დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამხედრო აღლუმი ახალი პარლამენტის წინ
2012/05/28 13:30:45

საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, პირადი შემადგენლობის აღლუმისთვის მზადყოფნა აღლუმის ხელმძღვანელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მოახსენა.

პატაკის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმნენ.

სანამ საზეიმო სამხედრო მსვლელობა დაიწყებოდა, შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერი - ნიაზ დიასამიძე - „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, ნაციონალური ბალეტი სამხედრო ფორმებში - „ხორუმი“ და ზუმბა - სიმღერით                              „აფხაზეთო“.

სახელმწიფო ჰიმნი ანა ხანჩალიანმა თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულა.

სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი: უმცროს ოფიცერთა ძირითადი კურსის 76-მა მსმენელმა მუხლი მოიყარა და საჯაროდ დადეს ფიცი. ფიცის მიღების შემდეგ მათ მიენიჭათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. ისინი სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ.

მიხეილ სააკაშვილმა სასულიერო, სახელოვნებო და საგანმანათლებლო სფეროს მოღვაწეები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა, მათ შორის ქუთაისიდან: ერის სულიერ აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე, სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, საქართველოს ისტორიის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ომარ ლანჩავა, ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - ექიმი ომარ ღიბრაძე, აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე. ამის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. და, აი, აღლუმის ხელმძღვანელმა საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანება გასცა, რომელიც გულისხმობდა ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გადაწყობას, მოძრაობის მიმართულების და დისტანციის დაცვას, მედროშეებმა პირდაპირ, დანარჩენებმა კი მარჯვნისაკენ სწორებით დაიწყეს მსვლელობა.

სამხედრო მსვლელობას, წელს პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად აკომპანიმენტი გაუწიეს ხუთი მეგობარი ქვეყნის: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრებმა.

სამხედრო აღლუმი გახსნა მედროშეთა კოლოფმა, რომელსაც უძღვებოდა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი. მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მიჰყვებოდნენ.

საზეიმო მსვლელობა გააგრძელეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმა. აკადემიის სასწავლო სისტემის რეფორმირების შემდეგ მათ პირველად მიიღეს აღლუმში მონაწილეობა..

აკადემიის მსმენელებს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი მიჰყვა. ზეიმის მსვლელობაში შემდეგი იყო სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე კოლოფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაიორი ბახვა მუმლაძე. ამას მოჰყვა წვრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი.

აღლუმის საზეიმო მსვლელობაზე ასევე გამოვიდნენ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები.

საზეიმო მსვლელობა დახურა შეიარაღებული ძალების გაეთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ.

ამის შემდეგ საზეიმო მსვლელობა განაგრძო შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო სისტემებმა და საფრენმა აპარატებმა. საზეიმო მსვლელობაში პირველად მიიღო მონაწილეობა მუხლუხოებიანმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო სისტემამ და ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ. ტექნიკის მსვლელობა სწორედ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკათი“ დაიწყო, რომელიც საქართველოშია წარმოებული, მას მოჰყვა ასევე საქართველოში წარმოებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ (მისი დიზაინი ეკუთვნის ცნობილ ხელოვანს ზვიად ციკოლიას), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, „დიდგორი 3“, უპილოტო საჰაერო სისტემა, 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, საარტილერიო სისტემა „მსტა“, საარტილერიო სისტემა „გეოცინტი“, ჰამერის ჯიპის შეჯავშნული მრავალფუნქციური მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი                „კობრა“, ჯავშანტრანსპორტიორი „ვულფი“, კიდევ სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანტრანსპორტიორები. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები...

სამხედრო აღლუმის კულმინაცია იყო სენაკის აეროდრომიდან აფრენილი და მოზეიმეთა თავზე გადაფრენილი ავიაცია. რამდენიმე ათეულმა შვეულმფრენმა, მოიერიშე თუ უპილოტო თვითმფრინავებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოიერიშე „სუ-25“-ის მიერ, ცაზე ქართული დროშის ფერებით გავლებული კვამლის „შლეიფერები“...

 აღლუმის დასრულების შემდეგ გაზეთ „P.S.“-ს კომენტარი მისცეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ არ ვჩერდებით, საქართველოში თითოეული ოჯახი და მოქალაქე იგრძნობს იმ სიკეთეს, რაც მოაქვს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას.“

გიგი უგულავა: „მინდა მივულოცო ეს დღე ყველა ქუთაისელს, ეს განვითარების საფუძველია, ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი გადმოდის დედაქალაქიდან სხვა ქალაქში. ეს თითოეული ქუთაისელის ცხოვრებაზე, დარწმუნებული ვარ, დადებითად აისახება.“

საზეიმო აღლუმის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია