დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დემოკრატიის ეფექტი
2012/10/15 12:19:06

„შეშლილს ნუ მისცემთ ხმალს და იდიოტს - თანამდებობას!“

 

სტატიის მიზანი - რაც შეიძლება, მოკლედ აღწეროს, თუ რას წარმოადგენს არჩევნებისა და დემოკრატიის არსი თანამედროვე ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში, - მაიძულებს, რამდენიმე მომენტი გამოვყო. თუმცა, ეს ყველაფერი, შესაძლებელია, ვინმეს ტენდენციურადაც მოეჩვენოს...

ცნობილია, რომ მათემატიკაში, ბუნებასა და ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება ტრანზიტულობის მაგალითი. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც დამოკიდებულება არატრანზიტულია. როცა ეს უკანასკნელი იმდენად ეწინააღმდეგება ინტუიციას, რომ გონება ჩიხში ექცევა, წარმოიშობა ხოლმე, ეგრეთ წოდებული, არატრანზიტული პარადოქსები. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულია აროუს პარადოქსი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა იდეალური საარჩევნო სისტემის შეუძლებლობის შესახებ თეორემის ჩამოყალიბებასა და დამტკიცებაში.

ნობელიანტმა   კენეტ   აროუმ  გამოჰყო  ხუთი  ძირითადი ნიშანი თუ პირობა, რომლებიც, საყოველთაო აზრით, არსებითია დემოკრატიისათვის. მან დაამტკიცა, რომ ეს ნიშნები ლოგიკურად წინააღმდეგობრივია: შეუძლებელია ისეთი საარჩევნო სისტემის მოფიქრება, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, არ დაარღვევდა დემოკრატიის ამ ხუთი არსებითი ნიშნიდან ერთს მაინც. ეს ნიშნავს, რომ იდეალური საარჩევნო სისტემის განხორციელება შეუძლებელია.

ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ყოველგვარი ქიმერის ძებნის გარეშე საქართველოში იდეალურთან რამდენადმე მიახლოებული არჩევნები მაინც შედგა, რაც აბათილებს მაკიაველის ფორმულას - „ბრბო ხელმწიფეზე უფრო გონიერია და მარადიული.“

საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანაფარდობის პრობლემებზე დღემდე არსებული მრავალფეროვანი შეხედულებების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ბრბო (ლიანგი) კი არა, - ხალხი, რჩეული საზოგადოებაა ხელმწიფესა თუ სახელმწიფოზე ბრძენი. საზოგადოება ბაზისია, ბრბო - ზედნაშენი. საზოგადოება იქმნება ადამიანთა მოთხოვნილებების, ხოლო ბრბოს ხელისუფლება - მათი მანკიერების საფუძველზე. ჟან ჟაკ რუსოს აზრითაც, თავდაპირველად, სამოქალაქო საზოგადოება აღმოცენდა, რომლის საფუძველიც კერძო საკუთრება იყო, ხოლო შემდგომ წარმოიშვა სახელმწიფო.

იდეალური დემოკრატიის აპოლოგეტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ ოფიციალურ პირთა საარჩევნო სისტემაშიც კი არსებობს ყველაზე ფუნდამენტური დეფექტი. ამ სისტემის თანახმად, ხშირად, თანამდებობას იკავებს ადამიანი, რომელიც ამომრჩეველთა უმეტესობას სძულს, მაგრამ ჰყავს უაღრესად აქტიურ მიმდევართა მცირე რაოდენობა. ასეთი პარადოქსისა  თუ  „ირაციონალური ამონახსნის“ თავიდან აცილების მიზნით, ამ პერიოდისათვის სხვადასხვა საჯარო პოსტზე ინდივიდთა დანიშვნისას სასურველია ანტისთენეს შეგონების გათვალისწინება: „შეშლილს ნუ მისცემთ ხმალს და იდიოტს - თანამდებობას.“ ანტისთენეს დროინდელი ადიოტი კი სხვა იდიოტია. ის არ იყო იდიოტი დოსტოევსკის ან აკუტაგავას გაგებით.

პოლიტიკური ტრანსმუტაციის დიდოსტატთა სამომავლო „ოინებისაგან“ დაზღვევის ერთ-ერთი გარანტი სრულყოფილთან მიახლოებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაა. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისას კი ადამიანებს უმთავრესად ჰმართებთ, ჰუმანიზმის პრინციპებს მისდიონ. წინარე პოლიტიკური ხელისუფლების ძალდატანებითი ფუნქციების შეზღუდვის შედეგად, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დარწმუნების მეთოდს. ამ მეთოდის უპირატესობას კი ამერიკის, იაპონიის, შვეციის, საფრანგეთის, ბელგიისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სინამდვილე ადასტურებს.

თუკი წარსულის თითქმის ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქმევა, მაშინ საამდღეო თუ სამომავლო სინამდვილე, ალბათ, ოპტიმიზმის კანონთა ნებით იხელმძღვანელებს. ნამყო სინამდვილეს რაც შეეხება, მასზე ზედგამოჭრილია გალაკტიონის სიტყვები:

„სინამდვილეს არ ვემდური -

არ ყოფილა თითქმის.

არყოფილზე საყვედური,

აბა, როგორ ითქმის?!“

მართლაც, უფრო ეგზისტენციალური საყვედური რეალობის მიმართ ბევრი როდი თქმულა ამქვეყნად.

მიუხედავად იმისა, რომ პირად შეხედულებებს გადმოვცემ, ასე მგონია, თითქოს მაინც მოვახერხე საზოგადო აზრის გამოხატვა: ხალხს არ შეუძლია, დიდხანს თავი მოიტყუოს. ცრუ პოლიტიკოსები ხომ ყველანაირ „სამართალს“ გამოიგონებენ ხოლმე, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ და რაღაც უნდა ვიღონოთ კიდეც, რომ ასე არ მოხდეს! ხალხი უმალ ფეხით გასათელად გასწირავს საკუთარ თავს, მაგრამ ნამდვილ სამართალს - არასოდეს. მოვა დრო და ამაზე კიდევ იტყვის თავის სათქმელს.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია