დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელ ებრაელთა ოხუნჯობანი
2012/04/02 15:19:24

საპირველაპრილოდ ჩვენს მკითხველს, ალბათ, განსაკუთრებით გაახალისებს ეს პატარ-პატარა ამბები, რომლებიც ქუთაისელ ებრაელთა ცხოვრებიდანაა აღებული.

 

ექიმის, გეოგრაფის, მოგზაურისა და ფოტოხელოვანის - თემურ ძიძიგურის ახალი წიგნი „ქუთაისელ ებრაელთა ოხუნჯობანი“, რომელიც იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის გრიფითაა გამოცემული, საყურადღებო ეთნოგრაფიულ მასალას იძლევა და ქართულ-ებრაული ურიერთობების მრავალ სახალისო მომენტსაც გვიჩვენებს.

ქუთათურებო! იკითხეთ და იხალისეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი გვარებითა და სახელებით, თქვენს თვალწინ მომხდარი თუ სხვებისგან გაგონილი ისტორიებით, ჩვენებური იუმორის ძარღვიანი ფესვებით.

 

თქვენ მოიქეცით!..

თბილისიდან ჩამოსული სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მაღალჩინოსანი ქუთაისის შაუმიანის ქუჩის მოსახლეობის ცოდნას ამოწმებდა და მოშკა ზონენაშვილს შეეკითხა:

- თქვენი სახლიდან ოც მეტრში ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, როგორ მოიქცევით?..

- თქვენ მოიქეცით, უფროსო, ისე, მე რომ მაშინ მოვიქცევი! - ჩაილაპარაკა მოშკამ.

 

რა გგონია?!.

ავალო თოფჩიაშვილი და მორდეხ გაგულაშვილი ციხის საკანში ერთად ისხდნენ.

ავალოს ძილი უყვარდა და სულ ლოგინზე იყო წამოგორებული, მორდეხი კი ადგილზე ვერ ჩერდებოდა და დილიდან საღამომდე ბოლთას სცემდა.

ერთხელაც ავალოს მორდეხის სიარული მოსწყინდა და უთხრა:

- მორდეხ, დაგენაცვლე, აქეთ-იქით რო დადიხარ, შენ გონია, არ ჯიხარ?!

 

ნახევარი საქონელი

თემურ შეყილაძე შაუმიანის ქუჩაზე ფირმა ფეხსაცმელების საყიდლად წავიდა.

- ვიცი, იქ ორმაგს მეტყვიან, მაგრამ ვივაჭრებ და „ტუფლებს“ კაი ფასად ვიყიდი, - გადაწყვიტა მან.

შაუმიანზე რომ მივიდა, გადამყიდველი მოშკა ელიგულაშვილი ნახა, ფეხსაცმელი მოატანინა და ფასი ჰკითხა.

- ორასი მანათი, დაგენაცვლე! - აჯახა მოშკამ.

- ას მანეთად ხო იქნება?! -  დაიწყო დასახული გეგმის განხორციელება თემურმა და ფასი გაანახევრა.

- ცალიი გინდა, ცალიი, დაგენაცვლე? - გაუნახევრა მოშკამაც.

 

ნაბიჯი წინ და სამი - უკან!..

რახელ და სამსონ მაწკეპლიშვილების ოჯახი სივიწროვეში ცხოვრობდა.

საჭირო ფართისა და ავეჯის უქონლობის გამო რახელს, სამსონსა და მათ სამ მცირეწლოვან შვილს ერთ ლოგინზე ეძინათ.

ერთხელ ღამით, ცოლ-ქმრული ალერსით გათანგული რახელი ბავშვების კვნესამ შეაფხიზლა.

რახელმა ქმარს ხელი ჰკრა, შეაჩერა და ჩასჩურჩულა:

- სამსონ, რა შობი, ცოტა ნელა... ბაღნებ არაფერი მოვწიოთ!

- ქალო, აბა, რა ვქნა, ბოვში არ გავაკეთო?!.

- მერე... ერთ აკეთებ და სამ კლაამ?! - შესძახა რახელმა.

 

ნაადრევი გამგზავრება

რუბენ ხაზმიშვილი პურს ხაბაზებიდან ყიდულობდა და მერე ნაცნობ-მეგობრებში ასაღებდა.

ერთ დილას იგი ცუდ გუნებაზე ადგა.

ამას ის დაემატა, რომ პურის მცხობელებმა დამწვარი პური მიუტანეს, დილით კი ეუდა ბუზუკაშვილმაც მიაკითხა, რომელიც თვალში არ მოსდიოდა.

ეუდამ ყველა პური სათითაოდ მოზილა, არ ვარგაო, თქვა და უკან გაბრუნდა.

რუბენმა ეს ვეღარ მოითმინა და ეუდას დედა შეაგინა.

ეუდა მშიშარა კაცი იყო, რუბენს სხვა ვერაფერი შეჰკადრა და უთხრა:

- თუ ხვდები, ახლა რა გააკეთე?!.

- რა გავაკეთე?

- რა და, წადი უკვე იმ ქვეყანას... დედაჩემთან!

 

რომელი სჯობს

ელიაუ მოძღვრიშვილს თექვსმეტი წლის ვაჟიშვილი შეუჩნდა, - გინდა თვარა, ფული მომეცი, ფული მომეციო.

- რათ გინდა, ბიჭო, ფული? - შეეკითხა ელიაუ.

- პრაიგრივატელი უნდა ვიყიდო! - უთხრა ბიჭმა.

ელიაუ ჩაფიქრდა...

- კი მარა, რა ღირს?

- ორასი მანათი.

იმ დროს ქუთაისში „პრაიგრივატელები“ ახალი შემოსული იყო, ელიაუმ მისი მნიშვნელობა არ იცოდა და შვილს ურჩია:

- ბიჭო, მაგ რაცხა პრაიგრივატელ რო ყიდულობ, არ ჯობია ფული დაამატო და ბარემ, ვიიგრივატელი იყიდო?!.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია