დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი - ქუთაისს არაფერში ჭირდება ეს შენობა, ქუთაისს ჭირდება სერიოზული მიხედვა
2012/10/22 14:05:41

ახალმა ხელისუფლებამ ძველ ხელისუფლებას არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი, არამედ  შენობაც დაუწუნა. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, მას განსაკუთრებით წარმოუდგენლად მიაჩნია იმ სიცხის ატანა, რომელიც მინის თაღის ქვეშ იქნება ზაფხულში. რაც შეეხება პარლამენტის ისევ თბილისში დაბრუნებას, ეს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდება.

ბიძინა ივანიშვილი:  თბილისში გადატანაზე ძალიან სერიოზული საუბარი მიდის.  ამავდროულად ქუთაისლებს არაფერ საწყენს არ დავუტოვებთ. ქუთაისს არაფერში ჭირდება ეს შენობა, ქუთაისს ჭირდება სერიოზული მიხედვა, სერიოზული ყურადღება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს შესატყვისი ღირსება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.

კოალიციის ლიდერის მოსაზრებებს და განწყობებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იზიარებენ.

ზვიად ძიძიგური: მე ვფიქრობ, რომ ღარიბ ქვეყანას ასეთი ფუფუნების საშუალება არ უნდა ქონდეს და ეს არის სერიოზული პასუხისმგებლობა, რომ მრავალი მილიონი, რაც ხალხს უნდა მოხმარებოდა რატომღაც ახალი პარლამენტის შენებაში დაიხარჯა. ეს ჩემი განწყობაა.

ვახტანგ ხმალაძე:  ფრიად გასაკვირია ის, რომ  პრეზიდენტმა  დაიწყო  საუბარი  პარლამენტის შენობაში რაღაც  თაღის მოხნის თაობაზე.  თქვენც  ხედავთ  აქ როგორი ტემპერატურა დგას და მე უფრო მეტსაც გეტყვით - ამ შენობის მხოლოდ კომუნალური მომსახურება, დაახლოებით ორი მილიონით  მეტი ჯდება, ვიდრე თბილისში იმ პარლამენტის მომსახურება იყო. ეს ორი მილიონი არ არის წყალში გადასაყრელი, თან თურმე, ეს თაღი უნდა მოიხსნას;  თუ მოსახსნელია, რატომ აკეთებ.

გარდა შენობის დიზაინისა, უფრო წონადი პრეტენზიები უმრავლესობის წევრი პოლიტიკოსების მხრიდან ისაა, რომ გართულდება საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია და გაიზრდება ხარჯები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები  არ ეთანხმებიან ოპონენტებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა ყოველდღიური არ არის.

მიხეილ მაჭავარიანი: პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს არ დავუჭერთ. მთავრობის სახლი წინა შენობაშია, აქედან დაახლოებით 50 მეტრში.  მთავრობას  ყოველდღიური მუშაობა არ უწევს, მით უმეტეს ახალი რეგლამენტით პარლამენტის მუშაობა ფაქტიურად კონცენტრირებულია  კომიტეტის მოსმენებზე.  საპარლამენტო  სხდომები არის ერთ კვირაში,  ამიტომ უფრო მეტი დრო არის სამუშაოდ ამომრჩევლებთან. პარლამენტის წევრებთან მთავრობის  მუშაობას მე მგონი არაფერი ხელს არ შეუშლის.  პირობითად თუ სამშაბათს არის რაღაც საკითხი, რომელსაც მინისტრი უნდა ესწრებოდეს, მაგრამ თქვენ გახსოვთ რომ ბევრ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც წესი მინისტრის მოადგილეები, საპარლამენტო მდივნები მუშაობენ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემატურია.  გულწრფელად გეუბნებით, ეს არ იქნება არავისთვის პრობლემა, ისევე როგორც იმ ადამიანებისათვის,  რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტის დროს არ იყვნენ თბილისელები და თბილისში ჩამოდიოდნენ და მუშაობდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია