დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ორშაბათიდან სამინისტროებში „ოცნების“ წარმომადგენლები შევლენ
2012/10/05 15:50:49

დღეს შედგა კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის საკითხები განიხილეს. აღნიშნულ შეხვედრაში კოალიციის სახელით მონაწილეობდნენ: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი, ხოლო პრეზიდენტის სახელით - დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი და გიგი უგულავა.

დავით ბაქრაძის თქმით, ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი და ძალადობა:

"ჩვენ მზად ვართ, რომ ერთად უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, წესრიგი და არავის, ვისაც იმედი აქვს, რომ ქვეყანაში შეიქმნება რაღაც არეულობა და ხელს მოითბობს ამით, არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ახალ მთავრობას მთლიანად კოალიცია "ქართული ოცნება" დააკომპელქტებს:

"მთავრობის დაკომპლექტების უფლება მთლიანად ჩვენი მხრიდან იქნება გადაცემული "ქართული ოცნებისთვის". პრეზიდენტი არ გამოიყენებს კონსტიტუციურ დისკრეციას, რომ დაასახელოს მინისტრები, მათ შორის ძალოვანები. ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც შემოვა მათ მიერ, ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი პოლიტიკური კრიზისის შექმნას."

ბაქრაძის თქმით, ორშაბათის შეხვედრის კონკრეტული თემა იქნება ხელისუფლების პრაქტიკულად გადაბარების პროცესის დეტალები.

"სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი დემოკრატიული ტრანზიციის გამოცდილება და პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, თუმცა, ჩვენ გარდა, არსებობენ სხვა ქვეყნები და ამ ფორმით, რასაც ჩვენ ვაპირებთ, ეს პროცესი ხდება შეერთებულ შტატებში, სადაც გარადამავლ პერიოდში არსებობს ხოლმე ე.წ. გარდამავალი გუნდები, ანუ  ტრანზიციული გუნდები, რომლებიც თანდათანობით იბარებენ ხელისუფლებას და შედიან ყველა სამინისტროს ფუნქციონირების არსში, ამიტომ მე ველოდები, რომ დაახლოებით ამ ფორმით მოხდება საქართველოშიც. ეს არ იქნება ფორმალური ჩანაცვლება, ეს იქნება ახალი გუნდის გაცნობა სამინისტროების მუშაობასთან, რადგან როცა მოხდება ფორმალურად, კანონიერად გადაბარება ხელისუფლების, არ აღმოჩნდეს ისე, რომ 22 ან 23 ოქტომბერს ადამიანები მოვიდნენ სამინისტროებში ისე, რომ არ იცოდნენ არაფერი. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ არ გაჩნდეს წყვეტა მთავრობის მუშაბაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მთავრობის ფორმირებამდე ეკისრება მოქმედ მთავრობას, თუმცა მომავალი კვირიდან "ქართული ოცნება" ყველა ძირითად სამთავრობო უწყებაში მიავლენს კონკრეტულ ადამიანს, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა ქვეყანაში და მთავრობის უმტკივნეულო გადაბარება.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ორშაბათიდან ყველა ძირითად სამთავრობო უწყებაში მიავლენს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მთავრობის ოფიციალურად ფორმირებამდე გაეცნობა სამინისტროებში, უწყებებში არსებულ ვითარებას და მოემზადებიან იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გადაბარება ახალი მთავრობისთვის იყოს ქვეყნისთვის უმტკივნეულო და არ დავუშვათ არავითარ შემთხვევაში არანაირი შეფერხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომ ჩვენი წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ დელეგაციების მუშაობაში, რომლებიც ჟენევის ფორმატში მუშაობენ, ევროკავშირთან მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. ასე რომ, ფორმალურად, ოფიციალურად მთავრობის დამტკიცებამდე, რომელსაც რამდენიმე კვირა დაჭირდება, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, მიავლენენ თავიანთ წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა და ყველა საქმის უმტკივნეულო გადაბარება.

ორშაბათიდან და სამშაბათიდან დაიწყება ეს პროცესი და ჩვენ შევთანხმდით, რომ სხვა ყველა მიმდინარე საკითხი, თუ გაჩნდა რაიმე ოპერატიული პრობლემა, გვექნება 24–საათიანი კომუნიკაციის რეჟიმი სამუშაო ჯგუფთან და ამასაც გავუმკლავდებით იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავიდეს ერთი მთავრობიდან მეორე მთავრობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს, მთავრობის კანცელარიაში საკონსულტაციო ჯგუფებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

უსუფაშვილის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებიც მივლინებულნი იქნებიან კონკრეტულ უწყებებში  ორშაბათიდან, არანაირ ოფიციალურ სტატუსებს არ დაიკავებენ: 

"ისინი ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ მთავრობის დამტკიცების შემდეგ, მანამდე ეს იქნება არაოფიციალური სამუშაო ვითარება. ჩვენი წარმომადგენლები სამინისტროებში არ იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღებები, ამიტომ ყველა საკითხზე პასუხისმგებელი რჩება დღევანდელი მთავრობა."

(ბ.ი.)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია