"ამ დრომდე არც ერთი ჩემი პროგნოზი არ გამტყუნებულა და ჩემი შემდეგი პროგნოზი ასეთია - მე და ჩემი თანამოაზრეები შევქმნით  მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდა და არც ბიძინა არ უნდათ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 


მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია.

 

„სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა. სამწუხაროა, რომ 6 წლის მანძილზე ივანიშვილი გვებრძოდა მე და ჩემს პარტიას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“.  სწორედ,  ბიძინა ივანიშვილმა აქცია „ნაცინალური მოძრაობა“  მთავარ ოპოზიციურ ძალად.  "შუა უნდა გაიკრიფოს" პოლიტიკა  მისი ძალიან დიდი შეცდომა იყო“,  - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის  დღევანდელ მიმართვას, ნინო ბურჯანაძე მას იმედგაცრუებული ლიდერის გამოსვლად აფასებს და აცხადებს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის 6 წლიანი მმართველობით იმედგაცრუებული საზოგადოებაა.

 

„ის რაც  ივანიშვილმა დღეს აღიარა, არის იმის გამეორება, რასაც 6 წლის განმავლობაში მე ვეუბნებოდი მას, თავიდან საკმაოდ დელიკატურად, შემდეგ უფრო მკვეთრად, ბოლოს უკვე ძალიან მკაცრად. სამწუხაროდ, მან და მისმა გუნდმა  ეს ვერ შეისმინეს, მანამ სანამ ქართველმა ხალხმა სილა არ გააწნა.

 

"განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ წელიწადში, თურმე ყველა პრობლემას მოაგვარებს, სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. არ მინდა არავის ნიშნი მოვუგო, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საქმე დაზარალდა,  მაგრამ ივანიშვილს თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა  ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში  არ იქნებოდა, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში" - აცხადებს ბურჯანაძე.