21 თებერვალს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის წიგნის „მკვლელობის დაკვეთა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას წინ 90-იანი წლებისათვის დამახასიათებელი შესავალი უძღოდა: მას შემდეგ, რაც საერო პირმა „მამაო ჩვენო“ ხმამაღლა წაიკითხა, ბიბლიოთეკაში მისულ საზოგადოებას საქართველოს ძველი ჰიმნი და პირველი პრეზიდენტის მიმართვის ვიდეო ჩანაწერი მოასმენინეს.
პრეზენტაციის ორგანიზატორი იყო „საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობა“, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ფირუზ დიაკონიძე „P.S.“-თან საუბრისას აღნიშნავს: „წიგნი არის რეაქცია იმ უსამართლო დასკვნაზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა შემსწავლელმა კომისიამ, კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით, გამოიტანა. „ჩვენ არ ვცნობთ ამ დასკვნას, ვინაიდან ეს იყო კომისია, რომელიც პიარს უკეთებდა იმჟამინდელ მთავრობას და სააკაშვილის მითითებით წერდა დასკვნას. მათ ცილი დაგვწამეს და ისე გამოიყვანეს, თითქოს ჩვენ, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა მისი მტრები ვიყავით, შევარდნაძე და ელცინი კი - უახლოესი მეგობრები. ამ წიგნის თითო ეგზემპლარი გადავუგზავნეთ საქართველოს პროკურატურას და პარლამენტს და მოვითხოვეთ მათგან რეაგირება, დაიწყონ სამართლიანი გამოძიება და ჩვენს ცილისწამებას თავი დაანებონ.“ იმ ადამიანებმა, ვისაც წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა, აღნიშნეს, რომ შიგ შეტანილია ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ შექმნილი თითქმის ყველა სატელევიზიო და საგაზეთო მასალა. პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ წიგნი, თავის მხრივ, დაეხმარება გამოძიებას სიმართლის დადგენაში.
ბესარიონ გუგუშვილმა, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ ემიგრაციაში, ფინეთში იმყოფება, პრეზენტაციაზე შეკრებილთ „skype“-ის მეშვეობით მიმართა. მან წიგნის შექმნის აუცილებლობასა და გამსახურდიას გარდაცვალების არასწორ გამოძიებაზე ისაუბრა. სინანული გამოთქვა არა მხოლოდ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის, არამედ - „ეროვნული მოძრაობის“ დაკნინების გამო.
ბიბლიოთეკაში კარგად ჩანდა, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა სულისკვეთება, მიუხედავად გასული წლებისა, არ განელებულა, ვინაიდან პრეზენტაცია კითხვა-პასუხის, უფრო სწორად კი - დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა. შეკრებილთაგან ზოგი თავად წიგნის ავტორით, ზოგიც კი ხელისუფლებით იყო უკმაყოფილო.
თინიკო მარდალეიშვილი, „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველო“: „მე ვიყავი და ვარ ზვიად გამსახურდიას ერთგული ჯარისკაცი. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრი ვიბრძოლეთ, ეს ბესარიონ გუგუშვილი კი საიდან გამოჩნდა! ის ყოველთვის ლანძღავდა და ჩირქს სცხებდა პრეზიდენტს და მის ოჯახს. თუკი გამსახურდიამ მართლაც თავი მოიკლა, ამაში უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ გუგუშვილს ეკისრება და მას წიგნის დაწერის მორალური უფლება არ აქვს. ფირუზ დიაკონიძე კი საერთოდ ვინ არის, ის გარიცხული იყო ყველაფრისგან და ახლანდელ ხელისუფლებას თუ აღიარებს, მაშინ თვითონ ვინ არის? გამოდის, რომ აღარაა უზენაესი საბჭოს წევრი.“
ომარ ნიშნიანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი: „მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს და ამ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება წიგნს, მას ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ, ვფიქრობ, მასში იქნება რაღაც სიმართლე და გამოძიებას დაეხმარება. ჩვენი მთავრობის არალეგიტიმურობაზე საუბარი კი უადგილო და აბსურდია. მათ ხუნტა იმ მთავრობისათვის არ უწოდებიათ, ვინც მართლა იმსახურებდა და ახლა კი გავაჟკაცდნენ!“