დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აქცია პარლამენტთან: ჩვენს გვერდით ბავშვები შიმშილით კვდებიან!
2013/03/23 23:26:28

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთი წლის  გოგიტა აბაშიძის შიმშილით გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მიმართული არის როგორც ხელისუფლების, ასევე ქართული საზოგადოების მისამართით. აქციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ სლოგანები: "ჩვენს გვერდით ბავშვები შიმშილით კვდებიან", "არ დამალო, თუ შენს გვერდით ვინმე შიმშილობს," „XXI საუკუნეში ადამიანი შიმშილით არ უნდა კვდებოდეს.“

 აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა მესხმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში ჩვილი ბავშვი შიმშილით მოკვდეს. მისივე თქმით, გუშინ აქციის მონაწილეებმა ქუჩაში 1100 ლარის შეგროვება შეძლეს და გუშინვე გაემგზავრნენ ბათუმში, თუმცა როდესაც თანხა ჩაიტანეს ბავშვი მალევე გარდაიცვალა. ოჯახს თანხა გადასცეს, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ მოახერხდა.

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ მიუხედავად აბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახის უმძიმესი მატერიალური მდგომარეობისა, ისინი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის პროცედურა რთულია და ის უნდა გამარტივდეს.

ერთი წლის ბავშვის შიმშილით გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვს არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია  "კონსტიტუციის 42–ე მუხლი," რომელიც ამის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.  

"42–ე მუხლს აუცილებლად მიაჩნია გამოძიებული იქნას ჩვილის გარდაცვალების ფაქტი, უპირველეს ყოვლისა კი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხვდა აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში. უნდა დადგეს შესაბამისი სოციალური სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი და შესწავლილ იქნას მიზეზი და გარემოება, რამაც განაპირობა სამედიცინო დაწესებულებისათვის გვიან მიმართვა“ -  ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"კონსტიტუციის 42–ე მუხლი" ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ  პირველი რიგში უნდა გადახედოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის კრიტერიუმებს, ასევე ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში შესაბამისი სამსახურის შექმნა რომელიც ბავშვთა უფლებებზე და მათ ჯანმრთელობაზე იზრუნებს.  

გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და მის გამოძიებას ითხოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

"ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება ყოველი ჩვენგანის, ჩვენი ერის ტრაგედიაა. ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია, რადგან მე, როგორც ამ კუთხის შვილს და რეგიონის ხელმძღვანელს, უფლება არ მაქვს შევეგუო მსგავს ფაქტებს. დღეს საქართველოს მართავს მთავრობა, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი და ღირებულია ადამიანი - მისი სიცოცხლე და უფლებების დაცვა.

მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება, რათა დროულად მოვახდინოთ სათანადო რეაგირება. ასევე მინდა, გამოვეხმარო და მადლობა გადავუხადო დღეს გამართული აქციების მონაწილეებს საზოგადოებრივი მხარდაჭერისათვის. დღევანდელი ფაქტი მთელი საზოგადოების ტრაგედიაა და ეს აღარ უნდა განმეორდეს" - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, "ვერცერთი ხელისუფლება ვერცერთ სახელმწიფოში ვერ გაწვდება იმ მძიმე სოციალურ გარემოს, რაც ჩვენს ქვეყანაშია." მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთ ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია, „შიმშილის სტატისტიკა გაცილებით მასშტაბური და საგანგაშოა.“

ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"პირადად ჩემი პასუხისმგებლობაა ამ ბავშვის სიკვდილში, ისევე როგორც, ჩვენს გვერდით მცხოვრები მშიერი ადამიანების შიმშილში. ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთ სახელმწიფოში ვერ გაწვდება იმ მძიმე სოციალურ გარემოს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, თუ საზოგადოების ძალისხმევა არ გაერთიანდა.

თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. ერთად უნდა დავგეგმოთ და დავიწყოთ ზრუნვა, რომ ჩვენს გვერდით არ იყვნენ მშიერი ბავშვები და მოხუცები. ღვთის წყალობით, შევძლებთ ამას. გავხსნათ ჩვენი გულები და საფულეები იმათთვის, ვისი საფულეც არასოდეს ივსება. თუ საფულე ცარიელი გვაქვს - გული გავხსნათ და გზას გაგვინათებს.

უახლოეს დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში მოვიწვევთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში მოგვეხმარებიან. ბევრი, მარტივად გასახორციელებელი იდეა არსებობს. თუ გავერთიანდებით, დავძლევთ შიმშილს. ჩვენს საზოგადოებაში მშიერი ადამიანების არსებობა - ჩვენი სისუსტეა! მათი დაპურება - ჩვენი ქრისტიანული მრწამსის და ღირსების საქმეა" - წერს ჟვანია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია