დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
"ფეისბუქელთა" საპრეზიდენტო კანდიდატი – "ხალიანი დიმიტრი გელოვანი"
2013/05/10 22:51:46

 ორშაბათის მოსვლას დიდი ინტერესით ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რადგან ამ დღეს უკვე ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო  დაასახელებს ოფიციალურად თავის საპრეზიდენტო კანდიდატურას. აღარავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე სახეა, რომელიც მოიაზრება მომავალ პრეზიდენტად: კახი კალაძეს, ვახტანგ ხმალაძეს, ირაკლი ალასანიას, სალომე ზურაბიშვილსა,  არმაზ ახვლედიანს  და  სხვა სახეებს,  რომლებსაც ქართველი ელექტორატი ასე თუ ისე იცნობს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ალასანიას დატუქსვა მოჰყვა მის შიდაპარტიულ სამზარეულოში საპრეზიდენტო  ამბიციას და ვიცეპრემიერობაც ჩამოერთვა. ამბობენ, რომ მაშინ პრემიერ ივანიშვილს ,,ცეცხლი შეუნთო“ გარემოცვამ, აქაოდა ალასანიამ ,,უჩემოდ ვით იმღერეთა“-ს პრინციპი დაარღვიაო. მართალია, ალასანია აკადემიური სიმშვიდით შეხვდა ამ ფაქტს, მაგრამ მან ამით მხოლოდ მოიგო, რადგან პოლემიკა კიდევ უფრო დაძაბავდა სიტუაციას და შესაძლოა, ბოლომდე გაწყვეტილიყო  დამაკავშირებელი გაწვრილებული ძაფი მასა და პრემიერს შორის. სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ მედიაში დასმული შეკითხვა, ვინ იყო ყველაზე სასურველი კანდიდატურა ,,ქართული ოცნებიდან“, უპირობოდ ლიდერობს ირაკლი ალასანია. მართალია, არანაკლებ პოპულარულია დიპლომატი სალომე ზურაბიშვილიც, მაგრამ ამომრჩევლისათვის ალბათ სქესსა და ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა თუ არა, ქართველების უმეტესობა პატრიარქალური მოსაზრების ვართ და პრეზიდენტად ვამჯობინებთ მამაკაცს. ის კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტარმა ჩაფიძემ ჩამოთვალა, სოციალურ ქსელებში მხირული განწყობის საფუძველი აღმოჩნდა. ,,ასეთი მხოლოდ დიმიტრი იყო, გელოვანი და ისიც ნავთის რიგში მოკვდა“,_აცხადებდა ერთი ენამწარე ფეისბუქელი, თუმცა უმეტესობა ამ საკითხზე მსჯელობისას ამბობდა, რომ ქართულ სინამდვილეში ალასანიაზე მისაღები კანდიდატურა არ არსებობს.

 თვალი გავადევნოთ ირაკლი ალასანიას ცხოვრების გზას: იგი 1973 წლის 21 დეკემბერს ბათუმში დაიბადა. მუშაობდა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე. 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. ასევე_პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში (ეს სტატუსი მას ასევე შენარჩუნებული ჰქონდა გაეროში ელჩობის პერიოდშიც). 2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში. იმავდროულად იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

 შედარებით არასასიამოვნოდ ჟღერს ირაკლი ალასანიას უფრო ადრინდელი კარიერული კოლაჟი: 2002 წლის იანვრიდან ის იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან  ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს. მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1998 წლიდან, სადაც 2001 წლის სექტემბრამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის მუშაობდა დსთ-სა და რუსეთის დეპარტამენტში და აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში.

 საერთაშორისო სამართლის სპეციალისტ ალასანიას  შევარდნაძისა და სააკაშვილის ჩინოვნიკობის იარლიყით მისი ოპონენტები მოიხსენებენ, რაც, თავისთავად ცხადია, მის დისკრედიტაციას ემსახურება.

 როგორც ჩანს, თავად ალასანიაც  არის გარკვეული ნაწილობრივ, რამდენად დაუჭერს მას მხარს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. მან დავით პაიჭაძესთან, საზოგადოებრივ მაუწყებელში განაცხადა:   „საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევის სერიალების ბოლო სერია ნანახი მაქვს. დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს საბოლოო კანდიდატად და ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლივ კონსენსუსი.“

 ქართველების გაოცება რამდენჯერმე შეძლო პრემიერმა ივანიშვილმა, მათ შორის პირველი და ყველაზე გრანდიოზული მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა იყო. შესაძლოა, მან პოლიტიკურ საბჭოსთან ფორმალური საუბრისას ,,შეარჩიოს“ ის სახე, რომელსაც არავინ ელოდება.

 თუ ალასანიას დასახელება არ მოხდა, შესაძლოა მისი პოლიტიკური ამბიცია შემოიფარგლოს თავდაცვის მინისტრის პორტფელით, თუმცა პრეზიდენტობის მსურველთა ამალაში ის პიონერი გახლდათ არა მარტო ,,ოცნებელებიდან“, არამედ სხვა დანარჩენი სპექტრიდანაც. ბუნებრივია, რომ ირაკლი ალასანიას ჩრდილში ჩაყენება ქართული პოლიტიკური ელიტისათვის არ იქნება კოლორიტული და გამართლებული, რადგან მას იცნობენ, როგორც გაწონასწორებულ ლიდერს. სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ კიდეც, ,,ხალიანა“ არც ტრაილერს შეასკდება და მით უფრო_შარვალმიწუწული სურათებს არ დაალაგებინებს ოფიციალურ გვერდზეო.

 ნაკლებად სავარაუდოა, რომ ,,ქოცების“ წინააღმდეგ წავიდეს ირაკლი ალასანია, რადგან ,,ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ნებისმიერი კანდიდატურა იქნება გამარჯვებული შემოდგომაზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრობა ბევრად უფრო მასშტაბური და მისაღებია მისთვის, ვიდრე ,, პოლიტიკური უძღები შვილის“ სტატუსი. თუ ირაკლი წავა ,,ოცნების“ საწინააღმდეგოდ, ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა და კანდიდატი, გაკოტრდება.

წერილის ფინალში მინდა უცვლელად შემოგთავაზოთ ერთი ადამიანის მოსაზრება: "...ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე ხუთზე მეტ კანდიდატურას განიხილავს..."ელისო,"ოცნებას" თუ უნდა 25 კანდიდატურა განიხილოს, მაგრამ იმ ერთს, ვისაც მე "გთავაზობთ", ვერავინ შეედრება. შეხედავ - გესიამოვნება. მოუსმენ - დაგამშვიდებს. წარსული და ოჯახიშვილობა მაგას რომ აქვს, ისეთი უნდა... ახლა ცოლ-შვილს არ იკითხავთ?! დიპლომატიურ სარბიელზე - მხეცი, ბრძოლაში - ლომი... მოკლედ, თვით დიმიტრი გელოვანსაც კი შეშურდებოდა მისი...
ეხლა არ მკითხოთ, ვის გულისხმობო, თორემ გავგიჟდები!

 და მაინც, არ დაგვავიწყდეს, დღეს პოლიტიკურ ამინდს ვერც ჩაფიძე ქმნის და ვერც სხვა აქტიური თუ ნაკლებადაქტიური პოლიტიკოსი. მთავარი მაინც პრემიერია, რომელსაც შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო მარათონში იწვევს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია