დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეთანხმება მიღწეულია. ლანჩხუთში მუსლიმანები ილოცებენ
2012/11/12 13:33:42

რამდენიმე კვირის წინ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში  ქართველ მართლმადიდებლებს და ქართველ მუსლიმანებს შორის მომხდარი ინციდენტი ამოწურულად შეაფასეს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემდგარ სხდომაზე. მას სოფლის მცხოვრებლები, მუსლიმანური წრის, საპარლამენტო უმრავლესობისა  და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეები აცხადებენ, რომ რწმენის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და არავის აქვს უფლება, მიუხედავად სხვა აღმსარებლობისა, ხელი შეეშალოთ რელიგიური რიტუალების შესრულებაში.

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ სოფელში არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა და მოვლენების ასეთ განვითარებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„მე ვფიქრობ, ეს იყო პროვოკაცია და ეს პროვოკაცია იქნა აღკვეთილი. ადამიანს, ვისაც სურს ლოცვა, ილოცებს. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ამას. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და ჩვენს მოქალაქეებში ეს პრობლემა არ დგას. ყოფილ ხელისუფლებას მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

 ადამიანის უფლებათა კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრამდე ამ თემაზე საპატრიარქოშიც ისაუბრეს. იქ გამართულ შეხვედრას მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად მუსლიმანთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხდა კონსენსუსი, რითაც ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.

 „ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მხრიდან, საპარლამენტო გზით ყველა ზომა იქნას მიღებული, რაც შესაძლებელს გახდის, კონსტიტუციით დაცული რწმენის თავისუფლება არ იყოს შელახული და იყოს დაცული. სოფელში მომხდარი ინციდენტისას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სოფელ ნიგვზიანში იგეგმებოდა მეჩეთის აგება, რასაც კატეგორიულად უარვყოფ,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

შეხვედრით კმაყოფილი დარჩა მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება, ილოცოს, მიუხედავად ეროვნებისა და რწმენისა.

„საქართველოში ყველას აქვს უფლება, ილოცოს თავის სამლოცველოში, ხოლო სახლი, რომელზეც პრეტენზია იყო, გამოყოფილია 20-30 წლის წინ, როდესაც აჭარიდან ეკომიგრანტები ჩამოასახლეს. ყველგან, საქართველოში, მუსლიმანი ქართველები ყოველთვის ჭირში და ლხინშიც მართლმადიდებლებთან  ერთად იდგნენ. რაც შეეხება მეჩეთის აგებას, ეს არ იგეგმებოდა და არც ახლა იგეგმება და თუ ამის საჭიროება გახდა, მივმართავთ შესაბამის უწყებებს,“ - განაცხადა მუსლიმანთა მუფტმა ჯემალ პაქსაძემ.

 რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, მათი შეფასებით, ამ შეხვედრაზე არაფერი კონკრეტული არ გადაწყვეტილა და ამ ინციდენტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს.

„სამწუხაროდ, კომიტეტმა ვერ შეძლო, კონკრეტული რეაგირება მოეხდინა ამ საქმეზე და ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დადგა - იქნება თუ არა დაცული რწმენის თავისუფლება. ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება უფლებადამცველი ეთნიკური ქართველის, მართლმადიდებლის, მუსლიმანის და ყველა უმცირესობის,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, 2012 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს სოფლის მუსლიმან მცხოვრებლებს.

მათი განმარტებით, 1989 წლიდან აჭარელი მუსლიმანების 300-მდე კომლი  სოფელ ნიგვზიანში ცხოვრობს. 2010 წლამდე ისინი სალოცავად ბათუმში დადიოდნენ. ერთი წლის წინ, მათ სოფელ ნიგვზიანში, ერთ-ერთი მუსლიმანის ოჯახში, სამლოცველო მოაწყვეს. აღნიშნულმა, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

ვითარება სოფლის მუსლიმან და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით 2012 წლის ოქტომბრის თვეში დაიძაბა. მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმანი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, დაიწყოს გამოძიება სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმანი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მიმართვაში ნათქვამია: „როგორც ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებიდან და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კადრებით დგინდება, მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდგომ, რაც სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მცხოვრებთა მუსლიმან ნაწილს ხელი შეუშალა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებაში. 2012 წლის 26 ოქტომბერს 150-მდე პირი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად თანასოფლელ არჩილ კახაძის ოჯახში შეიკრიბა. სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ, მათ სოფელ ნიგვზიანის ცენტრში სოფლის მოსახლეობა დახვდათ შეკრებილი, რომლებმაც რამდენიმე მლოცველს  რელიგიურ  ნიადაგზე  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ მათ სამლოცველოს გაკეთების საშუალებას. ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი არჩილ კახაძის ოჯახში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ რელიგიური რიტუალების შეწყვეტას.

მას შემდეგ, რაც სოფელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2012 წლის 2 ნოემბერს ჩავიდნენ სოფელ ნიგვზიანში. ამავე დღეს მუსლიმანებს საერთო ლოცვა უნდა ჰქონოდათ. სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა, რათა მლოცველები სამლოცველოში არ შეეშვათ, ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სოფელში მეჩეთის მშენებლობას, ასევე, მოითხოვდნენ, არ მიეღო მასიური ხასიათი მუსლიმანი მოსახლეობის რელიგიური რიტუალების ჩატარებას და ერთობლივ ლოცვას. მდგომარეობა ადგილზე იმდენად გამწვავდა, რომ საქართველოს მუფთს არ მიეცა საშუალება, შესულიყო სალოცავად შენობაში. ზოგადად, სიტუაცია საქართველოს მუფთის მიერ სოფლის გამგეობის შენობაში მოლაპარაკებების შემდეგ (იგი მოსახლეობის ნაწილთან მოლაპარაკებას აწარმოებდა) განიმუხტა, რის შედეგადაც მუსლიმანმა მოსახლეობამ ლოცვა შეძლო.“

„...მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის მოტივით“.  - ნათქვამია განცხადებაში.

 

რამდენად შეძლებენ ლანჩხუთში მუსლიმანები თავიანთი რიტუალის შესრულებას, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. თუ მსგავსი ინციდენტი სხვა დროსაც განმეორდა, საპარლამენტო უმცირესობა პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების კომიტეტს აკისრებს.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1264
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია