შორიდან ყველაფერი ლამაზია. შორიდან ემზარ შალამბერიძესაც აწყობილი ეგონა ჩვენი სახელმწიფო, იმდენად აწყობილი, რომ გადაწყვიტა, ბინა ქუთაისის მერიისთვის ჩაებარებინა, სანაცვლოდ კი მოლდავეთში, ქალაქ კიშინიოვში, დაეხმარებოდნენ ბინის შეძენაში ჩვენი ქალაქის ადგილობრივი ხელმძღვანელობები. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი წერილის გამართვაში დახმარება მთხოვა. თაბახის ოთხი, სავსე ფურცელი შეკავებული ღიმილით წავიკითხე მისი თანდასწრებით და სიტყვების ძებნა დავიწყე - როგორ დამერწმუნებინა ჭარმაგი კაცი იმაში, რომ ამ წერილის გაგზავნას აზრი არ ჰქონდა. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მამა-შვილურად ვურჩიე, უიმედო იმედი არ გასჩენოდა.
- როგორ, სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს ემიგრანტებზე? - აქცენტიანი ქართულით მითხრა და უნდობლად შემომხედა. მე შევეცადე, ამეხსნა, რომ ჩვენი სახელმწიფო ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია და ის ამბები, რაც მას ესმის, ზღაპარივით გაბუქებულია... - „როგორ კაცო, როგორო? საკუთარი ყურით მოვისმინე, პრეზიდენტი რო მეპატიჟებოდა სამშობლოში, ორმაგი მოქალაქეობა მომცა და ასე რანაირადო? - უჭირდა დაჯერება, მაგრამ დაიჯერა. დაიჯერა ის, რომ მის პრობლემას სახელმწიფო (ჩვენი) ვერ მოუგვარებდა და საკუთარი ძალების მობილიზებით გადაწყვიტა თავისი თავის დახმარება. იმედგაცრუებამ, რომელიც, ჩემდაუნებურად, სიმართლის თქმით გამოვიწვიე ამ სანდომიან კაცში, ჩემზე ძალიან იმოქმედა და სანაცვლოდ, გულზე მალამოდასადებად, ჩვენს გაზეთში მასზე წერილის გამოქვეყნება შევთავაზე. თავიდან იუარა, მერე კი დამთანხმდა.
- მე ქართველი კაცი ვარ, ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში დაბადებული ემზარ იოსების ძე შალამბერიძე. ახლა კი მოლდავეთის მოქალაქე გახლავარ და ქალაქ კიშინიოვში ვცხოვრობ. - ასე დაიწყო და, აქცენტით, ისეთი საინტერესო ამბები მიამბო საგაზეთო სტატიის ფორმატს ბევრად რომ სცილდებოდა...
***
1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს დავიბადე ვანის რაიონში სოფელ დიხაშხოში. რვა შვილი ვყავდით მშობლებს, ძალიან გვიჭირდა, ნახევარჯერ მშივრებს დაგვძინებია, მაგრამ ისეთი დედა გვყავდა, ისეთ ტკბილ სიტყვას გვეტყოდა, შიმშილიც კი გვავიწყდებოდა, ყოველ ღამით იმის იმედით ვიძინებდით, რომ დილით უკეთესი დღე გათენდებოდა. თენდებოდა კიდეც, ღმერთი მუდამ გვიჩენდა საზრდოს, ბოლომდე არ გვწირავდა, თუმცა შრომითაც ბევრს ვშრომობდით. ვისაც რა შეგვეძლო, დაუზარებლად ვაკეთებდით. სოფელში, ხომ იცით, რამდენი საქმეა, საქმეს ვერ გამოლევ. მე ყველაფერი მაინტერესებდა, მინდოდა ბევრი რამ მესწავლა, საღამოს სკოლაში გადავედი და დღისით დიხაშხოს კოლმეურნეობის მძღოლის თანაშემწედ ვმუშაობდი. ინტერესი მქონდა, მძღოლობა მესწავლა, მაშინ ამაზე უკეთესი პროფესია არ მეგულებოდა.
1960 წელს ვანში ააშენეს საკონსერვო ქარხანა, იქ სჭირდებოდათ „კაჩიგარი“. მშობლებმა დაითანხმეს დირექტორი და მიმიღეს ცეცხლფარეშის მოადგილედ. მერე გამოცდა ჩავაბარე და დამაწინაურეს.
ცეცხლფარეში რომ გავხდი, სიხარულით დავფრინავდი, მაგრამ ღამის სკოლაში ვეღარ დავდიოდი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ხელფასსაც კარგად მიხდიდნენ. ოჯახს ვეხმარებოდი.
1961 წლის 18 ნოემბერს გამიწვიეს ჯარში. მოვხვდი მოლდავეთში, ქალაქ კიშინიოვში, სატანკო ნაწილში. გამომადგა მძღოლის თანაშემწედ მუშაობა. ნაწილში არ ყოფნიდათ ტანკის მძღოლები. რამდენიმე ჯარისკაცში მეც მოვხვდი, გვასწავლეს ტანკის მართვა და დამნიშნეს ტანკის მძღოლად. რამდენჯერ მიფიქრია, ახლა გადმოახედა-მეთქი დიხაშხოელები! განსაკუთრებით კოლმეურნეობის მძღოლს შეეხედა მინდოდა. ჯარში თავი გამოვიჩინე და დამაწინაურეს. შვებულებითაც გამომიშვეს შინ 10 დღით. იმ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, დედაჩემი გაგიჟდა, ისეთი შეცვლილი ვიყავი. ათი დღე მალე გავიდა, თავის დროზე ჩავედი ნაწილში. ჯარს რომ ვამთავრებდი, ჩვენს ნაწილში მოვიდა ავეჯის ქარხნის დირექტორი და შემოგვთავაზა სამსახური. ვინც დათანხმდებოდა, საერთო საცხოვრებელში ბინას და კიშინიოვში ჩაწერას დაგვპირდა. ასეთ შემოთავაზებებზე უარი ვერ ვთქვი - იმის გათვალისწინებით, შინ რომ დავბრუნებულიყავი გაჭირვებაში ცხოვრება მელოდა.
ვიფიქრე, ფულს დავაგროვებ, მერე ჩავალ სახლში და ოჯახს გავმართავ წელში-მეთქი. მაშინ იმას რა მაფიქრებდა, რომ სამუდამოდ დარჩენა მომიწევდა. მამაჩემს წერილით გავაგებინე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მან ასე მომწერა: „შვილო, სადაც უნდა შენს გულს, იქ იცხოვრე, მხოლოდ ქართული წესი და ადამიანობა არ დაკარგო.“ მამის სიტყვები დღემდე ჩემი ცხოვრების წესია.
ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ტექნიკა. 1965 წელს კიშინიოვში გაიხსნა ამწეკრანებისა და ექსკავატორების სასწავლებელი. დავწერე განცხადება და ჩავირიცხე. მაშინ ძალიან ჭირდა მძიმე ტექნიკის მძღოლები. ამწეკრანზე ვმუშაობდი. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წლის იუბილეზე დამაჯილდოვეს, როგორც მოწინავე მუშა და ჟურნალ-გაზეთებშიც გამომწერეს. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ეკონომიურად რომ მოვძლიერდი, შევირთე ცოლი, უკრაინელი ქალი. შეგვეძინა ბიჭი ზურაბი. თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდი საქართველოში. მოვინახულებდი დედას (მამა ადრე გარდამეცვალა), დედმამისშვილებს, ნათესავებს და გამითბებოდა გული, გახარებული ვბრუნდებოდი ისევ კიშინიოვში.
ვიდრე ახალგაზრდა ვიყავი, იმდენად ვერ ვგრძნობდი სამშობლოს მონატრებას, რაც უფრო წლები მომემატა, მით უფრო მიჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა. მუდამ ვცდილობდი, სანიმუშოდ მოვქცეულიყავი, რომ ჩემი ქვეყანა არ შემერცხვინა, ძალიან განვიცდიდი, ვინმე ქართველის ლანძღვას რომ მოვისმენდი, ჩემს თავზე ვიღებდი. სამწუხაროდ, პირველ ცოლს გავშორდი. ძალიან განვიცადე, მაგრამ უპატიებელი შეცდომების პატიება არასოდეს შემეძლო, თავმოყვარეობის შელახვა ძნელია. შვილთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. საუკეთესო შვილი და შვილიშვილები მყავს.
ამჟამად მყავს არაჩვეულებრივი ცოლი, ვალია. ის არის ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი. პირველი ქორწინება მასაც არ გამოუვიდა. ჰყავს გოგო და ბიჭი. ისინი ჩემთვის შვილებივით არიან. თუ ადამიანი გიყვარს, მისთვის საყვარელი ხალხიც გიყვარს. მე არ მომწონს ქართველების ზოგიერთი წესი, ქალი მეორედ არ უნდა გათხოვდეს, თუ შვილები ჰყავსო. ქალი მონა არ არის. მას სჭირდება ბედნიერება, მარტო არავინ უნდა დარჩეს, ყველამ თავისი ტოლი უნდა მოძებნოს. ჩვენ ისეთ ასაკში ვიმყოფებით ახლა, ერთმანეთის პატრონები ვართ, შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ. შვილს მანამდე სჭირდები, ვიდრე პატარაა, მერე, როცა დამოუკიდებელი გახდება, აღარ სცალია შენთვის, - განა იმიტომ, რომ არ უყვარხარ, როგორ არ უყვარხარ, მაგრამ თავისი ცხოვრება აქვს.
მე ძალიან მტკივა გული, რომ საქართველოდან ბევრი ქალი სამუშაოდაა საზღვარგარეთ. ეს არ შეიძლება. როგორ, ქალმა უნდა არჩინოს ოჯახი? კაცი სად არის?! რა დაემართათ ჩვენს ქართველ კაცებს? რატომ გაზარმაცდნენ?! ცოტა, ქალების ბრალიცაა, მეტ ტვირთს რომ აიღებს მხრებზე. მე ჩემს დედას და ცოლს სამუშაოდ არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი. დღე და ღამე ვიმუშავებდი, არანაირ საქმეს არ ვითაკილებდი ოჯახის სარჩენად. ახლა რა გამოვიდა, დაინგრა ოჯახი. ცოლი და ქმარი რომ 5-6 წელს არ ნახავს ერთმანეთს, რა ცოლ-ქმრობაზეა საუბარი. ეს საკითხი აუცილებლად გადასახედია, სახელმწიფომ რამე უნდა იღონოს, შვილი დედამ გაზარდოს. ეს ბუნების კანონების დარღვევაა, ცხოველიც და ფრინველიც არ დატოვებს შვილს და დედამ არაფრის გულისთვის არ უნდა დატოვოს, სიმდიდრე რა მოსატანია შვილთან.
ძნელია, ძალიან ძნელია სამშობლოდან შორს ყოფნა. ვინ იცის რამდენი ღამე თეთრად გამითენებია ჩემიანებზე ფიქრით. ნახევარ საუკუნეზე მეტია, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, ამდენივე დროა, რაც მონატრება და ფიქრი მაწუხებს. ახალგაზრდა რომ ვიყო, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი. აუცილებლად დავბრუნდებოდი ჯარიდან ჩემს დიხაშხოში, ჩემს ლამაზ სოფელში, ჩემს სისხლთან და ხორცთან, მეზობლებთან, ტრადიციებთან... მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს ჩემს დაბრუნებას. მე რაღა შემიძლია, რომ გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, ან თუნდაც ოჯახისთვის!
ამჯერად ჩამოვედი იმიტომ, რომ ძმისშვილი დამეღუპა, ექვსი შვილის მამას გული გაუჩერდა, მოსკოვში მუშაობდა. ძალიან განვიცადე. ერთი ფიქრით, სამშობლოში დარჩენა გადავწყვიტე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე. ჩემი ახალგაზრდობა, კაცობა და სიბერეც მოლდავეთთანაა დაკავშირებული, მეგობრები ახლობლები, საყვარელი მეუღლე, შვილი და შვილიშვილი იქ მყავს, მათ გარეშე მე არავინა ვარ, იქ ზურიკოს მამა ვარ, ვალიას მეუღლე, აქ კი - მარტო ბიძა და ერთი ემიგრანტი ნათესავი, რომელიც ათასში ერთხელ ჩამოდის. ჩამოდის და მცირედი საჩუქრების ჩამოტანასაც ვერ ახერხებს. ასეთი არავის სჭირდები.
წლების წინ ნაყიდი ბინა მაქვს ქუთაისში. როცა ბინა ვიყიდე, უზომოდ გავიხარე, გამიხარდა, რომ ჩემი სახლი მქონდა სამშობლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, იძულებული ვარ, გავყიდო. იმედი მქონდა, ბინის გაცვლაში დამეხმარებოდა სახელმწიფო. მაგრამ თურმე ასეთი საკითხებისთვის აქ არავის სცალია. ალბათ, მეც არ მაქვს უფლება, ბევრი მოვთხოვო სამშობლოს, რადგან თავად არაფერი გამიკეთებია მისთვის. ერთის გარდა: არსად შემირცხვენია ოჯახი და ქვეყანა. ვცდილობდი გაათმაგებული სიყვარული და პატივისცემა მომეპოვებინა, რათა არ შემერცხვინა საქართველოს სახელი და მთავარი: ყოველთვის ვანთებ სანთელს და ღმერთს შევთხოვ ჩემი ქვეყნისა და ხალხის ბედნიერებას. მჯერა, რომ ღმერთი დაიფარავს ჩვენს ქვეყანას. ჩემი მისიაც ეს არის, ალბათ - საქართველოდან შორს მყოფმა ერთმა ქართველმა ილოცოს მონატრებული სამშობლოსთვის.
ლელა თოლორდავა