ქუთაისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია ქუთაისის მერიაში იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს 2013 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურები. ამავე შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ამ რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქრურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რის მოგვარებასაც აღნიშნული ფონდის მეშვეობით გეგმავენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ წარდგენილი პტოექტი.
დღევანდელი შეხვედრით სამინისტრომ აღნიშნულ ფონდთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა ინფორმირების პროექტი დაასრულა. მინისტრი და მისი მოადგილე ქვეყნის ათივე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია. მათი მიღება 11 მარტს 16ს:00 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც სამთავრობო კომისია შემოსული საპროექტო წინადადებების განხილვას დაიწყებს.
2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც. აქცენტი გაკეთდება წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა– რეაბილიტაცის პროექტებზე.რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში პროექტების წარდგენის უფლება დაფინანსების მისაღებად აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე – სახელმწიფო რწმუნებულს.