ქუთაისის თვითმმართველობაში მოქალაქეთა შესვლაზე დაწესებულ საშვთა სისტემას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი აპროტესტებს. მათი სარჩელი პრეცენდენტულია. „საია“ მოქალაქე ციცინო ფუტკარაძის ინტერესებს იცავს, ის კი ქალაქის მერის იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც ქუთაისის მერიაში საშვთა სისტემა დაინერგა.
ამ საქმემ რამდენიმე ინსტანცია უკვე მოიარა და სააპელაციო სასამართლოში პროცესი 1 ოქტომბრისთვისაა დანიშნული.
„საიაში“ თვლიან, რომ ქალაქის მერის შესაბამისი განკარგულება ორი მიზეზით უნდა გაუქმდეს: პირველ რიგში არასრულყოფილი ნორმატიული აქტია სამართლებრივი თვალსაზრისით, მეორე მხრივ ის ზედმეტ ბარიერს უქმნის მოქალაქეებს დაწესებულებაში შესასვლელად.
ადმინისტრაციულ შენობაში კი, მერიის გარდა, ქუთაისის საკრებულო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროა.
საშვთა სისტემის თვითმმართველობებში შემოღების შემდეგ ხელისუფლებამ „დიალოგი ხალხთან“ ქუჩაში გადაიტანა და ისიც - ფრაგმენტულად, მოქალაქეთა პრობლემებით ზედმეტად რომ დაიტვირთონ საჯარო მოხელეები.
ციცინო ფუტკარაძის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე ამბობს, რომ 2001 წელს ქალაქის მერმა რ. მხეიძემ გამოსცა ?708 განკარგულება „მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სასაშვისე სისტემის დანერგვის შესახებ“. ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნული განკარგულება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის - ქალაქ ქუთაისის მერის მიერ, რადგან მერიის შენობაში სასაშვისე სისტემა ნორმატიული აქტის სახით უნდა მიღებულიყო და მისი გამოცემა მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება კი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების“ შესახებ კანონის თანახმად, მხოლოდ საკრებულოს ჰქონდა (აქვს) და არა ქალაქ ქუთაისის მერს.
ციცინო ფუტკარაძე თვლის, რომ მისი კანონიერი ინტერესები ირღვევა, რადგანაც მას სურს, ისარგებლოს შემდეგი უფლებებით: საჯარო ინფორმაციის მიღება, საჯარო სხდომებზე დასწრება, გადაწყვეტილების პროექტების წინასწარ განხილვაში მონაწილეობის მიღება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირებისადმი მიმართვა და სხვა. ზემოხსენებული პირობების არსებობისას ამ უფლებების განხორციელება მისთვის შეზღუდულია.
ადვოკატი კიდევ ერთ სამართლებრივ უზუსტობაზე მიუთითებს:
„აღსანიშნავია ისიც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტების გამომცემი ორგანო ვალდებულია, იგი სარეგისტრაციოდ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სადაც მას მიენიჭება შესაბამისი კოდი. განსახილველ შემთხვევაში 2001 წლის 10 დეკემბრის განკარგულება არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და არ გააჩნია ნორმატიული აქტის რეკვიზიტები,“ - აზუსტებს ადვოკატი.
ქალაქის მერის განკარგულების გასაუქმებლად „საიას“ ადვოკატმა აღნიშნული არგუმენტები წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა სასამართლომ ის არასაკმარისად მიიჩნია და, 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ციცინო ფუტკარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, კანონიერი ინტერესის არქონის მომიზეზებით.
ამის შემდეგ აპელაციის განჩინება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა, სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და ის არსებითად განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა.
ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეამციროს თუ არა ხელისუფალთა დისტანცია ხალხთან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძეც საშვების წინააღმდეგია: „ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი უნდა იყოს და, შესაბამისად, მოქალაქეებს იქ შესავლელად ზემდეტი ბარიერი არ უნდა ექმნებოდეთ. არც საკრებულოს სხდომაზე დასწრებაზე უნდა იქმნებოდეს პრობლემა, საკრებულოს სხდომები ხომ საჯაროა.“
დღევანდელი პროცედურის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე რომ დაესწროს მოქალაქე, საკრებულოს აპარატისაგნ საშვი უნდა მიიღოს. ამის შემდეგ კი ის შესაძლოა, სხდომაზეც ვერ მოხვდეს. მიმდინარე რემონტის გამო სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში იმართება და იქ მოქალაქეებისთვის ადგილები ნამდვილად აღარ რჩება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ დაეტია სრულად.
საკრებულოს აპარატის სამდივნოს უფროსი ცაგური პატარიძე ვერ იხსენებს შემთხვევას, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით ოფიციალურად რომ მიემართათ: „მათი დასწრება, ძირითადად, მაშინ ხდება, როცა მოქალაქეთა კერძო საჩივრებს იხილავს საკრებულო, ან ისეთი საკითხები გადის, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს, მაგალითად - ტრანსპორტის საკითხი.“
ციცინო ფუტკარაძის გარდა, 1 ოქტომბერს საშვების რიგში ჩამდგარი სხვა მოქალაქეებიც დაელოდებიან.