დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სირიის საგარეო უწყება - სირიის წინააღმდეგ საომარი ქმედება "ალ ქაიდას" მხარდაჭერის ტოლფასი იქნება
ავტორი:
2013/09/02 11:11:02

სირიის წინააღმდეგ ნებისმიერი საომარი ქმედება "ალ ქაიდასა" და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების მხარდაჭერის ტოლფასი იქნება. ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფაისალ მექდადმა განაცხადა. როგორც მექდადმა "ბიბისისთან" საუბრისას აღნიშნა, სირიაში ქიმიური იარაღი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა გამოიყენეს და არა – სირიის შეიარაღებულმა არმიამ. მისივე განცხადებით, სირიაში ამერიკის სამხედრო ინტერვენცია უფრო გააღრმავებს ამერიკელი ხალხისადმი სიძულვილს და დესტაბილიზაციას გამოიწვევს შუა აღმოსავლეთში. ამასთან, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ობამას გადაწყვეტილება მიემართა კონგრესისთვის და დალოდებოდა მის საბოლოო პასუხს, იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ბოლომდე არ აქვს გააზრებული, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სირიაში სამხედრო ინტერვენციამ. შაბათს, ბარაქ ობამამ სპეციალურ მიმართვაში აღნიშნა, რომ ის დაელოდება კონგრესის გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კონგრესმენები მხარს დაუჭერენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას. თუმცა, ობამას განცხადებით, თუ კონგრესი, რომელიც მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს, მხარს არ დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, ის უკან დახევას არ აპირებს. ამასთან, არაბული ლიგის ქვეყნები მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებენ, სირიის წინააღმდეგ აუცილებელი ზომები გაატარონ. თუმცა, ლიგის რამდენიმე წევრი ქვეყანა – ლიბია და ერაყი – მხარს არ უჭერენ ამ მოსაზრებას. სირიაში სამხედრო ინტერვენეციას ეწინააღმდეგება რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იორდანია, რომელიც უარს აცხადებს დამასკოში განსახორციელებელ ნებისმიერ საომარ ოპერაციაზე. სირიაში სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა გერმანიამაც. "გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს სამხედრო ინტერვენციაში. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, თუ იქნება ნატო-ს ან გაერო-ს მანდატი", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. აშშ-ს მთავარ მოკავშირედ სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების საკითხში კვლავ რჩება საფრანგეთი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს აშშ-ს და მიერ მიერ წამოწყებულ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. გასულ კვირას დამასკოში მუშაობა დაასრულეს გაერო-ს საგამოძიებო ექსპერტებმა, რომლებიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარმოადგენენ საბოლოო დასკვნას, მოხდა თუ არა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება. 21 აგვისტოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ქიმიური იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათასზე მეტია. სირიაში მიმდინარე 2-წლიან კონფლიქტს 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1,7 მილიონი კი იძულებით გადაადგილებულია.
წყარო: interpressnews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია