დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
განახლებული ოპერის თეატრის პირველი პრემიერა
2011/01/31 13:12:45

ისტორია ერთი სიყვარულისა, ჯამბაზების ცხოვრებას უბედურებად რომ დაატყდება თავს. მე-19 საუკუნის ჩრდილოეთ იტალიაში განვითარებული ამბავი, სადაც სიყვარულის სამკუთხედი კი არა, ოთხკუთხედი გვხვდება. მთავარ როლში გვევლინება მშვენიერი ნედა, რომელსაც სამი მამაკაცი შესტრფის: მეუღლე კანიო, მსახიობი ტონიო და ახალგაზრდა სილვიო, რომელთან ერთადაც ქალი გადაწყვეტს გაპარვას, მაგრამ...ყველაფერი ეს პატარა, პროვინციულ ქალაქში ხდება... 

- ეს ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ შინაარსია, რომლის პრემიერა, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებულ სცენაზე 22 და 25 იანვარს გაიმართა.

ორივე პრემიერა მაყურებელმა ინტერესით მიიღო.

 

თეატრის რეკონსტრუქცია 2010 წელის 8 თებერვალს დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ახლად აშენებულ ოთხსართულიან ადმინისტრაციულ კორპუსში ევროპული სტანდარტების საგრიმიოროები, სადურგლე, სამკერვალო და სველი წერტილებია. რაც შეეხება უშუალოდ თეატრს, გამაგრდა საფუძველი, სწორი მოწყობის იატაკი, კედლები ჩაისვა რკინის კონსტრუქციაში. სახურავი კი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა. შეიცვალა სცენის მოწყობილობა, განათება, გახმოვანების სისტემა, თეატრს აქვს ახალი ლოგოც, რომელიც მას ქუთაისელმა მხატვარ-გრაფიკოსმა ოთარ ქანდარიამ აჩუქა. ცენტრალურ დარბაზში შესულ მაყურებელს თვალში სასიამოვნოდ მოხვდება 100 სანთლიანი ჭაღი. რაც შეეხება გარე იერსახეს, ქუთაისელი ქვისმთლელების დამუშავებული თეთრი ქვით მოპირკეთებული შენობა ჩვენი ქალაქისთვის მართლაც მშვენიერ ნაგებობად იქცა. განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს ანტიკური ხანის შტრიხებიც - მედეას, იაზონის, მუსიკის მუზის, სიძლიერის გამომხატველი ლომების და სხვა 13 ქანდაკებაა, რომლებიც ქუთაისელმა ახალგაზრდა მოქანდაკემ გიორგი კიკვაძემ შექმნა.

„ქარების ქალაქში“ შენობას თავზე დადგმული, ძეგლების ხილვამ, ზოგიერთში შიში გამოიწვია. მაგრამ ისინი საკმაოდ საფუძვლიანად და ფუნდამენტურად არის ჩამაგრებული.

როგორც გახსოვთ, ჩვენი ძველი ოპერის თეატრი თავისი სილამაზით თავს ნამდვილად ვერ მოიწონებდა, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ავტორმა დავით გოგიჩაიშვილმა მაქსიმუმი გააკეთა.

როგორ ცხოვრობდა 10 თვის განმავლობაში ქუთაისის ოპერის თეატრის კოლექტივი, რა პირობებში უწევდათ მათ პრემიერისთვის მზადება, ამის შესახებ თეატრის მმართველს ქალბატონ როზა დვალიშვილს ვესაუბრეთ.

- რეკონსტრუქციის პერიოდში ჩვენ ძველ კორპუსში დავიდეთ ბინა და ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია მუშაობა. პრემიერისთვის მზადება საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან გაყინულ ოთახებში, ერთი ელექტროღუმლის ამარა ვამზადებდით სპექტაკლს, რომელიც საკმაოდ რთულია. მცირე ხანში, დაახლოებით 6 თვეში მოვამზადეთ, სცენაზე კი მხოლოდ ოთხი რეპეტიცია გავიარეთ, მაშინ როცა 2-3 თვე სჭირდება სპექტაკლის სცენაზე გადატანას. მაგრამ შედეგი თვალშისაცემი იყო, მაყურებლების სიმრავლე და დადებითი შეფასება ყველაფერზე მიუთითებდა. თანხა ფაქტობრივად არ გვქონდა, ფორმით პატარა სპექტაკლი იმიტომ ავირჩიეთ, დეკორაციებიც არ დაჭირდა ბევრი. კულტურის სამინისტროდან მოვიგეთ გრანტი - 7000 ლარი, რომელიც მხოლოდ ჰონორარებს მოხმარდა, მაგრამ ესეც თანადგომად ითვლება. როცა „ჯამბაზები“ გაქვს რეპერტუარში, ეს პრესტიჟულად ითვლება. მსახიობები და მომღერლები შეირჩნენ კონკურსის წესით. პრემიერაზე წარმოდგენილი ოპერის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი. დამდგმელი რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი - საქართველოს დამსახურებული მხატვარი თემურ არსენიძე, ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე, ქორმაისტერები - ირინე ლომიძე, ეთერ ფილიპაშვილი. სპექტაკლი 2 მოქმედებიანია მომღერლები და მსახიობები კი იყვნენ: კანიო - ანზორ ხიდაშელი, ნედა - მარიეტა მაჩალაძე, ტონიო - სულხან გველესიანი, ლაშა თითბერიძე, პეპე - რამაზ კუბლაშვილი, სილვიო - ბაკურ კვირიკაძე, გლეხები - იოსებ კიწმარიშვილი, თენგო ფურცხვანიძე. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ასევე ქუთაისის პანტომიმის თეატრი და ბავშვთა გუნდი, ეთერ ფილიპაშვილის ხელმძღვანელობით. -  საბოლოო ჯამში, შეიკრა საინტერესო გუნდი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აქ ჩადებული თანხა უმიზნო არ არის. თეატრში ყოველწლიურად მიმდინარეობს კონკურსი. ახლაც ყველა ადგილი ვაკანტურია. ეს ყველაფერი დასრულდება 5-6 თებერვალს, როცა კომპეტენტური ჟური შეარჩევს ნიჭიერ ადამიანებს. ხდება მუდმივად განახლება, ახალგაზრდა თაობა უკვე გვყავს. სახელფასო ფონდი შარშან შეადგენდა 350 ათას ლარს. წელს კი 630 ათასი ლარია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოლაპარაკება გვაქვს თბილისის და ბათუმის თეატრებთან, სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტს, თუ რომელი ხმების ნაკლებობა გვაქვს და მსახიობებსაც ხელშეკრულებით მოვიწვევთ. ჩვენი მსახიობებიც იქნებიან მიწვეული. ეს თვითგანახლების პროცესია. ვაპირებთ მიუზიკლის დადგმას, ახალგაზრდა შემოქმედების - სალომე ბაკურაძის, სოფო ნიჟარაძის და სხვების მონაწილეობით. პანტომიმის თეატრსაც ჩავსვამთ ამ ყველაფერში.“

 

***

ოპერის მოყვარულ ქუთაისელ მაყურებელს აღარ მოუწევს ქურქით ჯდომა გაყინულ დარბაზში, დახეულ სკამებზე, ძლივს განათებულ დარბაზში. ლამაზ და კომფორტულ ოპერის თეატრის შენობაში, ალბათ, ბევრი სიამოვნება და სიახლე გველოდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია