დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა ტიპის ხელისუფლება მიიღო ხალხისგან „ქართულმა ოცნებამ?“
2012/10/08 13:52:44

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში გადაიყვანა, შესაბამისად, მივიღეთ შემდეგნაირი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობა - პრეზიდენტი და ოპოზიციური პარლამენტი. საჯილდაო ქვა კი ამ რეალობაში მთავრობის დაკომპლექტების საკითხია, ანუ - ვის ხელში იქნება რეალური ხელისუფლება.

 

მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება პირდაპირ, ტელეეთერით აღიარა და განაცხადა, რომ ის ოპოზიციაში გადადის. ფართო საზოგადოებისათვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დამარცხების აღიარების მიღმაც კი სააკაშვილის ფარულ გეგმებს დაუწყეს ძებნა. ამ ეჭვებს აძლიერებს დღეს მოქმედი კონსტიტუციაც, რომელიც, როგორც პოლიტიკური ოპონენტები აცხადებდნენ, სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო. ასევე, ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ პარლამენტი პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ნოტარიუსად“ გადააქცია, რომელიც ყველა საკანონმდებლო წინადადებას უმტკიცებს, თუ არ დაუმტკიცებს - მაშინ შინ გაუშვებს. მოკლედ რომ ვთქვათ, რეალური ძალაუფლება მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტის ხელშია. მაშინ, რა ტიპის ხელისუფლება მიიღო ხალხისგან კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით და რა შეეძლებათ?!

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მოპოვებული მანდატებით ყველა იმ საკანონმდებლო ფუნქციის შესრულება შეეძლება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და კონსტიტუციის შეცვლისა.

ავთანდილ დემეტრაშვილი: „ვინაიდან კოალიციას პარლამენტში არ ეყოლება დეპუტატთა 2/3, ვერ შეძლებს, გადახედოს და შეცვალოს კონსტიტუცია და ვერ განახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. მათ შეეძლებათ ორგანული კანონების მიღება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადება, უპირობო უნდობლობის გამოცხადება. რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობას ექნება შესაძლებლობა, პარლამენტის თავმჯდომარედ თავისი წარმომადგენელი აირჩიოს,“ - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობებს მთავრობის დაკომპლექტების საქმეში, აქ ცოტა რთულად არის საქმე. თუ ვის ხელში იქნება რეალური ხელისუფლება, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. როგორც კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, სამართლებრივად ამ საქმეში მთავარი ფიგურა ისევ პრეზიდენტი სააკაშვილია.

„მოქმედი კონსტიტუციის მე-80 მუხლით, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ქვეყანაში ცენტრალურ ფიგურად რჩება პრეზიდენტი. ასე იქნება მანამდე, ვიდრე არ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პრეზიდენტი არ დადებს ფიცს. მანამდე, მთავრობის ფორმირებაში ცენტრალური ფიგურა გახლავთ პრეზიდენტი. ეს კანონით, მაგრამ ახლა სხვა პოლიტიკური სიტუაციაა და მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაცმოძრაობა ოპოზიციაში გადადის, ალბათ, ის გაითვალისწინებს ხალხის ნებას, პარლამენტში იმ პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. ისე, კვლავ გავიმეორებ, მთავრობის ფორმირება მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა“ - განმარტავს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბატონი დემეტრაშვილი.

როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა არჩევნებში დამარცხებიდან მალევე განაცხადეს, ისინი არ გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ამ ბერკეტს და გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის არჩევანს. შესაბამისად, მთავრობას დააკომპლექტებს საპარლამენტო უმრავლესობა. შიექმნა სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების გადაბარების მიზნით, სადაც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან შევიდნენ - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პალიკო კუბლაშვილი, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი.

„ახალ მთავრობას, ძალოვანი უწყებების  ჩათვლით,  მთლიანად „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ორვე მხარე სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი იყოს მშვიდობიანი და კონსტრუქციული.

„დღეს გამოჩნდა, რომ მხარეები ერთმანეთისათვის ხელოვნური პრობლემების შექმნას არ აპირებენ და ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება,“ - განაცხადა ბატონმა ბაქრაძემ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ. იგივე განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა  ირაკლი  ალასანიამაც:  „ვისაუბრებთ  ყველაფერზე  იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ყველაფერი გაგრძელდეს კანონის ჩარჩოებში.“

ასეა დღეს, თუმცა საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე ადვილად არ დათმობს ხელისუფლებას. მიუხედავად დღევანდელი განცხადებისა, რომ ისინი მთლიანად უთმობენ მთავრობას და, შესაბამიად, ხელისუფლებას „ქართულ ოცნებას,“ აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა მწვავე ოპოზიცია იქნება და შეეცდება, მალევე აჩვენოს ქართულ საზოგადოებას, რომ მილიარდერის კოალიციის გამარჯვება არჩევნებში შეცდომა იყო.

იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ან ნაციონალური მოძრაობა ისევ დაბრუნდეს საპარლამენტო უმრავლესობით, მან საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

კონსტიტუციის თანახმად, დათხოვნის უფლება შეიძლება განაპირობოს, მაგალითად, იმან, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადოს, ან პარლამენტმა მოინდომოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, თუნდაც ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდეს. გარდა ამისა, თუკი პარლამენტი ბიუჯეტში შესატან ნებისმიერ ცვლილებას არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს ესეც აძლევს პარლამენტის დათხოვნის უფლებას. ასევე, თუ პარლამენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს არ მიიღებს, მთავრობას შეუძლია, ნდობის საკითხი დასვას და თუ პარლამენტმა ეს საკითხიც არ მიიღო, მაშინ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია.

„ამდენად, არის რამდენიმე ისეთი საფუძველი, როდესაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის წინაპირობა ხელოვნურად შეიძლება შეიქმნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ხალხს სჭირდება და რასაც ხალხი კარგად დაინახავს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ კანონებს პრეზიდენტი დაბლოკავს, მაშინ პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ნაციონალები გაცილებით უფრო ნაკლებ ხმას მიიღებენ, ვიდრე ოქტომბრის არჩევნებისას, ვინაიდან იმათ შორისაც კი, ვინც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირეს მხარი, უკმაყოფილების განცდა გაჩნდება. ასე რომ, დღევანდელ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წაგება უფრო დიდი ექნება. ამდენად, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი მოქმედება საკმაოდ სარისკოა,“ - ჯერ კიდევ 1 ოქტომბრამდე  აცხადებდა for.ge-სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი და, ამჟამად, „ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნა პრეზიდენტს არ შეუძლია ორ შემთხვევაში - პარლამენტის არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის ექვსი თვის პერიოდში. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთთვიანი პერიოდი აქვს ამ ორ ვადას შორის და, ალბათ, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე დაძაბული დრო. ალბათ, ეს პერიოდი „დამოკლეს მახვილივით“ იქნება დაკიდებული ქართული პოლიტიკური პროცესების თავზე და ყველას, მათ შორის, შესაძლოა, პრეზიდენტის გონებაშიც კი, მაინც იტრიალებს კითხვა - რას იზამს მიხეილ სააკაშვილი?!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია