ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისის ახალაშენებულ პარლამენტის შენობაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ შენობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, "ქართული ოცნების" ექსპერტთა ჯგუფი ქუთაისში გაემგზავრა.
ახალი მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის, განცხადებით, ქუთაისის პარლამენტში მუშაობა წარმოუდგენელი და სახიფათოა. შენობაში ჩამოდის წყალი, შეტანილია უხარისხო ავეჯი და ტექნიკა. ასევე, შენობაში არც ერთი ფანჯარა არ იღება.
"უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს შენობა ააშენა. კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტი ქუთაისში უნდა შეიკრიბოს. ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციის დარღვევას. ადგილზე გაგზავნილია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან შენობის მდგომარეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.