დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუმრები 30 ქვეყნიდან და საპატიო ქუთაისელები
2012/05/02 17:53:59

ორ მაისს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს 30 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. მათ ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ადრეული საუკუნეების ხელნაკეთი ნივთები, ოქროს და ვერცხლის სამკაულები,  საეკლესიო ლიტერატურა, საბრძოლო იარაღები.

დიპლომატიურ კორპუსს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთში ლაშა მაქაცარიამ, ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.

„თქვენი სტუმრობა ჩვენს ქალაქში მეტად მნიშვნელოვანია, ქუთაისი  უკვე შეუერთდა აღმშენებლობის გზას და ამაში თქვენც, უცხოელ პარტნიორებს, დიდი წვლილი მიგიძღვით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქალაქის წარსულით, აწყმოთი და მომავლით. როგორც იცით, მალე აქ პარლამენტი გაიხსნება და ჩვენი ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.“ - აღნიშნა ქალაქის მერმა სტუმრებთან შეხვედრისას.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ორმაისობას, ყველა რაიონის წარმომადგენელია ჩამოსული ჩვენს ქალაქში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენელთა ვიზიტი. თქვენ ხედავთ, რომ ქუთაისში ბევრი და გარდამტეხი პროექტი მიმდინარეობს, პარლამენტის ადმინისტრაციული ცენტრი მალე აქ გადმოდის, თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარებიან.“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

ღონისძიებაზე ოთხ ღვაწლმოსილ თანაქალაქელს „საპატიო ქუთაისელის“ წოდება მიენიჭა. ესენი არიან: პოეტი ჯანიკო გაბუნია, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბენია თხილავა, მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მარიკა სამანიშვილი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ომარ ლანჩავა.

საპატიო მოქალაქებს სიგელები და შესაბამისი მოწმობები გადაეცათ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მეზობელი ქვეყნის, თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის კარიშიკას მერი ჯევათ დურაქი. მან იქ შეკრებილთ ორმაისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ქალაქებს შორის მეზობლობა და მეგობრობა ძალზე მნიშვნელოვანია. მან აგრეთვე საპატიო მოქალაქეებს მიულოცა მათი ღვაწლის დაფასება.

„დღეს ქუთაისში დიდი დღეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი მუზეუმისთვის: 30 ქვეყნის წარმომადგენლის სტუმრობა პატარა საქმე არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ პატივი დამდეს და საპატიო მოქალაქის სახელი მომანიჭეს. მიმაჩნია, რომ ეს არამარტო ჩემი დაფასებაა, არამედ - თავად მუზეუმის, მისი კოლექტივის აღიარება. უპირველეს ყოვლისა, მიხარია, რომ გადაწყვეტილ იქნა საუკუნის პრობლემა და მუზეუმმა ადგილი დაიმკვიდრა ამ შენობაში,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქუთაისის საპატიო მოქალაქემ, პროფესორმა ომარ ლანჩავამ.

შეხვედრის ბოლოს უცხოელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია