დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სრულყოფილებასთან ახლოს - ასეთი იყო ქეთევან ძოწენიძე“
2013/05/13 13:00:28

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გამოჩენილი ენათმეცნიერი ქეთევან ძოწენიძე ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელში, ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს განისვენებს. ასევე, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეს მოეხსენება მისი იმ ფუნდამენტური ნაშრომების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვნად შეავსეს ქართული ენათმეცნიერების საგანძური.

 

წიგნი, რომელიც ახლა გამოვიდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს დიდებული მეცნიერის, მკვლევარის, მოქალაქის, პიროვნების ღვაწლს.

„სრულყოფილებასთან ახლოს - ასეთი იყო ქეთევან ძოწენიძე“ - ამ სახელწოდებით გამოსცა პროფესორმა ჟუჟუნა ფეიქრიშვილმა თავისი დიდი მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი. მან, რედაქტორ-შემდგენელმა, საფუძვლიანად დაამუშავა მეცნიერის პირადი არქივი, მოიძია და დამატებითი მასალებით შეავსო იქ არსებული დოკუმენტები. წიგნს ახლავს მისივე წინასიტყვა, შესავალი, დართული აქვს საყურადღებო შენიშვნები და კომენტარები, უხვად ილუსტრირებულია.

მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს ქეთევან ძოწენიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად თარიღებს, მისი შრომების ბიბლიოგრაფიას (შესულია გამოუქვეყნებელი შრომებიც), წაკითხულ მოხსენებათა ჩამონათვალს, მიმოწერას ცნობილ მოღვაწეებთან, მისდამი მიძღვნილ წერილებს და ლექსებს, თანამედროვეთა მოგონებებს. განსაკუთრებით საინტერესოა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული პოეტი - ჯარისკაცის, სევერიან ისიანის ფრონტული წერილები.

პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის დიდი ძალისხმევით, გაცოცხლებულია ენათმეცნიერი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრავალი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

„ცოტა მყოლია ისეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ენერგიული მოწაფე, როგორიც იყო ქუთაისის პედ. ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე, დოცენტი ქეთევან ძოწენიძე, რომელსაც მისი სტუდენტობის დროიდან ვიცნობდი,“ - ასე წერდა ქართული ენათმეცნიერების კორიფე აკაკი შანიძე. ქეთევან ძოწენიძის ნიჭიერებას და მეცნიერულ ალღოს ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ მისი ხელმძღვანელები: არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები.

„სახელთა ბრუნება პავლეს ეპისტოლეთა ძველი რედაქციის ხელნაწერთა მიხედვით“, „ზემოიმერული კილოკავი“ (ენობრივი მიმოხილვა და ტექსტები“, „ზემოიმერული ლექსიკონი“ - ეს ის უმნიშვნელოვანესი შრომებია, რითაც ქეთევან ძოწენიძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ენათმეცნიერებაში.

„... როცა ქეთევან ძოწენიძის არქივს გავეცანი, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ თანამედროვე საზოგადოებამაც უნდა გაიცნოს ერთი მშვენიერი ქალბატონის ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ცხოვრების ეპიზოდები, მისი სულის წუხილი... გაიცნოს და, ალბათ, ბევრი რამაც უნდა გაითავისოს,“ - წერს წინასიტყვაში პროფესორი ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. დიდი რუდუნებით, მონდომებითა და სიყვარულით შედგენილი ეს კრებული მართლაც იძლევა შესაძლებლობას, მიეახლო წარსულში გარდასული ქალბატონის ცხოვრებას, მის წარუშლელ ნაკვალევს.

ისიც ნიშანდობლივია, რომ წიგნში გამოკვეთილია კიდევ ერთი შესანიშნავი ენათმეცნიერი ქალბატონის, ქეთევან ძოწენიძის დისშვილის - პროფესორ ლეილა კვანტალიანის სახეც. ეს წიგნი, გარკვეულწილად, მის ნათელ ხსოვნასაც მიუძღვნა რედაქტორ-შემდგენელმა.

ამრიგად, მკითხველის წინაშეა ძალიან საინტერესო გამოცემა, რომელმაც არაერთი საყურადღებო ფაქტი და დოკუმენტი მოგვაწოდა და რომელიც, სიმბოლურად, პატარა ძეგლის მსგავსად დაუდგეს ნიჭსა და პროფესიონალიზმს.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია