დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მუსლიმები მინარეთის დაბრუნებას პარასკევამდე დაელოდებიან
ავტორი:
2013/08/28 17:43:02
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მუსლიმი მრევლის აქცია დასრულდა, თუმცა ჭელიდან, წალკიდან და ხულოდან ბათუმში ჩასული მორწმუნეები პარასკევამდე დაშლას არ აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საღამომდე დაელოდებიან მთავრობის პასუხს მინარეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, ხოლო პარასკევამდე თუ არ დაუბრუნებენ მინარეთს, ბათუმში პერმანენტულ აქციებს გამართავენ. დღევანდელ აქციაზე ჭელაში სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლის დროს დაპატიმრებული და ჯარიმის შედეგად გათავისუფლებული პირებისთვის ჯარიმის გაუქმებაც მოითხოვეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დანაპირები, მინარეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა. "პრემიერ-მინისტრის შეპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადმოგვცა, რომ მინარეთი დღეს საღამომდე დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ მაინც პარასკევამდე მივეცით დრო. ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, თუ დაგვიბრუნდება მინარეთი, ეს ფაქტი საქართველოს დემოკრატიის განვითარებას შეუწყოს ხელს. ჩვენ დაველოდებით პარასკევამდე. ასევე მოვითხოვთ, ახალგაზრდებს, რომლებიც დააპატიმრეს და შემდეგ დააჯარიმეს, მოეხსნათ ჯარიმები", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. საპროტესტო აქციაზე მრევლმა ლოზუნგებიც გამოფინა: "თავისუფლება პატიმარ მინარეთს!", "დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას მუსლიმთა უფლებებიც" და სხვ. აქციის მონაწილეებმა განმარტეს, რომ მინარეთის მოხსნა არის ისეთივე შეურაცხყოფა, როგორიც ეკლესიაზე სამრეკლოს მოხსნა. "ეს როგორი ტკივილიანიც არის ქრისტიანისთვის, ისეთივე ტკივილი განვიცადეთ ჩვენ", - აღნიშნეს აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა. მათივე თქმით, ყველა აღმსარებლობის ადამიანს საქარეთველოში უნდა ჰქონდეს თავისუფლება.ჭელაში მომხდარი ინციდენტი ფრიდონ გობაძემ გაიხსენა, რომელიც პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დააპატიმრეს. როგორც ის აცხადებს, მისი დაპატიმრების შესახებ მისმა ბაბუამ გაიგო, რის გამოც ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა: "პოლიცია მოვიდა მანქანებით. სპეცრაზმიც იყო და აიღეს მინარეთი. ჩვენ არ გვიშვებდნენ მეჩეთის სიახლოვეს, არ გვქონია იარაღი და არაფერი დაგვიშავებია. დაგვაკავეს, გვცემეს და წაგვიყვანეს ახალციხის სამმართველოში. დაპატიმრების ამბავი ბაბუაჩემს გაუგია და ერთი საათის შემდეგ გარდაცვლილა", - აღნიშნა ფრიდონ გობაძემ.ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მიმდინარე აქციას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე არ ესწრებოდა. აქციის პერიმეტრს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებდნენ. აქციაზე იმყოფებოდა ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია