დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მიშველე, ნინო მამიდა! ჭერი ჩამოინგრა“
2012/03/12 12:22:33

გაუგებარი მიზეზებით საბუთები დამალეს

აბაშიძის ?17 სახლის სახურავზე ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიის მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობს და, როგორც მუშები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მისი სისრულეში მოყვანა პარლამენტის გახსნას უნდა მოესწროს. აღნიშნული სტუდია რვასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულად შენდება და მისი არსებობა, როგორც ადრეც ვწერდით, ათასგვარ პრობლემას უქმნის მერვე სართულის მცხოვრებლებს. იმ ადამიანებს, როგორც თავად აღნიშნავენ, გამუდმებულ შიშსა და მორალურ „ტერორში“ უწევთ ყოფნა.

თუ რატომ გავაგრძელეთ ამ თემაზე მუშაობა, მოგახსენბთ.

 

ეს პრობლემა პირველად  გაზეთ „P.S.“-მა გაახმაურა და სიახლეების შემთხვევაში ყოველთვის დაუთმობს მას ადგილს.

სინატაშვილების ოჯახი ერთ-ერთია იმ სამიდან, რომლებიც ამ სართულზე ცხოვრობენ. სწორედ ამ ოჯახში იზრდება პატარა გოგონა, რომელმაც მემორიალის დემონტაჟის დროს დედა და და დაკარგა. იგი მამიდასთან იზრდება. იმ ავადასახსენებელი დღის შემდეგ, გოგონა იმდენად დაშინებული და დაზაფრულია, რომ ოთახიდან ოთახში მარტო გასვლისაც კი ეშინია.

„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემს ჭერზე საშინელი ხმაური და ნგრევა იყო, მესმის  ბავშვის განწირული ყვირილი: „ნინო მამიდა, მიშველე!“ დაფეთებული გამოვვარდი სამზარეულოდან და ვხედავ, რომ ზემოდან ცვივა მტვერი და ბათქაში, შეშინებული ბავშვი კი შიშისაგან კედელზეა მიკრული. მითხარით, ნუთუ იმ საშინელების შემდეგ, ჩვენ კიდევ ასეთ სტრესს ვიმსახურებთ?“ - გვითხრა შეშინებულმა ქალბატონმა ნინო ჯინჭარაძემ.

შეწუხებული მოსახლეები ითხოვენ, რომ საბუთები, რომელიც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, მათ ხელამდე მოვიდეს და დარწმუნდნენ, რომ ერთ დღეს მერვე სართულიდან პირველ სართულზე არ გაიღვიძებენ.

„ჩვენი თხოვნაა, რომ ის დოკუმენტაცია გვაჩვენონ, რომლის საფუძველზეც დაიწყეს მშენებლობა. ასევე ის დასკვნაც, რომელიც არქიტექტორმა დადო და ამ დასკვნით უსაფრთხოდ ჩათვალეს  ბინაზე მშენებლობა. ორჯერ შევიტანეთ განცხადება საბუთების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ მას შემდეგ ორ თვეზე მეტია გასული და ჯერ არავის მოუქცევია ყურადღება. ნუთუ ასეთი ძნელია სამართლიანობის და ექსპერტის დასკვნის მოთხოვნა?“ - ამბობს ნინო ჯინჭარაძე.

ამ ეტაპისათვის მოხსნილია კორპუსის სახურავი და მონგრეულია გარე სარტყელი. მიუხედავად ზემდგომების კომენტარებისა, რომ არ იქნებოდა მერვე სართულის ჭერი ტელესტუდიის იატაკი, მხილველს სულ სხვა სურათი დახვდება ადგილზე.

საბინაო სამსახურის უფროსმა, კახაბერ ხვარეშიამ, ჩვენთან ერთ-ერთი საუბრის დროს აღნიშნა, რომ სიმაღლის გამო მოხდა კორპუსის სახურავზე განთავსებაო და ასევე დაამატა, რომ აღნიშნული მშენებლობის დაწყება ბინის ამხანაგობის თავმჯდომარისა და „იმედის“ ხელმძღვანელობის შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად აბაშიძის ?17 კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს დავით ქათამაძეს დავუკავშირდით. გთავაზობთ მასთან სატელეფონო ინტერვიუს.

- ბატონი დავით, მოხდა თუ არა თქვენსა და იმედის ხელმძღვანელობას შორის სტუდიის მშენებლობის შესახებ შეთანხმება?

- მარტო ჩემთან კი არა, ყველასთან მოხდა შეხვედრა. მეც ვიყავი, რა თქმა უნდა. მოხდა, რა... გაგვაცნეს პირობები, მთელი ბინა ვესწრებოდით.

- ოფიციალური დოკუმენტები თუ მოითხოვეთ, ბინის ვარგისიანობის შესახებ არქიტექტურის დასკვნა?

- არა, მე მაგის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი არის გათვლილი, დაანგარიშებული და ყველაფერი კეთდება წესების დაცვით.

- და ოფიციალური დოკუმენტაცია არ მოითხოვეთ, რომ გენახათ?

- დოკუმენტაცია არ ვიცი. რა თქმა უნდა, გვითხრეს სიტყვიერად, რომ არსებობს ეს საბუთები.

- კორპუსის მცხოვრებლებთან თუ მოხდა შეთანხმება წინასწარ?

- კი. გითხარით, მოსახლეობას შეხვდნენ, გაესაუბრნენ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო.

- თქვენ, როგორც მოქალაქეს და ამ კორპუსის მცხოვრებს, რამდენად უსაფრთხოდ მიგაჩნიათ ეს მშენებლობა?

- უსაფრთხო?.. (დუმილი) რატომ არ უნდა იყოს უსაფრთხო? რატომ? მე გითხარით, სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ... რატომ? უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა.

როგორც ხედავთ, არც ამხანაგობის თავმჯდომარეს უნახავს ის დოკუმენტაცია, რომლის  საფუძველზეც დაიწყო მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა მოხდა მას შემდეგ, რაც უკვე გამოთქვეს პროტესტი მშენებლობის შესახებ.

„ამხანაგობის თავმჯდომარემ იმ შეხვედრაზე, რომელზეც საუბრობს, მხოლოდ ხეების დამოკლება მოითხოვა და სხვა არაფერი. თუმცა იმაზე, რომ ამით შესაძლოა საფრთხე არამარტო ჩვენ, არამედ მთელ კორპუსს შეექმნას, არავინ ფიქრობს და არც არავინ დაინტერესებულა,“ - გვითხრა ფარნაოზ სინატაშვილმა.

ფაქტი ერთია და რეალობა მეორე: დოკუმენტაცია, რომელზეც ოფიციალური პირები ამბობენ არსებობსო, დღემდე არავის უნახავს.

საინტერესოა, თუკი ეს საბუთები ყოველგარ წესრიგშია და არანაირ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, რატომ არ ხდება მისი საჯაროდ გამოჩენა?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია