეს, რათა ყველამ ისწავლოს სინამდვილის დანახვა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც.

მანანა მანაგაძე, „საზოგადოებრივი მონიტორინგის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი: „იმისათვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვქონდა  საქმე და რამდენად დანაშაულებრივი იყო ის რეჟიმი, რომელშიც მთელი 9 წელი ვცხოვრობდით, ხსენებული კადრები უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ, ამავდროულად, ეს უნდა მოხდეს ძალიან დელიკატურად. ისე, რომ არ დაირღვეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ამ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, არამარტო იმ ადამიანების, მათი ოჯახის წევრების და ახლობლების უფლებები უნდა იყოს დაცული. როგორც აღვნიშნე, ეს ძალიან დელიკატურად უნდა გაკეთდეს. ეს კადრები საზოგადოებამ  გარკვეული დოზით უნდა ნახოს.“

ეკა სვანიძე, ადვოკატი: „როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე, ეს არის შემზარავი კადრები. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი აუცილებლად სასამართლომდე უნდა მივიდეს. ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საშინელ პროცესში, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ეს თუ არ მოხდება უახლოეს პერიოდში, მსგავსი რამ მომავალში აუცილებლად მოხდება. შემდეგ სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ეს ფირები უნდა გასაჯაროვდეს თუ არა. ჩემი, როგორც იურისტის, აზრით, რაღაც მომენტში ეს კადრები უნდა გასაჯაროვდეს, რათა ხალხმა დაინახოს რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და როგორ ექცეოდნენ ადამიანებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია