დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იშხნის ძირითადი კონსტრუქციის აღდგენა წლის ბოლომდე დასრულდება
ავტორი:
2013/08/29 15:56:02
იშხნის ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის აღდგენა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, იშხანში ქართველ სპეციალისტთა მეოთხე ვიზიტის შედეგები დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მერაბ ბოჭოიძის განცხადებით, ამ დროისთვის ტაძრის დასავლეთ მკლავზე გადაყვანილია საბჯენი თაღები, ცილინდრული კამარა და მოწყობილია გადახურვის კონსტრუქცია. მისი თქმით, ქართველმა სპეციალისტებმა უკანასკნელ თვეებში ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებზე თურქულ მხარეს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს და ერთობლივად იმსჯელეს ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის გადახურვის კონსტრუქციული მოწყობის დაგეგმილ და საკმაოდ რთულ ეტაპზე. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ერთადერთი, რაც პრობლემად რჩება ტაძარზე განხორცილებული ქვის ფილისა და მოპირკეთებაა, რაც ქართულისაგან განსხვავდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ტაძრის აღდგენა ნორმალურად მიმდინარეობს. ტაძრის მშენებლობაში გამოყენებული მასალა ხარისხიანია. პრესკონფერენციაში კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ხელოვნების ისტორიკოსი ირინა გივიაშვილი და არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკო ზაზუნიშვილი მონაწილეობდნენ. მათ კმაყოფილება გამოხატეს გაწეული სამუშაოების გამო და აღნიშნეს, რომ თურქული მხარე მზად არის რეკომენდაციები მიიღოს და გაითვალისწინოს. მინისტრის მოადგილის მარინა მიზანდარის განცხადებით, ამჯერად ქართველი სპეციალისტები ადგილზე იშხნის სამონასტრო კომპლექსის საპროექტო ჯგუფის ავტორებს კომპანია " ამფორა მიმარლიკი" არქიტექტორ-რესტავრატორებს შეხვდნენ, რათა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით არსებული სირთულეები ერთობლივად გადაწყდეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თურქი სპეციალისტები იცავენ ძეგლის აღდგენა-რეკონსტრუქციის მეთოდოლოგიას. ირინა გივიაშვილის განცხადებით კი, ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით თანამშრომლობა ორ მხარეს შორის სამუშაო რეჟიმშია გადასული. მისივე თქმით, თურქული მხარე თანახმაა იშხნის აღსადგენად ნახაზების შექმნაში ქართველმა სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღონ. მან კულტურის მინისტრს თურქეთის მხარის ერთი მნიშვნელოვანი მესიჯიც გადასცა. კერძოდ, თურქეთის მხარე მომხრეა იშხნის პროექტზე მუშაობა თურქი და ქართველი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მოხდეს. ამასთან, პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ოშკის დროებით რეაბილიტაცია გადაიდო. იშხნის რეაბილიტაციის მაგალითზე თურქეთის მხარე ოშკთან დაკავშირებით აღარ ჩქარობს და ცდილობს უფრო დეტალურად გაერკვნენ რეაბილიტაციის პროექტში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია