დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯოზეფ კეი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "მორიგ ტყუილში" ადანაშაულებს
ავტორი:
2013/09/09 14:20:11
 ჯოზეფ კეი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "მორიგ ტყუილში" ადანაშაულებს ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელი, ჯოზეფ კეი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "მორიგ ტყუილში" ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯოზეფ კეის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ჯოზეფ კეის პატარკაციშვილების ოჯახის მიერ ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის მითვისებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
"6 სექტემბრის განცხადებაზე პასუხი მხოლოდ ერთი მიზნით გადავწყვიტეთ. ინა გუდავაძე და მისი კრიმინალური ჯგუფი კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და ამ ფორმით საზოგადოების, ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დაშანტაჟებას, თუმცა მათგან სარკაზმით გამოთქმული ვერსია ჩვენ რეალობად გვინდა მივიღოთ და გვინდა გვჯეროდეს, "საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სხვადასხვა მაქინაციებითა და საყოველთაოდ ცნობილი თაღლითების წახალისებით სხვათა საკუთრების ხელყოფას ახერხებდა" ვინმე! ხაზგასმით აღვნიშნავთ: ჯოზეფ კეის პატარკაციშვილების ოჯახის მიერ ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის მითვისებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია! უფრო მეტიც, ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის შპს "ტელეიმედის" ჰოლდინგისათვის გადაცემა მოხდა სააკაშვილის ხელისუფლებასა და ინა გუდავაძის შორის შეთანხმების დადებიდან რამდენიმე თვეში, 2012 წლის თებერვალში, მაშინ როცა ჯოზეფ კეის იძულებით დატოვებული ჰქონდა საქართველო. ფაქტები, წლები ისეთი რამაა, რომ ვერავინ გაექცევა და საპირისპიროს ვერ დაამტკიცებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ინა გუდავაძეს თავისუფლად შეეძლო კანონიერი მესაკუთრისათვის დაებრუნებინა ლიცენზია, თუმცა ეს თითქმის ერთი წელია არ გაუკეთებია.
"ჩვენთვის ნამდვილად უცნობია ტელეკომპანია "იბერიისათვის" წართმეული ლიცენზიის ახლა დაბრუნების რეალური მიზეზი, თუმცა ამ საკითხთან ჯოზეფ კეის სახელის დაკავშირება იაფფასიანი პროვოკაცია და ამორალური ქმედებაა მხოლოდ.
ალბათ, ასევე "კეთილი ნების" გამოხატულება იქნება როცა სასამართლო გადაწყვეტილებით რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დავიბრუნებთ, თუმცა ამ ჯგუფისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ფარატინა ქაღალდია.
წინა ხელისუფლების დროს გაუსაძლის ცხოვრებაზე საუბარს ჯობს იმაზე ისაუბრონ და აუხსნან საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2011 წლის 6 ივლისს რა შეთანხმებას მოაწერეს ხელი?! რატომ მიიღეს რამდენიმე ათეული მილიონის საგადასახადო შეღავათი?! წინა ხელისუფლების მხარდაჭერით როგორ გაძარცვეს საქართველოს ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით?! რის სანაცვლოდ და როგორ(ჯარისა და სპეცოპერაციებით) ჩაიგდეს ხელში რუსთავის მეტალურგიული ქარხანა?! თუ ამის "კეთილი ნება" ჯერ არ არსებობს?!", - განმარტავს კეის წარმომადგენლობა განცხადებაში.



წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/252175
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია