დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ავთანდილ ადუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე მურთაზ გერგედავა დაიკითხა
ავტორი:
2013/08/27 19:18:02
ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მესამე მოწმე, ბრალდებული მურთაზ გერგედავა დაიკითხა. სასამრთლო პროცესზე ბრალდებულმა მურთაზ გერგედავამ განაცხადა, რომ ბრალდებულებთან ვლადიმერ ქარჩავასთან და კობა ყურუასთან ერთად მკურნალობას ფოთში, მეტადონის პროგრამაში გადიოდა. ამ მიზნით გერგედავა საკუთარი მანქანით ვლადიმერ ქარჩავასთან ერთად ხობიდან ფოთში რეგულარულად დადიოდა. გერგედავამ გაიხსენა, რომ ერთ დღეს, ავტომანქანით მგზავრობის დროს აღნიშნულ პირებთან ერთად იმყოფებოდა გელა უბილავაც. მისგან შეიტყო, რომ არსებობს ბიზნესმენი, რომელსაც ბიზნესი სომხეთში აქვს. გერგედავას თქმით, გელა უბილავას ამ ბიზნესმენის სახელი და გვარი არ დაუსახელებია. უბილავამ მათ უთხრა, რომ ბიზნესმენს სომხეთში 50 000 დოლარი უნდა წაეღო და ეს თანხა მათ უნდა მოეპარათ. გერგედავამ გაიხსენა ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობამდე სამი დღით ადრე მომხდარი ფაქტები. კეძოდ, მისი განმარტებით, გასული წლის 19 ნოემბერს ბრალდებულები: გერგედავა, გელა უბილავა, ვლადიმერ ქარჩავა და კობა ყურუა გერგედავას ავტომანქანით ჩამოვიდნენ თბილისში. იმყოფებოდნენ ხუდადოვზე ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიასთან, ასევე ადუაშვილის სახლთან ავჭალაში. 20 ნოემბერს აღნიშნული ბრალდებულები გერგედავას მანქანით ხუდადოვიდან აედევნენ ბიზნესმენ ადუაშვილის ავტომანქანას, თუმცა, ადუაშვილის კვალი დინამოს სტადიონთან შუქნიშანზე დაკარგეს. უბილავამ ამის გამო გერგედავას უსაყვედურა, შემდეგ უთხრეს მანქანიდან გადასულიყო. ავტომანქანაში კი დარჩნენ ბრალდებულები : ყურუა, უბილავა და ქარჩავა. გერგედავასთვის უცნობია, თუ რაზე საუბრობდნენ მანქანაში მარტო დარჩენილები. სასამრთლო პროცესზე გერგედავამ განაცხადა, რომ 21 ნოემბერს მან გადაიფიქრა საქმეში მონაწილეობა, 22 ნოემბერს დილით გერგედავას დაურეკა გელა უბილავამ და უთხრა, რომ მიიღებდა მის წილ 1 500 დოლარს. გერგედავა აცხადებს, რომ ბოლოს ტელევიზიით შეიტყო მკვლელობის შესახებ. ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის შემდეგ, გერგედავას ისევ დაუკავშირდა უბილავა და მოსთხოვა, დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო სტამბულში. გერგედავას თქმით, იგი ჯერ ბათუმში ჩავიდა, ხოლო იქიდან ავტობუსით _ სტამბულში, სადაც მას დახვდნენ კობა ყურუა და ვლადიერ ქარჩავა. ისინი ერთად ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ცხოვრობდნენ.როგორც გერგედავა აცხადებს, მან ჰკითხა აღნიშნულ პირებს ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ. გერგედავას თქმით, 50 000 დოლარიდან 1500 დოლარი მისცეს მას. დანარჩენი თანხა კი სამმა პირმა გელა უბილავამ, კობა ყურუამ და ვლადიმერ ქარჩავამ თანაბრად გაიყვეს. გერგედავამ სასამართლო პროცესზე ვერ დააკონკრეტა, არის თუ არა ბიზნესმენი ზემოთ აღნიშნული სამი პირის მოკლული. მისივე თქმით, სტამბულში ყოფნის დროს გადაწყვიტა, თუკი მას პოლიცია მოიძიებდა, იგი აუცილებლად იტყოდა ამ საქმის შესახებ რაც იცოდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 13:30 საათზე განახლდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია