დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოება ცვლილებების მოლოდინშია
2012/10/08 13:50:29

საპარლამენტო არჩევნების თემა საქართველოში დღეს ყველაზე აქტუალურია. თითქმის არავინ ელოდა ხელისუფლების მხრიდან კომპრომისზე წასვლას და უმცირესობაში წყნარად გადასვლას.

 

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ქუთაისელები მღელვარებით შეხვდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და რეჟისორი ავთანდილ სახამბერიძე არჩევნების შედეგებით აღფრთოვანებულია: „მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხი მიხვდა, როგორ ხელისუფლებასთან გვქონდა საქმე. ადრე თუ გვიან, უნდა დასრულებულიყო ნაციონალური მოძრაობის  უმსგავსობები, რასაც გაჭირვებული და გაბოროტებული ხალხი ხედავდა. სახელმწიფოს მართავს კონსტიტუცია, ის უნდა განსაზღვრავდეს საზოგადოების ყველა ფენის მდგომარეობას, მაგრამ მმართველმა პარტიამ იგი დაჩეხა და ისე მოირგო, როგორც მას აწყობდა. ხელისუფლებაში ციდან მოფრენილი გენიოსიც რომ მოვიდეს, ცუდია, თუ მან არ იფიქრა საკუთარი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე. არ შეიძლება, მხოლოდ მან, ერთპიროვნულად განსაზღვროს კანონი და კონსტიტუცია. ივანიშვილის მოსვლით, მჯერა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. მე მსახიობი და რეჟისორი ვარ, აქედან გამომდინარე, ადამიანის ყველა გამოხედვაში რაღაც ამბავს და სიუჟეტს ვხედავ. აქციაზე შეკრებილ ადამიანებს კი, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის მაისურები ეცვათ, თვალებზე ეტყობოდათ, რომ შიშით ეცვათ. ისინი მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში და მეტი გზა არ ჰქონდათ. სინამდვილეში, ქართველ ხალხს ყელში აქვს გაჩხერილი ყოფილი ლიდერები. დღეს გამარჯვებული კოალიციისადმი მოლოდინები დიდი გვაქვს და ვისურვებდი, ყველა მათი დაპირება პირნათლად შესრულდეს.“

ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა, რომლის სახელსა და გვარს მისი თხოვნით არ ვასახელებთ, გაზეთ „P.S.“-თან განაცხადა: „იმდენად ქუხს საქართველოში ორი პარტიის - ივანიშვილისა და სააკაშვილის - სახელი, ხალხი ვერ ამჩნევს, რომ არსებობს ისეთი პარტიებიც, სადაც ადამიანებს  საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ნამდვილად გული შესტკივათ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა საზოგადოება თავიანთი დემაგოგიებით გააბრუეს და ნამდვილი არჩევანის საშუალება დაუხშეს. ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს მეტი შანსი, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი თეთრი თუ შავი გზით ნაშოვ ფულზე, ზურგზე და წელზეა დამოკიდებული, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას კი ერთი ადგილიც არ აქვს, ხალხის პირობა შეასრულოს. რაც შეეხება საქართველოს სიყვარულს, მის კეთილდღეობას და პატრიოტიზმს, ის სხვა პარტიებში არანაკლებ შეიმჩნევა, უბრალოდ, ხალხი ორი ლიდერის ფონზე ვეღარ ამჩნევს მათ. იმედი მაქვს, ივანიშვილი ქართველი ხალხის იმედებსა და მოლოდინებს გაამართლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბოროტებული ხალხის მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.“

საზოგადოება იმედის თვალით შესცქერის ახალ მთავრობას.

 

საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ელენე კ.: „იმედი მაქვს, ის ტენდენციური, უსამართლო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად ნაციონალური პარტიისაგან შედგენილ ხელისუფლებას ჰქონდა, სამუდამოდ დასამარდება! საზოგადოების უმეტესობა დეპრესიაში იყო, ახალგაზრდა სპეციალისტები შინ ისხდნენ, რადგან „ნაცები“ სამსახურებში მხოლოდ თავიანთ აქტივისტებს ნიშნავდნენ, განსხვავებული აზროვნების ადამიანებს, ან, სულაც, პოლიტიკიდან შორს მდგომთ კი ახლოს არ იკარებდნენ. მე, პირადად, სინამდვილეში იმის გამო გამათავისუფლეს, რომ ჩემი ძმა და დედაჩემი მაგათ იდეოლოგიას არ იზიარებდნენ.“

მანანა   ჯიშკარიანი,    ფილოლოგი:   „ერთპარტიულმა მმართველობამ თავისი ჭირი მოჭამა. ყველანი დავრწმუნდით, რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან. ნაციონალების ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ხომ მცირე კრიტიკასაც ვერ გაუძლებს! უნდა დამთავრდეს, წავიდეს ის დრო, როცა იმერეთში სკამებს ვინმე შუშანია ურიგებდა „მიშას“ ძახილში ყელგამშრალ, სტუდენტური თვითმმართველობის აქტივისტებს!“

ბონდო ტყაბლაძე, პენსიონერი: „გარდამავალ ეტაპზე, ალბათ, სიძნელეები იქნება. მაგრამ, იმედი მაქვს, ახალი პარლამენტი და ახალი ხელისუფლება ძველ შეცდომებს ნელ-ნელა გამოასწორებს.“

როზა მუხაშავრია: „ქუთაისში უკეთესი და საინტერესო ცხოვრების მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, პარლამენტი დარჩება ჩვენს ქალაქში. აი, მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის გაბერილი შტატები კი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. საჭიროა 800 კაცის შენახვა მერიის სამსახურებში? მაგათი ხელფასებით, აჯობებს, სოციალური პროგრამები გაძლიერდეს. სამსახურში უნდა დარჩნენ ძლიერი და გამოცდილი კადრები - არა აქვს მნიშვნელობა, ნაციონალია თუ რომელიმე სხვა პარტიის გულშემატკივარი.“

სტუდენტობის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სააკაშვილმა ახალგაზრდებს ჩაუსახა სწავლისა და წინსვლის იმედი, გაცვლითი პროგრამებით გაუხსნა გზა საზღვარგარეთ, თუმცა ამ დადებით მხარეებთან ერთად არის ის უარყოფითიც, რაც სწავლის გადასახადების ზრდას უკავშირდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინი მიქაძე: „ყოფილმა ხელისუფლებამ საკმაოდ შეცვალა ქვეყანა კარგისკენ. ვფიქრობ, მანამდე რუკაზეც არ იცოდნენ, სად იყო საქართველო, დღეს კი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ. როცა სახელმწიფო რაღაც კარგს აკეთებს ქვეყნისათვის, მას აუცილებლად აქვს ის მხარე, რაც ბევრს არ მოსწონს. ჩემი აზრით, კარგია ახალი რეფორმები, მაგრამ, რამდენადაც იზრდება განათლების ხარისხი, იმდენად არ უნდა იზრდებოდეს სწავლის გადასახადი. უნდა იყოს შეღავათები და ხელმისაწვდომობა ყველა სფეროში. ასევე, ძალიან მახარებს ყოფილი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი, აბსოლუტურად დემოკრატიულად რომ გადასცა ხელისუფლება ოპოზიციის მხარეს. ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დაფუძნებას. კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ველი სააკაშვილის დაწყებული საქმის გაუმჯობესებას და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას.“

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პედაგოგ ქერი მალეტს, რომელიც ამერიკის შტატ ოკლაჰომადან არის, საქართველო ბევრად დემოკრატიულ ქვეყანად მიაჩნია, ვიდრე ამერიკა:                       „მე სამი წელია, საქართველოში ვცხოვრობ და ვასწავლი. აღფრთოვანებული ვარ აქაურთა სითბოთი და ურთიერთობების კულტურით. პოლიტიკური მდგომარეობაც ძალიან კარგი გაქვთ. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა პოლიტიკის მხრივ, რადგან ორპარტიულობაა, ჩვენს ხალხს ჰყავს მხოლოდ ორი პოლიტიკური ლიდერი, რაც არ არის მიღებული. საქართველო ამ მხრივ მდიდარი ქვეყანაა, საშუალება გაქვთ, არჩევანი მრავალი პარტიიდან გააკეთოთ. ეს კი ძალიან კარგია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. ამერიკელებს გვსურს, გვყავდეს კიდევ სხვა კანდიდატებიც, თუმცა არ არიან. ობამა ძალიან კარგ რეფორმებს ატარებს, თუმცა ეკონომიკურად ძლიერი არ არის. რომნი კი ძალიან რელიგიურია, მაგრამ ძველმოდური. ამიტომ სასურველი იქნებოდა, კიდევ სხვა პოლიტიკური სახე გამოჩენილიყო. მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ სააკაშვილის გადადგმული ნაბიჯით. მან აღიარა დამარცხება და სრულიად უმტკივნეულოდ გადასცა ხელისუფლება ივანიშვილს. ამით მან ქართველ ხალხს სამართალი და დემოკრატიულობა დაანახა. ვფიქრობ, ასევე გაიზარდა ქართველი ხალხის სიმპათია პრეზიდენტის მიმართ.“

ქართველები თუ უცხოელები გაკვირვებულნი არიან დამდგარი პოლიტიკური შედეგებით. ეს არჩევნები ვისთვის გამარჯვებაა, ვისთვის - იმედების გაცრუება, თუმცა ორივე პოლიტიკურ მხარეს, როგორც მათ განაცხადეს, საერთო ინტერესები აქვთ, რაც, ალბათ, უკეთეს ყოფას მოუტანს საქართველოს. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, „ზოგჯერ მტრები, ზოგჯერ ერთმანეთის დები და ძმები საქართველოს კეთილდღეობისთვის განაგრძობენ ბრძოლას.“

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია