დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საშემოდგომო სამხედრო-სავალდებულო გაწვევა დაიწყო
ავტორი:
2013/08/27 15:42:02
2013 წლის საშემოდგომო სამხედრო-სავალდებულო გაწვევა დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს , "სამხედრო-ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ივლისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოში საშემოდგომო სამხედრო-სავალდებულო გაწვევა დაიწყო. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2013 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომოდ გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 7551 წვევამდელით განისაზღვრა. აქედან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გაწვეული იქნება 4730 მოქალაქე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში - 1480 მოქალაქე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარები საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში - 1341 მოქალაქე. პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან, წვევამდელი ასაკის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში, საცხოვრებელი ან/და რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. გასაწვევი მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება ხორციელდება საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში მოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ, რასაც შესაბამის სამხედრო უწყებებში მათი გადანაწილება მოჰყვება. კანონის შესაბამისად, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. საქართველოს კანონმდებლობით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმით - 1000 ლარი. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების ან შეტყობინების უგულებელყოფის შემთხვევაში (მითითებულ ვადაში მითითებულ ადგილზე გამოუცხადებლობა), წვევამდელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მსურველთათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში. გაწვევის მთელი პერიოდის განმავლობაში, დარღვევების ან გადაცდომების პრევენციისთვის, იმუშავებს ცენტრალური გამწვევი კომისიის ცხელი ხაზი, ნომრებზე - 251 07 94, 251 07 89. 2013 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გასტანს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია