დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
41 მილიონი ლარი პრემიებისათვის
2013/03/06 17:27:31

პლენარული სხდომის განცხადებების ნაწილში თავისი 10 წუთი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, სამხედრო ნაწილებში არსებულ სიტუაციასა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ დიდი რაოდენობით პრემიების გამოწერას დაუთმო.

სესიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების სამხედრო ნაწილებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ქართველი ჯარისკაცები შეურაცხმყოფელ და ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სესიაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდებოდა, როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შტაბის უფროსები 200 000-იან და უფრო დიდი რაოდენობის პრემიებსაც იღებდნენ სახელმწიფოს ხარჯეზე.

„ 2009 წლიდან 2013 წლის სექტემბრამდე დაახლოებით 41 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პრემიების სახით. მარტო გენერალმა  გიორგი კალანდაძემ 200 000 ლარის ოდენობის, ხოლო ნაციონალურო მოძრაობის ექსპერტმა, სვიმონ მასხარაშვილმა 40 000 ლარის პრემიები აიღეს. 2012 წლის 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე, როდესაც ხელისუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო, სასწრაფო წესით 738 000 ლარი იქნა პრემიების სახით ჩამორიგებული, მათ შორის განათლების მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ 12 500 ლარი აიღო, გენერალური ინსპექციის უფროსმა – 15 000.  მე არ ვარ გენერლებისთვის პრემიების გამოწერის წინააღმდეგი, მაგრამ როდესაც ხედავ, რა დღეშია შენი ჯარისკაცები უნდა მიხვდე, რომ ამის უფლება არ გაქვს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის ღირებულების იარაღი აქვს დარიგებული. მათ შორის, ჩემი კოლეგებისთვის, ნუგზარ წიკლაურისა და აკო მინაშვილისთვის. ასევე, იარაღი საჩუქრად აქვს გადაცემული „კომედი შოუს“ მსახიობებისთვის, ნიკა არაბიძისა და ვახო ბიჭიკაშვილისთვის.“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის ბრალდებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან თავდაცვის სამინიტროს მიერ იარაღის ჩუქების ფაქტი დაადასტურა.

ეს არის ღია ინფორმაცია, მე დიახ თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე ოფიციალური ბრძანებით ჯილდო, ეს გახლავთ იარაღი და მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ამგვარი ჯილდო მაქვს მიღებული. მე არ ვიცი რა იყო თავდაცვის სამინისტროს მოტივი. მაგრამ მე ვფირობ, რომ მთელი ჩემი საქმიანობა მიმართული იყო ქართული ჯარის გაძლიერებისკენ, ჩემი სურვილი რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი თავდაცვა, რომელიც დამპყრობელს აღუდგება წინ - ალბათ, სწორედ ეს სულისკვეთება იქნა დაფასებული თავდაცვის სამინისტროს მიერ. არაფერი საიდუმლო აქ არ არის, ეს არის ოფოციალური ბრძანება, ასევე ეს იარაღი ოფიციალურად არის რეგისტრირებული იმ სტრუქტურებში, სადაც საჭიროა. რაც შეეხება სესიაშვილის განცხადებებს და იმ საქმიანობას, რასაც ის პარლამენტში ეწევა ეს არის მასხარაობა. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია მსჯელობა ჩვენი ჯარის შემდგომ განვითარებაზე და ჩვენს ჯარში პატრიოტული სულისკვეთების დანერგვაზე, ვიდრე ასე ჭორიკანა დედაკაცივით განცხადებების კეთება“ - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ირაკლი სესიაშვილმა დღესვე პარლამენტში მცირე ფოტო-გამოფენაც მოაწყო. გამოფენაზე ერთმანეთის პარალელურად იყო წარმოდგენილი ქართველი ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტოები და ყოფილი მაღალჩინოსნების კომფორტული კაბინეტები, ძვირადღირებულ ავტომობილებთან ერთად.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია