დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართულ ოცნებას“ კიდევ სამი დეპუტატი შეემატა
2013/05/07 12:53:45

27 აპრილს საქართველოში, სამ საარჩევნო ოლქში, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ნაძალადევში გაიმარჯვა თამარ კორძაიამ, ბაღდათში - პაატა კიკნაველიძემ, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანმა. სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შუალედურ არჩევნებს ექვსი მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდა. ორგანიზაციის დამკვირვებლები ნაძალადევის ოლქის ყველა, სამტრედიის ოლქის 40 და ბაღდათის ოლქის 22 უბანზე იმყოფებოდნენ.

„სამივე ოლქში არჩევნებმა, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე ჩაიარა“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც 27 აპრილის შუალედური არჩევნებია შეფასებული.

„რომ გაიმარჯვებდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, ეს გასაგები იყო. მე მგონი, ყველაფერი ნორმალურად განვითარდა. თბილისში დამოუკიდებელი დეპუტატების კარგი კონკურენცია იყო. რაც მთავარია,  ყველაფერი ჩატარდა წყნარად, კულტურულად, ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ანარეკლია წინა არჩევნების, ანარეკლია იმის, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთი წყნარი  იქნება, ოღონდ სხვაობა მონაწილეებს შორის უფრო დიდი იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვერ მიიღებს 10%-საც კი, ჩემი გადმოსახედიდან. აბა, ვნახოთ, რა და როგორ ახდება,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შუალედური არჩევნების შეფასებისას.

თბილისში, ნაძალადევში გამარჯვებული კანდიდატის აზრით კი საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში, რეალურად, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საზოგადოებას  აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია. ნაძალადევის შედეგები განსაკუთრებით მკაფიოდ მეტყველებს ამ ყველაფერზე. მე ვთვლი, რომ, აბსოლუტურად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ჩვენს ყველა კონკურენტს ჰქონდა შესაძლებლობა, ებრძოლა გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ კორძაიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევში, პაპუნა დავითაიაც აღიარებს, რომ  27 აპრილის არჩევნების შედეგები, ძირითადად, მოსახლეობის ნებას გამოხატავს და დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

„მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, დაკითხვებზე ჩვენი ხალხის დაბარებისა, მიუხედავად მედიაში გარკვეული პრობლემებისა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები და წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე გამოცხადდა, ძირითადში, გამოხატავს მოსახლეობის ნებას. დარღვევებმა, რომლებიც მრავლად დაფიქსირდა, ვერ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა საბოლოო შედეგის დაფიქსირებაზე,“ - განაცხადა დავითაიამ და თავის ყოფილ კონკურენტს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თამარ კორძაიას გამარჯვება მიულოცა.

შუალედური არჩევნები შეაფასა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ. მისი განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები იყო, 2013 წლის პარლამენტის შუალედურმა არჩევნებმა, საერთო ჯამში, მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა. 

უწყებათაშორისი კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ოპოზიციის აქტივისტების, საარჩევნო შტაბის წევრების მასობრივი დაბარება დაკითხვებზე, ძირითადად - ძველ საქმეების, მათ შორის - 13 წლის წინანდელ გამოძიებებს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ გამოძიებების გადავადების შესახებ რეკომენდაცია გააჟღერა, დაკითხვაზე დაბარების რამდენიმე ფაქტის ისევ იყო, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე, გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის  რამდენიმე შემთხვევაც. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის აზრით,  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების მარეგულირებელი ნორმებიც დაირღვა.

„გამოიკვეთა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანაბარი პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევის პრობლემაც. ამასთანავე ტელეკომპანიებმა  „იმედმა“,  „მე-9  არხმა“  და       „მაესტრომ“ ოპოზიციურ პარტიას, კანონმდებლობის არასწორი  ინტერპრეტაციის გამო, უფასო სარეკლამო დროით  სარგებლობის  შესაძლებლობა  არ  მისცეს. აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა  არც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს. იმისათვის, რომ მომავალში დაცული იყოს ამომრჩეველთა ინტერესი, სასურველია, კანონმდებლობამ უფრო მკაფიოდ განმარტოს მაუწყებლებზე დაკისრებული ეს ვალდებულება,“ - აღნიშნულია გიგა ბოკერიას განცხადებაში.

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია