დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უნივერსიტეტი მედიას და არასამთავრობოებს თანამშრომლობას სთავაზობს
2012/11/07 15:49:29

6 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში მიიწვია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რექტორმა, პროფესორმა გიგა ღავთაძემ ისაუბრა იმაზე, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე კარგ ტრადიციად იქცა და მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან შარშან გამართულ დიალოგებს უკვე მოჰყვა პირველი კონკრეტული ნაბიჯებიც. გიგა ღავთაძის თქმით, „ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება. უნივერსიტეტი ზრუნავს საზოგადოების ჩართულობაზე ჩვენს შიდა პროცესებში. ჩვენ მზად ვართ, ღიად გავაჟღეროთ ყოველი ახალი ინიციატივა. თქვენგანაც მოველით მსგავს შემოთავაზებებს. გავაღრმაოთ კავშირები, შევქმნათ თანამშრომლობის სამკუთხედი.“ რექტორმა იქვე დაასახელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთანაც უნივერსიტეტმა, პრაქტიკულად, უკვე დაიწყო თანამშრომლობა. მედიის სფეროდან მოიხსენია გაზეთ „P.S.“-ის მიერ შეთავაზებული სამომავლო პროექტიც - „პრაქტიკული შემოქმედებითი სახელოსნო სტუდენტი ჟურნალისტებისათვის.“

ორსაათიან შეხვედრა-დიალოგში აქტიურად ჩაებნენ სტუმრებიც. ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაერთი პრობლემა განიხილეს და არაერთი საქმიანი წინადადება წამოაყენეს. განხილვის აქტიური საგანი გახდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, მის მიერ უზარმაზარი ბიუჯეტის სწორად განკარგვის, პოლიტიზირებულობისა და რიგით სტუდენტებთან ურთიერთობის თემა. გაჟღერდა ის აზრიც, რომ უნივერსიტეტი უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ქუთაისის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ სიტყვას ამბობდეს. საუბარი შეეხო საკადრო პოლიტიკას, სწავლების დონის ამაღლებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობას, სახელმწიფო პოსტებზე საუნივერსიტეტო რესურსის გამოყენებას და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან თემას. დაისვა საკითხი იმის შესახებაც, რომ უნივერსიტეტმა თავისი საქმიანობის გასაშუქებლად უფრო აქტიურად უნდა მიმართოს სოციალურ ქსელებს. მათ ამჟამინდელ ვებ-გვერდს კი თავად რექტორმა უწოდა „არამეგობრული ვებ-გვერდი, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.“

შეხვედრა-დიალოგი ა ლა ფურშეტით დასრულდა.

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია