დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეზინის ხელკეტები მანდატურებს?
2012/06/25 13:09:18

სკოლების „მანდატურიზაცია“ 2010 წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც თბილისის რამდენიმე სკოლაში უნიფორმებში გამოწ-ყობილი გოგო-ბიჭები, ეგრეთ წოდებული მანდატურები გამოჩნდნენ. ისინი პოლიციის აკადემიაში გადაამზადეს. მანდატურების მთავარ ფუნქციად მოსწავლეების უსაფრთხოება დასახელდა.

 

მოგვიანებით მანდატურებმა რეგიონებშიც დაიწყეს მუშაობა. პედაგოგების მიმართ მათი დამოკიდებულება თავიდანვე აგრესიულობით დაიწყო. დაფიქსირდა ფაქტებიც, როცა მანდატურებმა სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს და თავად მოირგეს დირექტორის ფუნქცია.

ხელისუფლების აზრით, სკოლებში მანდატურების შემოყვანა განსაკუთრებულად წარმატებული პროექტია. მაგრამ ამ მოსაზრებას მრავლად ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც თვლიან, რომ სკოლაში „პოლიციური სამსახური“ გაჩნდა...

დღეს კულუარებში იმაზეც აქტიურად საუბრობენ, რომ განათლების სამინისტრომ მანდატურები სპეციალურად გადაამზადა და მათ სექტემბრიდან რეზინის ხელკეტებსაც დაურიგებენ. იმასაც ამბობენ, რომ მანდატურებს, კუთვნილი ხელფასის გარდა, ჰონორარიც დაენიშნათ.

ერთ-ერთი მანდატურის დას ჩვენთან საუბრისას წამოსცდა: „ჩემს ძმას  400 ლარი აქვს ხელფასი, გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლიდან ჰონორარსაც აიღებს. ალბათ, 700 ლარამდე მაინც ავა, ჰონორარი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ოქმს დაწერს.“

მანდატურები ჩვენს შვილებს ენის მიმტანებად აქცევენ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: „სკოლებში ისეთი ზედამხედველები, ე.წ. მანდატურები დავნიშნეთ, რომლებიც კი არ ზრდიან შვილებს, არამედ მათ ენის მიმტანად აქცევენ. ენა მიაქვთ თავიანთ მასწავლებლებზე, მეგობრებზე, ამიტომ ეს საკითხი კიდევ შესასწავლია. შიშით ვერ გაზრდით ჩვენს შვილებს.“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ის პატრიარქის ქადაგებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „მე არანაირი უფლება არ მაქვს, მისი უწმინდესობის ქადაგებაზე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს. იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად იყოს ჩართული ოჯახი ბავშვის აღზრდის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ამაში ოჯახის როლი, სწორედ ამაზე საუბრობდა პატრიარქი. სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოდელსა და გამოცდილებას სწავლობს იმისთვის, რომ საქართველოში ყველა მშობელი ბავშვის აღზრდის პროცესში იყოს ჩართული. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში.“

რა ფიქრობენ მშობლები სკოლებში მოღვაწე მანდატურებზე?

ირინა: „ჩემი მოზარდი შვილები სწავლობენ მე-2 და მე-18 საჯარო სკოლებში. როდესაც სკოლაში მისვლა მიწევს, კარის ქალთან ერთად მანდატურთან შეხვედრა მიხდება. ჩემი აზრით, ამ ინსტიტუტის შემოღება სკოლებში დროული გახლდათ. მოგეხსენებათ, სწრაფმა პროგრესმა, ტექნიკისა და მეცნიერების განვითარებამ შესაბამისი კორექტივები შეიტანა ახალი თაობის განვითარებაში და ფორმირებაში. ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენს ბავშვობასთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული და განვითარებული თაობა იზრდება. ჩემი აზრით, ბავშვები ცოტა პრაგმატულებიც კი არიან და ამანაც გამოიწვია აგრესია, ფეთქებადობა. ამასთანავე, ჩვენმა დროებამ გამოიწვია ის, რომ ეკონომიურ მოსაზრებით თითქმის არ არის ოჯახი ვისი მშობელიც საზღვარგარეთ არ მსახურებდეს ლუკმაპურის საშოვრად. ფაქტობრივად, ბავშვებს, რომლებიც ბებია-ბაბუას ანაბარად დარჩნენ მშობლის სითბო აკლიათ. ერთი სიტყვით, ზემოხსენებულის გამო ნამდვილად საჭიროებენ  ბავშვები მეტ ყურადღებას, ხშირად მოუდით კინკლაობა, კომპიუტერებთან ნაჯდომი მათი ორგანიზმი ფიზიკურად განტვირთვას მოითხოვს, რასაც ვერ ზომავენ ხოლმე და აჭარბებენ. ბევრჯერ მინახავს ამ დროს მანდატური დროულად ჩარეულა და წესრიგი და მშვიდობა დაუმყარებია. თვითონ ბავშვებიც იჩენენ თადარიგს მათ მიმართ.“

ნათია დვალიშვილი: „არ მომწონს, როდესაც ჩემს შვილს მანდატური აკონტროლებს. ამას წინათ რამდენიმე წუთი დააგვიანა და ეგრევე ოქმი დაუწერა. ასევე, პედაგოგებსაც უთვალთვავალებენ. საცოდავი, მშიერი მასწავლებლები იმის შიშში არიან, მანდატურების გადამკიდეებმა, სამსახური არ დაკარგონ. არ მინდა ჩემი შვილი ასეთ სკოლაში იზრდებოდეს.“

ლალი: „ჩემი აზრით, მანდატურის პიროვნებას და ინტელექტუალურ მონაცემებსაც გააჩნია. მე, როგორც სამი შვილის მშობელი, ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო ჩვენს სკოლაში მომუშავე მანდატურით, იმის მიუხედავად, რომ უფროს ვაჟს ორი ოქმი შეუდგინა. ვთვლი, რომ მისი ეს ქმედება სამართლიანი იყო. გული უფრო დამრიგებელზე მწყდება, რომელმაც ვერ შეძლო წესრიგისა და სამართლიანობის დამყარება კლასში.“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას აზრით კი, სკოლებში ბავშვებს სპარტანული წესით ზრდიან: „სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში, არამარტო მანდატურებს შეიარაღებენ ხელკეტებით, არამედ - მთელს საქართველოს. როგორ შეიძლება, ოცდამეერთე საუკუნეში სკოლის დარაჯები ხელკეტებით და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამათ უნდათ, სპარტანული წესით აღზარდონ ბავშვები. ასეთი გამოთქმაა: მოქნეული და მოზომილი არ არსებობსო. კაი და, მოუზომავად მოიქნია რომელიმე დეგენერატმა მანდატურმა ხელკეტი და შემოაკვდა ბავშვი. მითხარით, შევაკლათ მანდატურებს ბავშვები? ეს არის მარაზმი და კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რომ ამათ უნდათ, ბავშვებიანად ჩექმის ქვეშ ჰყავდეთ მთელი მოსახლეობა.“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჯებსკაიამ მანდატურების ხელკეტებით შეიარაღებასთან დაკავშირებით გვიპასუხა: „თქვენ მიერ მოწოდებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. არ არის სიმართლე, კარგით რაა. არ ვადასტურებ მსგავს, ჭორის დონეზე გავრცელებულ ინფორმაციას.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია