დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩინელი იმპერატორი ცინი წინანდალში
ავტორი:
2013/09/09 19:42:03
საერთაშორისო მოძრავ გამოფენას „დიალოგი იმპერატორ ცინთან“, აგვისტოს ბოლოს,  წინანდლის მუზეუმი მასპინძლობდა. პროექტი ორგანიზებულია ფონდ Qu art-ის (ბრიუსელი), N გალერეისა (თბილისი-ვენა) და კომპანია Silk Road ჯგუფის მიერ. იდეის ავტორი და ორგანიზატორია კომპანია Qu Art-ი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში. გამოფენა ინსპირირებულია ჩინეთში, იმპერატორ ცინის სამარხში განლაგებული ტერაკოტის არმიით, რომელიც გარს ერტყა იმპერატორს და მის მარადიულ, მშვიდ ძილს იცავდა. უნდა ავღნიშნოთ, რომ Qu Art-ის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია სამხატვრო გალერეა. გალერეის კოლექცია შედგება მე-20, 21-ე საუკუნეების მხატვებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებისაგან. მათ შორისაა პიკასოს, მიროს, შაგალის, დალის, მურისა და სხვა ცნობილი ევროპელი შემოქმედების ნამუშევრები. Qu art-ის ამ კონკრეტული გამოფენის პროექტი წარდგენილი და მოწონებული იყო ევროკომისიის მიერ, რომელმაც ოფიციალურად მწვანე შუქი აუნთო ამ წამოწყებას. პროექტში მონაწილეობას იღებენ ევროპის 27 და ჩინეთის 3 მოქანდაკე. ქართველ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ კოსტის გეორგიუსის (საბერძნეთი), ალესანდრო ფილიპინის (იტალია), ფელიქს რულინის (ბელგია), ჯონ ატკინის (დიდი ბრიტანეთი) და სხვ. ნამუშევრები. გამოფენა შედგება 30 ცალი 2 მეტრის სიმაღლის სკულპტურისაგან, რომლებიც სიმბოლურად იმპერატორ ცინის არმიას განასახიერებენ. ცინის არმიამ თანამედროვე ფორმა და შინაარსი შეძინა და სრულიად ახალი, ორიგინალური სახით მოვიდა ჩვენამდე. ყოველთვის საინტერესოა, როდესაც ერთი კონცეფციის გარშემო ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნების, განსხვავებული მენტალიტეტის, მსოფლმხედველობის, განსხვავებული სტილის, მანერისა და წარმოსახვის მქონე ხელოვანები. აქედან გამომდინარე, გამოფენა მრავალფეროვანია როგორც ფორმითა და სტილით, შესრულების მანერით, ასევე, გამოსახვის საშუალებებით. მასალად გამოყენებულია რკინა, ბრინჯაო, ქვა, მინა და ქაღალდი. სტილი არის ტრადიციულიც და თანამედროვე კონცეპტუალურიც. პროექტი პირველად განხორციელდა 2011 წლის ნოემბერში, ჩინეთში, შანხაის ხელოვნების მუზეუმში. გამოფენა უკვე ექსპონირებული იყო ასევე ჩინეთის 8 მუზეუმში, რის შემდეგაც გადაინაცვლა ევროპაში. პირველი ევროპული გამოფენა მოეწყო ევროკავშირის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაში ესტონეთში, კერძოდ კი ტალინის ხელოვნების მუზეუმში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, აგვისტოს ბოლოს კი ჩინელ მეომართა არმიამ საქართველომდე ჩამოაღწია და წინანდლის მუზეუმში განთავსდა. საქართველოს შემდეგ გამოფენა განაგრძობს გზას ევროპისაკენ: ლისაბონში, როტერდამში, პრაგაში, პარიზში, ვენასა და ლონდონში. გამოფენის დასკვნითი ეტაპი შედგება 2015 წლის ივნისში, ბრუსელში. გამოფენის დევიზია ხელოვნება, როგორც მშვიდობის დესპანი. და მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური გაცვლებისა და დიალოგისათვის. ეს არის მეორე საერთაშორისო პროქტი, როდესაც თანამშრომლობა მოხდა Qu art-ს, N გალერეასა და კომპანია Silk Road ჯგუფს შორის. პირველი გამოფენა შედგა 3 წლის წინ. სალვადორ დალის გამოფენა, რომელიც ასევე წინანდლის მუზეუმში იყო ექსპონირებული. გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრებით ხელოვნებათმცოდნე ნინო მეტრეველს. news. ge - როგორ დაიბადა პროექტის იდეა? პროექტის იდეის ავტორია Qu arti, კერძოდ კი ქ-ნი პიკ თეობანდითი. ეს არის მშვიდობის არმია, რომელიც ჩინეთსა და მთელ ევროპას მოივლის, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის კულტურული და ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გამართვას. news. ge - რითია ის მნიშვნელოვანი ქართველი დამთვალიერებლისათვის? ქართველი დამთვალიერებლისათვის მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვართ განებივრებული ამგვარი საერთაშორისო პროექტებით. ხელოვნებათმცოდნეებს, მხატვრებსა და უბრალოდ ხელოვნების მოყვარულებს საშუალება აქვთ გაეცნონ ევროპისა და ჩინეთის წამყვანი სკულპტორების ნამუშევრებს, ეზიარონ დასავლურ კულტურას, შეაფასონ იგი. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპისაკენ. news. ge - ვინ ჩამოვიდა საქართველოში უცხოეთიდან ამ პროექტის მხარდასაჭერად? პროქტის მხარდასაჭერად ჩამოვიდა თავად Qu artის ვიცეპრეზიდენტი პიკ თეობანდითი და ბელგიელი ჟურნალისტი ფრანსუაზა დარე. გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩები. news. ge - როგორ დაარსდა N გალერეა და რას გეგმავს ის მომავალში? N გალერეა დაარსდა 1998 წელს. გალერეა ორიენტირებულია თანამედროვე და კონცეპტუალურ ხელოვნებაზე. 2006 წელს გალერეამ შეიცვალა მუშაობის ფორმა. ძირითადად საერთაშორისო პროექტებზე გადაერთო. 2008 წლიდან თანამშრომლობს ავსტრიულ გალერეასთან. ეს არის GMA გალერეა ქალაქ ვენაში. გაკეთდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის ქართველ მხატვართა გამოფენები. საქართველოში კი ჩამოვიტანეთ სალვადორ დალის გამოფენა, რომელიც ასევე წინანდლის მუზეუმში იყო წარმოდგენილი. პარალელურად, ამ ბოლო წლებში, N გალერეამ თავისი პროგრამის -“ქარავანსარაის” ფარგლებში გამართა გამოფენები სხვადასხვა ქვეყნებში. აქდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოფენა „ვერა ფაღავა, ელენე ახვლედიანი და XX საუკუნის ქართული მხატვრობა”, რომელიც პარიზის მონპარნასის მუზეუმში იყო წარმოდგენილი. დღეისათვის დამუშავების პროცესშია რამდენიმე პროექტი, რომელსაც იმედი გვაქვს,  განვახორციელებთ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია