დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს ფოტო და ვიდეო გადაღებას არეგულირებს
2012/09/25 00:06:51

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულირების საკითხი განიხილა, რამაც საკმაო ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია არა მარტო  ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, არამედ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებშიც. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, გაწერილია სხვა დეტალებიც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით). რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.

ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობისას გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.

მაინც რატომ გახდა აუცილებელი ფოტო და ვიდეო გადაღების დარეგულირების აუცილებლობა?!

ცესკო-ს ამ სხდომამდე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია-ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ყველაზე მწვავედ სწორედ საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თემა განიხილეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, რომელიც ცესკოს ინიციატივით ჩამოყალიბდა, ორგანიზებას  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს და მასში მონაწილეობას იღებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის  და არასამთავრობო-მედია სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მედია-ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადმინისტრაცია გეგმავს არა აკრძალვას, არამედ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების დარეგულირებას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის უბანზე მყოფ პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლია აწარმოოს   ფოტო-ვიდეო გადაღება

„ეს არის მუხლი, რომელიც საჭიროებს უფრო ჩამოყალიბებას, თუ რა იგულისხმება ხელის შეშლაში“ - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.  მისივე თქმით, გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი არის წინა არჩევნებთან შედარებით გადამღები ტექნოლოგიების განვითარება. შეიქმნა იმის მოლოდინი, რომ გადამღები ტექნიკის გამოყენება მასობრივად მოხდებოდა და ამიტომ გარკვეულწილად ეს საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო. მეორე მიზეზი იყო კანონის მიერ ვიდეოთვალების გამოყენებაზე უარის თქმა, რომელიც დაყენებული იყო 2008-2009 წლების არჩევნების დროს. „ამიტომ, აქ რაღაც თემები უფრო უნდა გაიწეროს და ჩამოყალიბდეს“ - განაცხადა ბატონმა ზურაბ ხარატიშვილმა. ცესკოს თავმჯდომარის აზრით, მასობრივი გადაღება მნიშვნელოვნად იმოქმედებს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

„ცესკო არ არქმევს ამას აკრძალვას, მაგრამ რეალურად მივიღებთ აკრძალვას. ცესკო ამბობს, რომ რეგულაცია და მოწესრიგება ჭირდება მედიის მუშაობას, მაგრამ მერე ისეთ წესებს ადგენს, რომ გამოვა აკრძალვა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა, რომ თუნდაც ტელეფონით გადაგვეღო თუ იმ წუთში რაღაც დარღვევა ხდებოდა. რატომ სჭირდება ამას წინასწარი თანხმობები, შეზღუდვები და აკრძალვები?! ეს არის მიუღებელი. საარჩევნო კოდექსში როგორც წერია, ეს არის სრულიად საკმარისი“ - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

მედიისა და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლების პროტესტი განსაკუთრებით გამოიწვია იმან, თუ რატომ გააქტიურდა ადრე ეს თემა სწორედ ახლა, არჩევნებამდე ერთი კვირით, როცა უკვე მედიისა და არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლები დატრენინგებულნი არიან იმგვარად, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება უბანზე აწარმოონ ისე, არჩევნების მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს.  „საქართველოს ჟურნალიტური ერთიკის ქარტიის“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ამით  ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებისათვის პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებით უფრო ვაშინებთ ამომრჩეველს... პროექტის ის მუხლები რაც წავიკითხე, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომისია იცილებს პასუხისმგებლობას; რა მაქვს მხედველობაში - ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელი არის კომისია, ის იღებს გადაწყვეტილებას გაძევების თაობაზეც. ამ დადგენილების ნორმებით კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციას მთელ რიგ პასუხისმგებლობებს არიდებს. საარჩევნო უბნებზე წესრიგის დაცვა არ უნდა მოხდეს გამჭვირვალობის ხარჯზე“ -  განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

(პ.ც.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია