რეგიონული ანგარიშების სრულყოფის მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ტექნიკურ დახმარებას პოლონეთის სტატისტიკის სამსახური გაუწევს.
როგორც საქსტატის პრესსამსახურში აცხადებენ, ამ მიზნით, საქსტატში სამუშაო ვიზიტით პოლონელი კოლეგები იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები საქსტატის ეროვნული ანგარიშების სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარებენ რამდენიმე სემინარს, რომელთა ძირითადი მიზანია პოლონეთის რეგიონული ანგარიშების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება რეგიონული ანგარიშების წარმოებისთვის და სხვა.
პოლონელი ექსპერტები გაეცნობიან საქართველოს ეროვნული ანგარიშების პრაქტიკას და გაუზიარებენ საქსტატის თანამშრომლებს პოლონეთის გამოცდილებას ამ საკითხებში.
აღნიშნულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც მიიღებენ.