დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის ტაძარს ამჯერად პატრიარქი აკურთხებს
2012/09/16 01:04:35

რამდენიმე კვირის წინ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის კურთხევის გარეშე მოხდა, რასაც  საზოგადოებაში სხვადასხვა მითქმა–მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ამჯერად კი, 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარს ილია მეორე აკურთხებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობასა და მხედრობას ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ 9 სექტემბერს მოუწოდა.

"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში" - აღნიშნა ილია მეორემ 9 სექტემბერს ქადაგებისას.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ ტაძრის ამგები მეფე ბაგრატ მესამე ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებელი იყო. პატრიარქის მოწოდებას პარტიათა უმრავლესობა გამოეხმაურა.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 15 სექტემბერს ბაგრატის ტაძარს ეწვია, ტაძრის კურთხევისადმი მიძღვნილი ლოცვების აღსავლენად. პატრიარქთან ერთად იმყოფებიან  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სხვა ეპარქიების წარმომადგენლები. რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძრის კურთხევა 16 სექტემბერს არის დადგენილი.

ბაგრატის ტაძარში ტაძრის კურთხევისადმი მიძღვნილ ლოცვებს, ასევე, ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ლოცვები ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

რეაბილიტირებულ  ტაძარს 14 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტიც ეწვია და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.  „დღეს, სწორედ აღდგენილი ბაგრატის ტაძრიდან, რომელიც ასევე საქართველოს აღდგენისა და ერთიანობის სიმბოლოა, მე მოვუწოდებ ყველა პარტიას ერთიანობისაკენ.  ჩვენს შორის მრავალი განსხვავების მიუხედავად, ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ ვიყოთ ერთიანი, უპირველესად, როგორც ქართველები და როგორც საქართველოს პატრიოტები“ - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული ბაგრატის ტაძრიდან მიმართვაში. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარსქ ილია მეორეს, და ყველას იმ პირს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მიიღო ტაძრის აღდგენაში.

არსებული ინფორმაციით, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

ბაგრატ მესამემ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10-ე მე-11-ე საუკუნეების მიჯნაზე ააგო და იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულობა იყო. მე-17 საუკუნის ბოლომდე იგი უვნებლად იდგა. შემდეგ ოსმალებმა შემუსრეს. ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია 1952 წლიდან დაიწყო. 1994 წელს კი ბაგრატის ტაძარი,  გელათის მონასტერთან ერთად,  იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ბაგრატის ტაძრის აღდგენა 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. სარეკონსტრუქციო  პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.  2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევდა.

მიმდინარე წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე განიხილავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1320
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია