დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მასობრივი ბედნიერება
2012/03/26 14:24:15

ჭიჭიკო გოგოლის არ იყოს, ბავშვობიდან ვერ ვიტან კერპებს და ფანატიზმი ჩამორჩენილი და ცნობიერების დაბალ საფეხურზე მყოფი მასის ფსიქოლოგიური მახასიათებელი მგონია. ამიტომ მახსენებს პრეზიდენტის გამოჩენაზე ცრემლებმომდგარი ბრბოს აღტკინებული მიშას ღრიალი იმ მრავალათასიან იგივე მასას, ედიკა-ბაბუს რომ დაუჩოქა ხვეწნით, არ დაგვღუპო და არ მიგვატოვოო...

ვერავინ დამარწმუნებს, რომ გონიერია ხალხი, რომელსაც თანაბარი ხბოს აღტაცებით შეუძლია ბეჭზე გასმული უცნობი სტადიონს შემოატაროს, შემდეგ კი იგივე ზღვარგადასული ხოტბა შეასხას ახალ მესიად შერაცხულ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ალბათ, ჯერ კარგად ვერ აცნობიერებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტობა კი არა, ტომის ბელადობა მოუწევს, რადგან ჩვენ, მიუხედავად კოკობზიკობისა, ის ხალხი ვართ, რომელსაც ბელადის გარეშე არ შეუძლია და სწორედაც რომ ფრთაგარჭობილი უნდა დავიარებოდეთ...

ფრთაზე გამახსენდა... მთელმა საქართველომ იხალისა გილაურის ახალ-ზელანდიურ ვოიაჟზე. მეც ბევრი ვიცინე, მაგრამ რომ დავფიქრდი, გავბრაზდი, როგორც გავბრაზდებოდი მაშინ, საპატიო სტუმრებს ჩვენი მთავრობა რომ დახვედროდა ჩოხა-ახალუხში და შემდეგ იმათ ეხალისათ ჩვენს დახვედრაზე - ხანჯლიანი გოიმები დაგვხვდნენო...

ისე, ვინა თქვა, რომ არ ხალისობენ?!

ჩემს ბავშვობაში რობერტ დე ნიროს დონის ვარსკვლავის სტუმრობა საქართველოში უზარმაზარი მოვლენა იყო, ლამის საუკუნის მოვლენის ტოლფასი. დახვდა მთელი ცეკა-ტეკა თავისი ცოლებიან-ნაშობიანად (ეს „ქართული ტრადიცია“ დღემდე პირვანდელი სახით არის შემორჩენილი!). ხოდა, ჯერ ხომ არ გაახედეს სუფრის მიღმა (შიოდა და რა ექნათ?! ..), სუფრიდან სუფრაზე გადაჰყავდათ, როგორც ჩანს, საცივით და ხაჭაპურით თავის მოწონება უნდოდათ. კულმინაცია ყველაზე საინტერესო იყო: თვითმფრინავის ტრაპთან თურმე ამ ჩვენმა  ელიტამ და „სვეცკობამ“ დაიხსნა ბრილიანტის აღკაზმულობა და, სპილბერგს რომ შეშურდებოდა, იმნაირი სანახაობის შემყურე, პირდაღებულ დე ნიროს გოგოს უფეშქაშა! მერე წიოკობდნენ, უმადური აღმოჩნდა, ამერიკულ პრესაში სულ გაუთლელები და ხეპრეები გვეძახა და მაგის ფეხი არ ვნახოთ აქაო... არც ჩამოსულა მერე.

იმაზეც ბევრს ხალისობდნენ, რეი ჩარლზს რომ ჰკითხა ერთმა ტუტრუცანა ჟურნალისტმა, ახლაც რომ კონა 10 შაურად ყრია, ისეთმა - როგორ მოგეწონათ თბილისიო! თბილისი კი არა, საკუთარი ცოლ-შვილი არ ჰყავდა ნანახი ბავშვობიდან დაბრმავებულ კაცს, ამან კიდე...

შეიძლება მეჩვენება და (არადა, ამბობენ, რომ ჯერ საღ ჭკუაზე ვარ და არც აკვიატებული იდეები მაწუხებს მაინცდამაინც...) მგონია, რომ დიდი პროგრესი არც ჩვენს ჟურნალისტიკას განუცდია მას მერე და არც ჩვენს აზროვნებას... პარდონ, მენტალიტეტს!

მტკიცებულება?!

აი, ბატონო:

გულითადად მიესალმეთ მაიკლ ტერნერს!იგი ახალი უფროსია საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში! რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პასუხისმგებელია ამერიკის საელჩოს ყველანაირ საქმიანობაზე, რომელიც კულტურასთან, გაცვლით პროგრამებთან და მედიასთანაა დაკავშირებული. მაიკლი ახლახანს ჩამოვიდა, მაგრამ უკვე მოინახულა ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და სიღნაღი. როდესაც ვკითხეთ, თუ რას ფიქრობს საქართველოს შესახებ, მან გვიპასუხა: „გასაოცარია! დაუჯერებლად ლამაზი ქვეყანაა. ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია მსოფლიოში, ხოლო საჭმელი...“ მაიკლმა წინადადება აღარ დაასრულა. მას ხაჭაპურის და იმ სხვა სიამეების გახსენებაზე, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან სიამოვნებით მიირთმევს, თვალები გაუბრწყინდა. Facebook-ზე ჩვენი მეგობრებისთვის მაიკლს ერთი შეკითხვა აქვს: „სად შეიძლება საუკეთესო ხაჭაპურის მირთმევა თბილისში?“ (September 28, 2011).

ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში გადამწყვეტი ხმის უფლება ხალხს, ანუ მასას აქვს, მერე რა, რომ ამ მასის „წონიან მასას“ დღეს ერთი მოსწონს, ხვალე - სხვა; დღეს ჯვარი ჰკიდია იქ, სადაც გუშინ ამაყად კიაფობდა წითელი ვარსკვლავი; კაცმა არ იცის, ხვალ რა იქნება აქტუალური; არ არის გამორიცხული, რომ მინიატურული ცოცხებით დავიმშვენოთ გულმკერდი...

ჩემდა სამარცხვინოდ, დღემდე არ ვიცი ზუსტად, ვის ეკუთვნის ციტატა: „არ არსებობს დემოკრატიაზე უარესი მმართველობის ფორმა, მაგრამ სამწუხაროდ, უკეთესი ჯერ არ მოუგონიათ!“ რუზველტი იყო თუ ჩერჩილი, თქვენ გაიხსენეთ, მეზარება ახლა დაგუგლვა და ზარი ახლობელთან; მე იმას გეტყვით, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები ამ ფრაზის გენიალურობაში.

რატომ?!

იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობაში გოგონების „უმრავლესობა“ ატარებდა „აჟურნი კალგოტკებს“, თუ არ გეცვა, ქაჯი იყავი;

იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობაში ბიჭების „უმრავლესობა“-ს ეცვა „პირამიდა“ ჯინსები. მერე რა, თუ ხანდახან მათი შეხედვა ერთობ უსიამოვნო, უნებლიე დეფეკაციის ასოციაციას გიჩენდა...

იმიტომ, რომ ახლანდელი გოგოების „უმრავლესობა“ დადის ჯინსებში კუპატივით ჩატენილი და ღიპგადმოგდებული. მერე რა, თუ ამ ღიპზე ვაჟკაცურად ბიბინებს ბოქვენიდან ჭიპისკენ ამოყოლებული მუქი ღინღლი...

იმიტომ, რომ ახლანდელი ბიჭების „უმრავლესობა“-ს  შარვლიდან ტრუსები ბოლომდე უჩანს, მერე რა, თუ ხშირად ამ ტრუსებს ჭუჭყის შავი ზოლი გასდევს...

იმიტომ, რომ „უმრავლესობა“ საუკუნეების მანძილზე თვლიდა, დედამიწა ბრტყელია და კუებზე დგას...

იმიტომ, რომ „უმრავლესობამ“ დაწვა კოცონზე ჯორდანო ბრუნო, რას ქვია, დედამიწა ბრტყელი კი არა, მრგვალია, თქვიო;

იმიტომ, რომ „უმრავლესობის“ (ბოლშევიკების) ლოზუნგი იყო: - „Кто не с нaми, тот прoтив нас!“...

იმიტომ, რომ „უმრავლესობა“-ს  ღირებულებად მხოლოდ ის მიაჩნია, რაც შეუბრალებელ კონკურენციაში თანამოძმეზე გაამარჯვებინებს (ეს მე არ მითქვამს, კონრად ლორენცმა თქვა. ..)...

იმიტომ, რომ „უმრავლესობა“  ჩემს ირგვლივ, ეკითხება თუ არ ეკითხება, დაუღალავად მასწავლის, რომ „ნამდვილ მანდილოსანს“ მუცელი არ უნდა უბუყბუყებდეს (ეს კიდევ პეპიმ თქვა, მაღალიწინდამ. ..)...

რა ვქნა მე, პოლიტიკურად გაუნათლებელმა და უვიცმა, წმინდა მიხეილის სკოლის ნულ კლასშიც რომ არ მისწავლია, გავაპროტესტო, ძალით რომ მიმათრევენ მონა-ლიზას ღვთაებრივი ღიმილით დასატკბობად, თუ ჩემით დავემხო პირქვე?!  არადა, არ მომწონს ეს ჯოკონდა და მომკალით, თუ გინდათ...

ჯგუფელი მყავდა, მანანა, უნიჭიერესი გოგო, ერთი წიგნი რომ იყო ჩასაბარებელი, ხუთს გადაიკითხავდა ხოლმე. ძმა ჰყავდა კიდევ, ასევე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი (როგორც ყველა ქართველი. ..). სულ ჰქონდათ ჩხუბი, მანანა უთენია დგებოდა ხოლმე, დილის 6-ზე, გია კიდევ 12 საათამდე გვერდს არ იცვლიდა საწოლში. მორიგი ჩხუბის დროს მანანამ არგუმენტად მოიშველია, რომ მედიკოსების აზრით, დილის 12 საათამდე ძილი ნორმიდან გადახრაა და მავნეა ჯანმრთელობისთვის... თითქმის ყოველდღე მახსენდება გიას საპასუხო რეპლიკა: ადამიანების 90 პროცენტს უყვარს დილით ძილი, მხოლოდ ათი პროცენტი დგება შენსავით უთენია; ნორმა ხომ ჰქვია საყოველთაოდ, ესე იგი უმრავლესობის (ხაზგასმა ჩემია. ..) მიერ აღიარებულ მდგომარეობას, ვინ გამოდის არანორმალური, შენ თვითონ თქვიო!

ზუსტად ისე, როგორც ეჟენ იონესკოს „მარტორქაშია“, გამარტორქების გზაზე შემდგარი დეზი, ანუ „უმრავლესობა“ ამტკიცებს, რომ - ეს „ადამიანები“ ვერ ერკვევიან მუსიკაში, სამაგიეროდ, მარტორქები მშვენივრად ერთობიან და ცეკვავენ“-ო.

ჰოდა, ხანდახან მეც ვფიქრობ ხოლმე, იქნებ მარტორქები სულაც  არ არიან ისეთი უხეშები და მოუქნელები, როგორც მგონია; იქნებ, პირიქით, მათი ყოფა ადამიანებისას ბევრად ჯობია, უზრუნველები, უფიქრელები, სამაგიეროდ, ენერგიითა და ძალ-ღონით სავსენი... ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი; თან ერთად ცხოვრობენ, ...კოლექტიურად, მასობრივად და ბედნიერად!!!!

ჰოდა, სანამ გვარ-ტომული კოლექტიური ცნობიერების დონეზე ვართ და ჯერ მხოლოდ

„განდობილებს“ ძალუძთ, ისიც მხოლოდ უმაღლესი ქურუმის ხელდასმით, „ჭეშმარიტების“ წყაროს ანკარა სათავეებთან მიახლოება, დანარჩენებს ისღა დაგვრჩენია, ლელა კაკულიას და მიშა ცაგარელის პროგნოზების იმედად ვიყოთ.

აბა, დელფოსის ორაკული აღარაა ცოცხალი და...

 

ირინე სახელაშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია