დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძველი ფეხბურთელის აუტი წლებთან
2011/12/26 13:20:24

ჩვენი რესპონდენტი ვეტერანი ფეხბურთელი, 75 წლის ნოდარ სარჯველაძეა, რომელიც ქუთაისის    „ტორპედოს“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება. თამაშობდა მაშინ, როცა ამ გუნდში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. თუმცა „ტორპედომდეც“ ჰქონდა დიდი სპორტსმენობისაკენ მიმავალი გზა: მერვე კლასიდან ეგრეთწოდებულ ეზოს გუნდებში თამაშობდა, შემდეგ:

„უნდა დაკომპლექტებულიყო საქართველოს ნაკრები. საბჭოთა კავშირის პირველობაზე გავდიოდით. ორი გუნდი უნდა შექმნილიყო - საქართველოს ნაკრები და „დინამო“. მე მოვხვდი 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდულ ძირითად შემადგენლობაში. მონაწილეობა მივიღეთ საბჭოთა კავშირის პირველობაზე, რომელიც ჩატარდა მოსკოვში. პირველი ადგილი ავიღეთ. ეს იყო 1952 წელი. ამის შემდეგ სკოლა დავამთავრე, 19 წელი შემისრულდა და უკვე ჯარიც მიწევდა. ქუთაისში, ქართულ დივიზიაში მომიხდა სავალდებულო სამსახურის გავლა.“

ჯარის პარალელურად ქუთაისის „დინამოში“, ახალგაზრდულ გუნდში იწვევდნენ, როგორც წამყვან ფეხბურთელს:

„ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, იმათთან დგომა რთულიც იყო და საპასუხისმგებლოც. პარალელურად ჯარშიც ვიყავი და ფეხბურთსაც ვთამაშობდი, ამის უფლებას მაძლევდნენ.“

შემდეგ იყო „ტორპედო“, საიდანაც დიდი ფეხბურთის გზა დაიწყო:

„1956 წელს ავტოქარხანაში გადაწყდა „ტორპედოს“ გაძლიერება, კარგი გუნდის შექმნა. ქარხნის  ხელმძღვანელები შალვა კიკნაძე, სერგო აბზიანიძე და ლევან ფანჩულიძე იყვნენ. მე მიმიწვიეს და იმავე წლიდან მათი გუნდის წევრი და კაპიტანიც ვიყავი. გუნდის მწვრთნელი იყო უშანგი სალდაძე, რომელიც ადრე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. აქედან დაიწყო ჩვენი წარმატებაც.“

1960 და 1961 წლებში „ტორპედომ“ ზედიზედ მოიგო B კლასის ზონალური გათამაშებები. ასე მიაღწიეს უმაღლეს ლიგამდე. 1961 წელს გუნდმა მოიპოვა A კლასის (იგივე უმაღლესი ლიგის) საგზური. გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ: რამაზ ურუშაძე, ჯუმბერ ხაჟალია, ნოდარ სარჯველაძე, გურამ ნიშნიანიძე, იუზა ლოსაბერიძე, გურამ ცხოვრებოვი, გარი სორდია და სხვები. „ისეთი პოპულარული იყო ფეხბურთი ქუთაისში, თამაში რომ დამთავრდებოდა, ქალაქში ვერ გამოვდიოდით - არ გვატარებდნენ, საათობით გვაჩერებდნენ, გვიხუტებდნენ. თუ სადმე შევიდოდით, სასადილოში, ყველა გვცნობდა, არ იცოდნენ, პატივი რითი ეცათ, განებივრებულები ვიყავით.“ - იხსენებს ბატონი ნოდარი. ისიც ღიმილით აგონდება, რომ ძლიერ გუნდებს ყოველთვის უგებდნენ, თუმცა ხანდახან ისეთ გუნდებთან მარცხდებოდნენ, სადაც, წესით, არ უნდა წაეგოთ (ქუთაისში მაშინ ასე ხუმრობდნენ, ჩვენი „ტორპედო“ ნამდვილი არსენაა - მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევსო და ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ 1965 წელს „ტორპედომ“ თვით კიევის „დინამოს“ დააკარგვინა ოქროს მედლები...).

ნოდარ სარჯველაძე იხსენებს იმდროინდელი გულშემატკივრის რეაქციებსაც და მისი ცხოვრების ყველაზე სამახსოვრო დღესაც:

„იყო ასეთი შემთხვევებიც - ვიდრე თამაში დამთავრდებოდა, გულშემატკივარი სტადიონზე შემოვარდებოდა და ხელში ავყავდით.

ლენინგრადში, „ზენიტთან“ გვქონდა თამაში, თბილისის დინამომ 5:0 წააგო, შემდეგ კი ჩვენ ჩავედით. გაოცებული ვიყავით, დინამომ „ზენიტთან“ როგორ წააგოო, თან 5:0! ამას ვფიქრობდით და მაინც ვშიშობდით, აუცილებლად უნდა მოგვეგო. სწორედ იმ პერიოდში შვილს ველოდებოდი. სათამაშოდ რომ გავედით, გადაჭედილი იყო სტადიონი მაყურებლით. მაშინ ანდრო ჟორდანია იყო ჩვენი მწვრთნელი და დავინახე, მწვრთნელმა ბიჭებს მიაწოდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ჩემი შვილი დაიბადა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, ბიჭებს შევეხვეწე, ეს თამაში აუცილებლად მომაგებინეთ-მეთქი. რომ წაგვეგო, ჟორდანია იტყოდა, „გლახა ფეხზე“ დაიბადაო. ის იყო, თამაში უნდა დაწყებულიყო, სტადიონზე გამოაცხადეს, რომ შვილი შემეძინა! ლენინგრადელი მაყურებელი დიდი ოვაციით შეხვდა ამ ამბავს. იქ ისიც გამოაცხადეს, რომ ვინც გაიტანდა გოლს, მისი სახელი უნდა დამერქმია ჩემი ბიჭისთვის. მე ვნატრობდი, ნეტა რუსმა არ გაიტანოს გოლი-მეთქი. რამდენიმე წუთში უკვე ნათელი გახდა, რომ უპირატესობა ჩვენ გვქონდა. ახალი შემოსული იყო ჩვენს გუნდში გრიგოლ (გია) დუნდუა, რომელმაც თავით გაიტანა გოლი, მოვიგეთ 1 : 0 და ჩემს შვილს დავარქვი გია. დღეს უკვე 27 წლის შვილი ჰყავს. თამაშის შემდეგ ჩავიკეტეთ ნომერში, აღვნიშნეთ ჩვენი გამარჯვება და ჩემი შვილის დაბადების დღე.“

ნოდარ სარჯველაძეს მაღალი დონის მატჩებში და ძლიერი ფორვარდების წინააღმდეგ უწევდა თამაში. როგორ უნდა დაავიწყდეს თუნდაც ის თამაში, როცა თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრის დროს მიხეილ მესხი უნდა „აეყვანა“! მათი „დუელი“ ისეთი იყო, დღესაც კი ახსოვს ქუთაისელ მაყურებელს (უფროსი თაობის ადამიანებისაგან გამიგონია).

როცა ინსტიტუტში ჩააბარა, გამოცდებზეც მისი წარმატებული ფეხბურთელობა ეხმარებოდა:

„პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაგვაბარებინეს მე და გურამ ლეჟავას, თან - ფიზიკა-მათემატიკურზე. ფაქტია, ჩვენგან ფიზიკოსები და მათემატიკოსები არ გამოვიდოდა, მაშინ სულ თამაშები გვქონდა, გამოცდებზე ვერ ვცხადდებოდით. მოკლედ, მესამე კურსამდე მივედით. ინსტიტუტის რექტორთან რაღაც ცნობა დამჭირდა, მიყურებს რექტორი და მეკითხება: რომელი სარჯველაძე ხარ, შენ ის ხარ, მოედანზე რომ გხედავთო? რა თქმა უნდა, ჩემგან დასტური მიიღო პასუხად კითხვაზე.“

ბატონ ნოდარს მაშინდელი თაყვანისმცემელი გოგონების არმიაზეც ვკითხე, რომელიც უამრავი ჰყავდათ ფეხბურთელებს. გაეცინა და მიპასუხა:

„ყველა დიდ პატივს გვცემდა, შეხვედრებს გვიწყობდნენ, დაბადების დღეებზე გვეპატიჟებოდნენ სახლებში, მოკლედ, ყურადღება არ გვაკლდა.

ჩვენს გულშემატკივრებს ჩვენზე უკეთ ახსოვთ ყველა თამაში, ვინ როგორი გოლი გაიტანა.

სხვათაშორის, იმ პერიოდში ენთუზიაზმზე გვიწევდა თამაში. არანაირი პირობები არ გაგვაჩნდა, ხელფასი გვქონდა 140 მანეთი, მერე უმაღლეს ლიგაში უკვე 200 მანეთი დაგვინიშნეს. მოსკოვში, სასტუმროში, ყოველდღე გვაძლევდნენ კიდევ სამ მანეთს, საჭმელი რომ გვეჭამა.“

აქ კი საყვარელი მწვრთნელი გაახსენდა და ღიმილი მოეფინა  სახეზე,  შეეტყო, რომ ის დრო განსაკუთრებით ლამაზად აგონდება:

„უშანგი სალდაძე მარტო ფეხბურთს კი არა, უამრავ რამეს გვასწავლიდა, მათ შორის - საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს - ახალგაზრდები ხართ და უნდა იცოდეთო. სასტუმროში თავისი ხელით გვირეცხავდა ფეხბურთელებს ფორმებს. ერთხელ გვეჩხუბა, რატომ არ რეცხავთ თქვენი ხელითო, დამლაგებელს ფულს რაში უხდითო! მე ამით დროს ვხარჯავო, როცა ოჯახებს შექმნით, ყველაფერი უნდა იცოდეთო. ჩვენ ხელმომჭირნე გვეგონა, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რატომ გვეუბნებოდა ამას.

ატელიეში ფორმების შეკვეთას მისცემდა ხოლმე, უნდოდა, ახალი და მოწესრიგებული ფორმები გვცმოდა ყოველთვის.“

ძველი ფეხბურთელი ამბობს, რომ დღეს „ტორპედოს“ ახალმა ხელმძღვანელობამ კარგი პირობები შეუქმნა ფეხბურთელებს. უხარია, რომ სტადიონზე, შესასვლელთან, ადრინდელი თაობების ფეხბურთელების ფოტოებია გამოკრული, საშვებიც მისცეს ყოფილ „ტორპედოელებს“, რომ ყველა თამაშს დაესწრონ.

თუმცა ვეტერანმა ტორპედოელმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა, რომ ის ძველი დონე მაინც სხვა იყო...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია