დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამერიკამ სირიაზე დარტყმა, შესაძლოა, გადადოს
ავტორი:
2013/09/10 12:32:03
ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „სი-ენ-ენ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესების შემთხვევაში ამერიკამ, შესაძლოა, სირიაზე  დარტყმა გადაიფიქროს. თუმცა, პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ეს მაშინ მოხდება თუ „ეს გეგმა რეალურია.“ ბარაკ ობამას თქმით, ჯონ კერი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი რუსეთთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკებას გამართავენ რამდენად სერიოზულია შემოთავაზებული წინადადება. ცოტა ხნის წინ მოსკოვმა სირიას მოუწოდა, თუ აღნიშნული ამერიკას დარტყმას გადააფიქრებინებს, ქვეყნის ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადავიდეს და მისი განადგურება მოხდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი გაეროს გენერალურმა მდივანმ ბან კი მუნმა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალამმა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია პრეზიდენტ ასადი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ლავროვის ამ ინიციატივას ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება უძღოდა წინ. კერიმ ორშაბათს ლონდონში მის ბრიტანელ კოლეგა უილიამ ჰეიგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიფიქრებდა, თუ ასადის მთავრობა ქვეყნის ქიმიური იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას დასთანხმდებოდა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ისიც დაამატა, რომ ასადის ამ ნაბიჯზე წამსვლელი არ იყო. შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დამასკოსთან ახლოს, სირიის ოპოზიციის მტკიცებით, ასადის ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას 1429 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და ქალები. ამის შემდეგ ამერიკამ აქტიურად დაიწყო სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ საუბარი. „სი-ენ-ენ“-მა ცოტა ხნის წინ გამოკითხვა ჩაატარა, გამოკითხულთა 59%-ს მიაჩნია, რომ კონგრესმა სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაწყება არ უნდა დაუშვას. აღნიშნულის შესახებ ხმის მიცემა კონგრესში ამ კვირაში გაიმართება. გამოკითხულთა 79% კი თვლის, რომ სირიაზე დარტყმით ამერიკა მიზანს ვერ მიაღწევს. ლავროვის ინიციატივას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალამი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამასკო ამ წინადადებას მიესალმება:“ჩვენ რუსეთის მთავრობის სიბრძნეში დარწმუნებულები ვართ, რომელიც ცდილობს ჩვენს ხალხს ამერიკის აგრესია ააცილოს თავიდან.“ შეგახსენებთ, რომ ორშაბათს რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრისას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ასადმა მას ვლადიმერ პუტინთან „დიდი ოცეულის შემდეგ და მანამდეც დაფიქსირებული პოზიციის გამო მადლობის გადახდა“ დაავალა. შეგახსენებთ, რომ სირია ქიმიური იარაღის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. პრეზიდენტმა ასადმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკას მისი ძალების მიერ ქიმიური აირაღის გამოყენების დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. გაეროს ექსპერტების დასკვნა კი, სავარაუდოდ, ორ კვირაში გახდება ცნობილი. თუმცა, გაეროს ინსპექტორებს იმის დადგენა არ ევალებათ ვინ დგას ქიმიური თავდასხმის უკან. დასკვნის დადების შემდეგ მხოლოდ ის გახდება ცნობილი მოხდა თუ არა მართლა ქიმიური იარაღის გამოყენება. ამერიკის კონგრესში სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით ხმის მიცემა 9 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის ინიციატივის შემდეგ, შესაძლოა, ეს მომდევნო კვირისათვის გადაიდოს. რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი, რომლებიც სამხედრო ოპერაციის დაწყებას აქტიურად უჭერენ მხარს, აღნიშნავენ რომ ახალი ინიციატივის შემდეგ ქვეყნის კონგრესმა უფრო უნდა დაუჭიროს მხარი სამხედრო ოპერაციის დაწყებას, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება რუსეთსა და სირიას აიძულებს მოსკოვის ინიციატივა განახორციელონ. სირიის კონფლიქტში ამერიკის ჩარევას მხარი ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმაც დაუჭირა:“მე ადრე კონფლიქტში ჩარევას ვეწინაამდეგებოდი და ამის შესახებ საჯაროდაც ვსაუბრობდი. თუმცა, ახლა საქმე მასობრივი განადგურების იარაღს ეხება. ამ შემთხვევაში მე ობამას მოთხოვნას მხარს ვუჭერ.“-განაცხადა კისინჯერმა „სი-ენ-ენ“-სათვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ კონგრესს სთხოვა თანხმობა:“მე ვფიქრობ, ამის კონგრესში შეტანა გონივრული გადაწყვეტილება არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე მოქმედების უფლება არ გააჩნია.“-აღნიშნა კისინჯერმა. მოსკოვის ინიციატივას მხარი ირანმაც დაუჭირა. 10 სექტემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის ინიციატივას უჭერს მხარს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ დროისათვის სირიაზე თავდასხმას ოფიციალურად 14 ქვეყანა უჭერს მხარს.      
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია